მეექვსე დღე - 11 წამში მოგებული ნახევარფინალი და 8 წამში წაგებული ფინალი
მეექვსე დღე - 11 წამში მოგებული ნახევარფინალი და 8 წამში წაგებული ფინალი
01.08.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

თანამედროვე სპორტში წარმატებას ისევე უნდა სწორად მართვა, როგორც მარცხს. ალბათ, ახლა ძალიან არაპოპულარულ თემას შევეხები, მაგრამ ისევ და ისევ, ჩვენი ქართული ხასიათიდან გამომდინარე, მოგებულის სიხარულიც და წაგებულით გამოწვეული განცდაც, ჩვენ იმდენ ხანს მიგვყვება ხოლმე, რომ ეს ეიფორია, მომდევნო დაპირისპირებაში, აშკარად ხელს გვიშლის. ჩვენ უბრალოდ, არ ვიცით, წაკითხული გვერდის გადაშლა და ახლი თავის კითხვის, ახალი გვერდიდან დაწყება. კიდევ უფრო რომ დავაკონკრეტოთ, დღეს, პარიზში მიმდინარე ოლიმპიური თამაშების მეექვსე საასპარეზო დღეს, ილია სულამანიძემ, 11 წამში მოგებული ნახევარფინალიდან გამოსვლა ვერ მოასწრო და ყველაზე მეტად, ეს ფინალის ბოლო წამებზე აისახა. ბუნებრივია, თუკი, ქართველ სპორტსმენებთან (ნებისმიერ სახეობებში) ფსიქოლოგები (სპორტული მიმართულები, რაც სამწუხაროდ, საქართველოში უბრალოდ არ არსებობს) დაიწყებენ მუშაობას, დიდი ალბათობით, ბევრი რამე სასიკეთოდ შეიცვლება. საქართველოში, ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავიგოთ, რომ ფსიქოლოგი ფსიქიატრი არაა და ყველაზე „ჯიგარი" მწვრთნელიც კი, ბევრ შემთხვევაში ვერ შეცვლის ფსიქოლოგს (თუნდაც, მხოლოდ ისეთ ადამიანს, ვისთანაც უბრალოდ, გულით იჭორავებენ). ლაშა ბექაურის მიერ მოგებული ოქროს შემდეგ, დღეს ილიასგან, იყო უდიდესი მოლოდინი, შესაბამისად, ეს იყო უდიდესი წნეხი, ახალგაზრდა, მართალია ტიტულების მქონე, მაგრამ ოლიმპიური თამაშების დებიუტანტ ძალიან (ჩვენი მოსაზრებით) მაგარ სპორტსმენზე, რომელიც აუცილებლად გახდება მომავალში ოლიმპიური ოქროს მფლობელი.


კიდევ ერთი მომენტი - ბუნებრივია, არ შეიძლება ჯოხი გადატეხო მსაჯებზე (სუპერვაიზერზე), თუნდაც, დღევანდელი ფინალის შემდეგ, როდესაც ქართველს გდება ვაზარად (იყო თუ არა იპონი, დავა შეიძლება) შეუფასეს და პირველივე „წაბორძიკებაზე" შიდოებით ამოავსეს, როცა ზოგჯერ მთელი შეხვედრის მანძილზე ტრადიციად ქცეულ გორაობას არ იმჩნევენ ასე ვთქვათ, „სიმულაციაში" კარგად გაწაფულ სპორტსმენების მხრიდან. ალბათ, ვინც ხშირად ადევნებს ძიუდოს შეჯიბრებს თვალს, ასეთი, ბევრი ჯუდოკა გაახსენდებოდა (არაქართველი - ჩვენებს, ეს არ სჩვევიათ). სხვათა შორის, ძირითად ბადეში, კიდევ ერთმა ქართველმა გიორგი სარდალაშვილმა (-60კგ) საკმაოდ გაუგებარი შიდოები დააგროვა 1/2 ფინალში გადასასვლელ შეხვედრაში სალიჰ ილდიზის წინააღმდეგ წააგო. გიორგიმ, ამის შემდეგ რეპეშაჟის 1/2 ფინალში იბრძოლა, მაგრამ თურქთან ბრძოლას, აშკარად თავის დაღის დასმა მოსწრებული ჰქონდა. ალბათ, ლაშა ბექაურის მსგავსად ხასიათით „რეკოშეტი" (აბსოლუტურად კარგი გაგებით ვიხმარეთ ეს შედარება) უნდა იყო,  1/2 ფინალში ფინელი მსაჯის განსჯილი, პლუს „ყურში ნაკარნახები" გადახარშო, მერე ფინალში გაშვებული ვაზარი ეგრევე გადააგორო, „დაბრუნდე" და მოიგო!


ფაქტია, რომ მსაჯები (სუპერვაიზერები), განსაკუთრებით, ამ ოლიმპიურ თამაშებზე არ გვწყალობენ. თუმცა,  IJF-ის ტურნირებზე უფრო იშვიათად, EJU-ს ეგიდით გამართულზე კი ტრადიციულად, ქართველებს მეტოქესთან ერთად, მსაჯებთან „ბრძოლაც" უწევთ. ალბათ, ასეთ დროს „გატარება", სამომავლოდ, მსგავსი ქმედებების წახალისებაა და ახლა ხელების სავსავს აღარ აქვს აზრი. ამაზე ცოტა უფრო ადრე, ალბათ ქართულ ფედერაციას უნდა ეზრუნა. როგორ? აი, ამის „რეცეპტს" მე ვერ გამოვწერ, უფრო კომპეტენტური „ექიმებიც" არსებობენ. ახლა, ხეზე სამჯერ უნდა დავაკაკუნოთ და ხვალ თუშას და სოფოს, ზეგ კი, შერეულ გუნდს, სამართლიანი მსაჯობა და წარმატება ვუსურვოთ.


ისე, პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე მსაჯების თემა, ოდნავ, ძიუდოს მიღმაც რომ მიმოვიხილოთ, პირველი ინციდენტი არგენტინის საფეხბურთო ნაკრებისთვის, თითქმის 2 საათის შემდეგ გაუქმებული გოლი და წაგებად ჩათვლილი თამაშია. მომდევნო ინციდენტი, ქართველ მოფარიკავეს, სანდრო ბაზაძეს შეეხო - ჩვენმა ფედერაციამ ახლა ამოიცვა რკინის ქალამანი და სამართლის ძებნა დაიწყო... მომდევნო ინციდენტი, თუმცა, ზედიზედ მერამდენიმე, უკვე ჯუდოს და მის ქართველ წარმომადგენლებს ეხება. იმედია, ძიუდოს ქართული ფედერაცია, აღნიშნულ ვითარებაში გარკვევას შეეცდება, რადგან ისევ ვიმეორებთ, ეს არ მომხდარა პირველად და სამწუხაროდ, სისტემურ ხასიათს იღებს. თუ უკვე, არა, მალე ჩვევაში გადავა..  და კიდევ, წინ კიდევ ჭიდაობის სახეობებია, სადაც პატარ-პატარა ნაღმები, აუცილებლად გველოდება.


რაც შეეხება დღევანდელ დღეს და ილია სულამანიძეს - ამ ჯუდოკამ, ჩვენი აზრით მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე, ყველაზე ლამაზად და სწორად იჭიდავა, ბოლო, ფინალური შეხვედრის ბოლო 15 წამის გარდა...


რეალურად, 23 წლის ქართველმა, ფინალამდე ყველას უშანსოდ მოუგო, თუმცა, ფინალშიც, მის მეტოქეს არც არაფერი გაუკეთებია და მიუხედავად ამისა, ილიას ვერცხლი  ერგო.


ილია სულამანიძემ სადებიუტო ოლიმპიადა მეორე წრიდან დაიწყო, თანაც შიდოთი. თუმცა, იტალიელი ჯენარო პირელი შესანიშნავ კონტრილეთზე დაიჭიდა და შეხვედრის დასრულებამდე, 1:54 წუთით ადრე იპონით მოუგო. პარალელურად, ლეგენდარულ ფონსეკასა და იაპონელ აარონ ვულფის წყვილში, ბოლო წამზე მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი იმარჯვებს და სწორედ, ოლიმპიური თამაშების ქართველ დებიუტანტზე გადის. 1/4 ფინალში ქართველმა ტაქტიკურად სწორად იბრძოლა და იაპონელი დაამარცხა.


1/2 ფინალში ილიას მოწინააღმდეგე, შვეიცარიელმა დანიელ აიხი იყო, რომელმაც თავის მხრივ ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკო შერაზადიშვილი დაამარცხა და ჩვენებური რეპეშაჟში გაუშვა, თვითონ კი, ფინალურ ბლოკში, სულამანიძესთან 11 წამში დამარცხდა.


ქართველის მეტოქე, ოლიმპიურ ფინალში მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი აზერბაიჯანელი ზელიმ კოცოევი იყო. სპორტსმენებს შორის ურთიერთშეხვედრებში ანგარიში კი, 2-2 იყო. ილიამ, ვაზარი აიღო, კოცოევმა შიდო, მერე მეორე შიდო... ახლა, ალბათ, ბევრს ვიმსჯელებთ, სად წააგო სულამანიძემ? ახლა, ყველა ნათქვამი ცხელ გულზე იქნება დაფუძნებული. თუმცა, ალბათ, მოვა დრო, როდესაც ბევრად უფრო კომპეტენტური ადამიანები, -100კგ წონით კატეგორიის ოქროს ფინალური შეხვედრის მეორე ნაწილს, მშვიდ გულზე და ცივი გონებით გაანალიზებენ და თუნდაც, მსაჯების მიერ პროვოცირებულ გარემოებაზე, მომავალში, სწორი და გააზრებული მოქმედებების მისაღებად დასკვნებს გააკეთებენ.


დღეს კი, უნდა ვაღიაროთ, რომ კოცოევს, ოლიმპიური ოქროს მედალი ჩვენ ვაჩუქეთ, საკუთარი ხელით. თუმცა, ილიასათვის ეს კარგი გაკვეთილი იქნება, რომელსაც გვჯერა, რომ ტრადიციულად, საკმაოდ გაწონასწორებული ქართველი ტალანტი ჯუდოკა, სწორი მიმართულებით განავითარებს.



ფოტოები: (c) IJF და ხატია ჯიჯეიშვილი