ალბათ, დღევანდელი სტატია სხვაგვარადაც უნდა დაგვეწყო, მაგრამ გარემოებებიდან გამომდინარე დასაწყისი შევცვალე - იყო დიდი სპორტსმენი, არ ნიშნავს იყო ადამიანი. ამის ნათელი მაგალითი დღეს, 2 აგვისტოს, პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ფრანგი „ლეგენდის" ტედი რინერის საქციელი იყო. ფაქტია, რომ მონად (და აქ, კანის ფერი არ იგულისხმება, არიან გარემოებების მონებიც) დაბადებული, რაც არ უნდა ტიტულები აგროვოს, უმეტეს შემთხვევაში სულიერ მონობასა და კომპლექსებს თავს ვერ დააღწევს და ეს დღეს, ფრანგმა ძიუდოისტმა ყველასათვის სამაგალითოდ აჩვენა. პირადად მე, სახლის ეზოში, ჯაჭვით დაბმული ძაღლი გამახსენა, რომელიც შინაურ გარემოში ხმამაღლა ყეფს და შემდეგ, ქუჩაში, სხვა ძაღლების შემხედვარე კუდამოძუებული გარბის. ჰოდა, მას შემდეგ, რაც დიდი ძიუდოდან წავა, ალბათ, ინერციით კიდევ გაივლის ცოტა გზას და მერე, ბევრი იმ არასპორტულ და არაკოლეგიალურ, შეიძლება ითქვას, იმ არაკაცურ საქციელსაც (ტედის თუშიშვილი თავდაპირველად ჯუდოგით ეჭირა, თუმცა, წაქცეულს ყელში ჩაავლო ხელი, ცოტა მუჯლუგუნი ჰკრა და შემდეგ ენა გამოუყო) უფრო გაიხსენებს და წამოაძახებს, რომელიც ამ ბრჭყვიალა მედლებისა და ტიტულების უკან იმალება.
თუმცა, ეს გარემოება (ქართველი ძიუდოისტის „პასუხს", რინერის გამიზნულ და წინასწარ მოფიქრებულ პროვოკაციაზე) არ ამართლებს იმას, რითაც გურამ თუშიშვილმა უპასუხა მეტოქეს. იყო თუ არა ასეთი დასასრულის წინაპირობა? თუ რამდენიმე წლის წინანდელი ამბების ქრონოლოგიას გადავხედავთ, რინერმა, გორში გამართული ევროპის საკლუბო ტურნირზე, თუშასთან განცდილი მაცხი იმდენი ხანი აპროტესტა, სანამ ქართველს წაგება არ ჩაუთვალეს. იქ იყო კიდევ ბევრი „გაუგებარი", ფრანგის მხრიდან. ამას გარდა, კაცმა არ იცის (ყოველ შემთხვევაში გასახურებელ დარბაზში მყოფთა გარდა), უშუალოდ, დაპირისპირებამდე ხომ არ დაძაბა მასპინძელმა ვითარება. ისე, არც ისაა ცნობილი, ასე აჟიტირებული რინერი WADA-ს ინტერესის სფეროში მოექცა თუ არა. ფაქტია, რომ რინერმა +100კგ წონით კატეგორიაში პირველი დაპირისპირება საკმაოდ რთულად მოიგო, განსხვავებით ქართველისგან, რომელმაც მეტოქეს 45 წამში ლამაზი გდებით მოუგო.
უკვე რინერთან, 1/4 ფინალური ორთაბრძოლა საკმაოდ დაძაბული გამოდგა და ქართველმა წააგო. ფაქტია ესაა. მას შემდეგ რაც მოხდა, ზევით ვისაუბრეთ, რინერმა „სახლში" საბოლოოდ ოქროს მედალი აიღო, გურამ თუშიშვილი კი, ინდივიდუალური ასპარეზობებიდანაც ჩახსნეს, ამას გარდა ხვალინდელ, გუნდურ ასპარეზობაზე გამოსვლაც აუკრძალეს და IJF-ის სადისციპლინი კომისიის გადაწყვეტილებას თუ დავეყრდნობით, ამ ორგანიზაციის საბოლოო ვერდიქტამდე, ქართველს საერთაშორისო ტურნირებზე ასპარეზობა ეკრძალება.
ალბათ, ქართველ სპორტსმენებთან გამართული იურიდიული ორგანიზაცია, რომ მუშაობდეს, თუშას დაცვა რთული არ იქნებოდა და ამავდროულად, ფრანგის მიმართ, რაიმე სანქციის მოთხოვნაც, მაგრამ ამის გაკეთებას ერთი ადგილი უნდა! თუმცა, მხოლოდ ამ კონკრეტული შემთხვევის გამო არა. ზოგადად, ის რაც, მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ქართული გუნდის მიმართ განხორციელდა, აპრიორში უნდა გაპროტესტებულიყო, შესაბამისი ფორმისა და პროტოკოლის მიხედვით. რაც მეტს დავტოვებთ, კითხვა დაუსმელ თემას, მით მეტად ვიზარალებთ მომავალში!
და რადგან ჯუდოზე ვსაუბრობთ, დღესვე, მძიმეწონოსანი გოგო, სოფო სომხიშვილი გამოდიოდა. +78 კგ წონით კატეგორიაში, ისევ და ისევ, არ მინდა მსაჯებზე ჩაბჟირება გამომივიდეს, მაგრამ არასრულ 2 წუთში სოფოს, ფრანგი რომანე დიკოს წინააღმდეგ სამი შიდო და შესაბამისად „წითელი აუნთეს", მაშინ როცა, უარესი ჭიდაობის ფონზე, თუნდაც ამ ოლიმპიურ თამაშებზე ორთაბრძოლები 10 წუთამდეც კი გაგრძელებულა.
დიდი ალბათობით, გუნდურ ასპარეზობაში (ჩემი მოსაზრებით, ქართულმა გუნდმა უნდა გააპროტესტოს და არ გავიდეს საასპარეზოდ), თუშიშვილს, ილია სულამანიძე ჩაენაცვლება.
გამოყენებულია სპორტის სამინისტროს ფოტოები და სატელევიზიო ეთერის დროს გაკეთებული სქრინები