ქართული გუნდისთვის პარიზის ოლიმპიური თამაშების მეექვსე, ემოციურად საკმაოდ მძიმე დღის, 1 აგვისტოს დასასრული, ძალზედ სასიამოვნო გამოდგა. 24-წლიანი პაუზის შემდეგ, ქართველმა მოკრივემ ოლიმპიურ თამაშებზე გარანტირებული მედალი მოიპოვა და ვლადიმერ ჭანტურიას შემდეგ, გახდა პირველი ქართველი, რომელმაც კრივში ოლიმპიური პრიზიორობა გაინაღდა. ახლა, ლაშა გურულს (63,5 კგ), ისღა დარჩა გასარკვევი საბოლოოდ, რომელი ხარისხის მედალს დაეპატრონება ქართველი.
მანამდე კი, დღეს, 1/4 ფინალში, გურული ყაზახ ბაზარბაი მუჰამედსაბირს დაუპირისპირდა და 3-2 დაამარცხა. ამით, ქართველმა ბრინჯაოს მედალი გაინაღდა. შეგახსენებთ, რომ მანამდე გურულმა, ოლიმპიადის პირველი შეხვედრა აზერბაიჯანელ მალიკ ჰასანოვთან გამართა და 5-0 გაიმარჯვა.
ევროპული თამაშების ვიცე-ჩემპიონი, მსოფლიოს ჩემპიონატის ორი ბრინჯაოსა და ევროპის ჩემპიონატის ორი ვერცხლის მედლის მფლობელია ლაშა გურული, 4 აგვისტოს 1/2 ფინალში, კუბელ ერისლანდი ალვარეს ბორხესს შეხვდება. უკვე იქ წარმატების შემთხვევაში კი, ფინალში ოქროს შეუტევს.
ფოტო: © ხატია ჯიჯეიშვილი