
„წარმომიდგენია საქართველოში რა ხდება. იმედია, რომ ბედნიერები ხართ და იმედია ამაყები, რომ ამ ქვეყნის შვილები ვართ", - ეს არის ფრაგმენტი პირველი კომენტარიდან, უკვე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონისა, რომელიც ლაშა ბექაურმა პარიზის ტატამიდან ჩამოსვლისთანავე გააკეთა.
ერთი საინტერესო დეტალი, მაშინ, როდესაც ლაშა ბექაურმა ასპარეზობა დაიწყო ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადის მედალოსნებიდან, პარიზულ ტატამზე, ასპარეზობას მხოლოდ ლაშა ბექაური იყო შემორენილი. ედუარდ ტრიპელი (გერმანელი), დავლათ ბობონოვი (უზბეკეთი) და კრისტიან ტოტი (უნგრელი) 2024 წლის თამაშების ოქროსთვის ბრძოლას პირველივე წრიდან გამოეთიშნენ.
ლაშა ბექაურმა კი, რომელიც -90კგ წონით კატეგორიაში განთესილი იყო, ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო და ბულგარელი ივაიოლო ივანოვი შეხვედრის სტარტიდან მალევე აღებული ვაზარის წყალობით დაამარცხა.
მეორე წრის შემდეგ, ლაშას ჩამოსცილდნენ ნემანია მაიდოვი (სერბეთი) და ელჯან ჰაჯიევი (ზერბაიჯანი). ლაშამ კი ასპარეზობა გააგრძელა და ამჯერად, ბადის მოსაგებ, 1/4 ფინალურ შეხვედრაში სამხრეთ კორეელი ჰანი იპონით დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.
1/2 ფინალში ლაშა ბექაურის მეტოქე ესპანეთის სახელით მოასპარეზე ტატო მოსახლიშვილი იყო. სხვადასხვა დროშის ქვეშ მებრძოლი ორი ქართველის დაპირისპირება, საკმაოდ დაძაბულიც იყო და თანაც, ჩვენი მოსაზრებით საკმაოდ ტენდენციური მსაჯობის ფონზე მიმდინარეობდა. ბუნებრივია, ეს ჩვენი მოსაზრებაა და ამიტომ, შეთქმულების თეორიების არსებობიდან, უბრალოდ თავს შევიკავებ და ვიტყვი რომ, ლაშამ, რომელსაც მოსახლიშვილის მსგავსად ორი შიდო ჰქონდა, საბოლოდ დამატებით დროში, ჰანსოკუ-მაკეთი მოიგო და ფინალში გავიდა.
ფინალში, ლაშა ბექაურის მეტოქე იაპონელი სანშირო მურაო იყო. გამომდინარე იქიდან რომ ლაშას, იაპონელთან წინა სამი დაპირისპირება მოგებული ჰქონდა, წყვილში ფავორიტადაც ქართველი ითვლებოდა, თუმცა, ოლიმპიური ფინალი, ოლიმპიური ფინალია და შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა. პირველი ვაზარი იაპონელმა აიღო. ლაშას, „დაბრუნება" მოუხდა და ეს ქართველმა, აქტიურობის ხარჯზე მალევე მოახერხა. ბექაურმა ყურადღება არც ანგარიშს გათანაბრების შემდეგ მოადუნა და შეხვედრის დასრულებამდე 4 წამით ადრე, ოლიმპიური ჩემპიონობის მომტანი ვაზარიც მიპოვა.
24 წლის ქართველმა ჯუდოკამ, რომელსაც ისიც კი ამოუვარდა თავიდან, რომ 24 წლის რამდენიმე დღის წინ გახდა, მოახერხა ტოკიოში 2020-ში აღებული ოქროს მედლისა და ტიტული დაცვა და პირველი ქართველი ჯუდოკა გახდა, რომელსაც ოლიმპიური თამაშები ორჯერ და თანაც ზედიზედ აქვს მოგებული, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.
რამდენიმე თვის წინ, თბილისში, ძიუდოისტთა ოფიციალური პრეზენტაციის დროს, შერატონ მეტეხი პალასში, ლაშამ თქვა, რომ პარიზში ისე იასპარეზებდა, რომ მას თბილისის აეროპორტში ბევრი ხალხი დაჰხვედროდა. ბექაურმა, როგორც „მთის შვილმა" სიტყვა არ გატეხა. ახლა, საქართველო და თბილისის, მის დაბრუნებას ელოდება. თუმცა, მანამდე, ძიუდოისტთა ტურნირზე ქართველები კიდევ სამ წონაში და შემდეგ პირველად შერეულ გუნდურ პირველობაზე სცდიან ძალებს.
ფოტო: © IJF - International Judo Federation /Sabau Gabriela, თამუნა ყულუმბეგაშვილი, ლაშა კუპრაშვილი, ხატია ჯიჯეიშვილი