საფრანგეთში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე, დღეს ქართულმა გუნდმა პირველი მედალი მოიგო. მართალია, ქართული დელეგაცია, კონკრეტული სპორტსმენისთვის უმაღლესი სინჯის მედალს გეგმავდა და წინასაოლიმპიადო პერიოდში ყველა პირობა იყო, რომ ასე გეფიქრა, ტატო გრიგალაშვილი მხოლოდ, ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
-81 კგ წონით კატეგორიაში, დღეს საკმაოდ ბევრი უცნაურობა მოხდა. მაგალითად, საერთოდ მედლის გარეშე დარჩა მატიას კასე. მისი გამამწარებელი, იაპონელი ტაკანორი ნაგასე კი, ზედიზედ მეორე ოლიმპიური თამაშების კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა. თან ისე, რომ ფინალში, სწორედ ჩვენს ტატო გრიგალაშვილს მოუგო.
სხვათა შორის, ტატო, რომელიც ბოლო ტურნირები საკმაოდ შეცვლილი, დადინჯებული ასპარეზობდა, დღეს, ზედმეტად მშვიდი და ძალაგამოცლილი გამოიყურებოდა. კულუარული ინფორმაციით, გრიგალაშვილი პარიზში ზედმეტი კილოგრამებით ჩავიდა და კონკრეტულ წონით კატეგორიაში საასპარეზოდ მას, წონის დაგდება საფრანგეთში ჩასვლის შემდეგ მოუხდა... ალბათ, ამ კონკრეტულ საკითხს, თუკი ეს სიმართლეა, სამომავლოდ, აუცილებლად სამწვრთნელო შტაბისაგან და თავად სპორტსმენისგან სწორი ანალიზი და დასკვნების გამოტანა სჭირდება. თორემ, ტატო რომ აუცილებლად მოიგებს სამომავლოდ ოლიმპიადას, ამაში, უპირველესად მე, ამ სტატიის ავტორს არ მეპარება ეჭვი.
დიახ, დღეს ტატოს, მისთვის სახასიათო გრიგალივით არ უქროლია ტატამზე, თუმცა, სტაბილურად მოახერხა ყველა შეხვედრა მოგებით დაესრულებინა - დაიწყო 1/16 ფინალიდან, სადაც ჰანსუკო მაკეთი, დამატებით დროში დაამარცხა მოლდოველი მიჰაილ ლატიშევი. შემდეგ უკვე, ავსტრიის სახელით მოასპარეზე ვაჰიდ ბორჩაშვილს მოიგო ვაზარით. ამის შემდეგ, 1/4 ფინალში ტაჯიკი სომონ მაჰმადბეკოვი დაამარცხა ვაზარით და 1/2 ფინალში გავიდა, სადაც სამხრეთ კორეელი ჯონჰვან ლიი ჩამოიშორა ოქროს მედლისკენ მიმავალი გზიდან. ამ ორთაბრძოლას ქართველმა თითქმის 10 წუთი მოანდომა და შესაძლოა, ძალების აღდგენა ბოლომდე ვერ მოასწრო. მითუმეტეს, რომ მისი და ნაგასეს ფინალამდე ყველა დაპირისპირება საკმაოდ მალე დასრულდა.
ასეა თუ ისე, ფინალური დაპირსპირებაც ტატომ იმავე სტილში დაიწყო, როგორც მთელი დღე ასპარეზობდა. თუმცა, სიფრთხილის მიუხედავად ჯერ ვაზარი გამოეპარა, შემდეგ კი, იპონით დამარცხდა და მხოლოდ, ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა, თუმცა, ევროპისა და მსოფლიოს სამ-სამ გზის და ჯერ კიდევ მხოლოდ, 24 წლის ჩემპიონისა და უკვე ოლიმპიური ვიცე-ჩემპიონისთვის, კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ ოლიმპიური ოქრო ჯერ ისევ წინაა.
სხვათა შორის, ბრინჯაოს ორი ფინალი იმ ჯუდოკებმა მოიგეს, რომლებიც გზიდან ტატომ ჩამოიშორა. ტაჯიკმა რეპეშაჟიდან დაიწყო, კორეელმა კი 1/2 ფინალში მარცხის შემდეგ მოახერხა კონცენტრირება და ვერცხლის მედლის მოგება.
კვლავ მინდა დავაფიქსირო, ჩემი, ამ სტატიის პირადი სიმპათია კონკრეტულად ტატოს მიმართ.
დღესვე, სადებიუტო ოლიმპიური ორთაბრძოლა ჰქონდა -63 კგ წონით კატეგორიაში ეთერ ასკილაშვილს. ქართველი პირველივე წრეში და თანაც საკმაოდ მალე დამარცხდა, თუმცა, დამარცხდა სლოვენიელ ანდრეია ლესკისთან, რომელიც მოგვიანებით, პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული გახდა აღნიშნულ წონაში.
ფოტო: IJF- თამუნა ყულუმბეგაშვილი / სეოკ-ი