ფრანგი მთამსვლელი K2-ზე რეკორდულ დროში ავიდა
ფრანგი მთამსვლელი K2-ზე რეკორდულ დროში ავიდა
30.07.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ფრანგი მთამსვლელი ბენჟამენ ვედრაინსმა, მსოფლიოს ერთ-ერთი ცნობილი რვაათასიანი, 8611 მეტრი სიმაღლის K2-ზე ასვლა რეკორდულ დროში მოახერხა. მსოფლიოს მეორე სიმაღლის მწვერვალზე, 32 წლის მთამსვლელი 11 საათში ავიდა. ამასთან, მწვერვალზე ასვლისას მთამსვლელს არ გამოუყენებია ჟანგბადის ბალონი. ინფორმაციას ასვლის შესახებ, AFP ავრცელებს.

როგორც ასვლის ჩანაწერიდან ხდება ცნობილი, მთამსვლელმა K2 საბაზო ბანაკი შაბათს შუაღამით დატოვა და მწვერვალზე 10 საათის, 59 წუთისა და 59 წამის შემდეგ იყო. საინტერესოა ის გარემოებაც, რომ ბენჟამენს, 2022 წელს ჰქონდა მწვერვალზე ასვლის მცდელობა. თუმცა, მას სიმაღლეზე, ჰიპოქსია განუვითარდა და იძულებული გახდა ასვლა შეეწყვიტა და დაბრუნებულიყო.


„ეს, ჩემი რევანში იყო მთაზე. თუმცა, ყველაზე მეტად მინდოდა, რომ ეს შერიგებით მომზადებულიყო. ეს იყო სიმბოლური, რადგან მე ჩემს ნაკვალევს დავუბრუნდი და საკმაოდ საინტერესო თავგადასავალს დავუბრუნდი, თუმცა, ამჯერად, საღ გონებაზე მყოფი", - ამბობს მთამსვლელი, ხმოვან შეტყობინებაში, რომელიც მან ზემოთხსენებულ სააგენტოს გამოუგზავნა.


მაშინ როდესაც ფრანგი მწვერვალზე ასვლას ცდილობდა, მთაზე, ორი იაპონელი მთამსვლელის სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობდა. სამაშველო ვერტმფრენებმა დაკარგულების კვალს მიაგნეს, თუმცა, ჰაერიდან დათვალიერებისას მათ სიცოცხლის კვალი არ ემჩნეოდათ.


თვის დასაწყისში, როგორც სააგენტო იტყობინება, უამინდობის გამო, როგორც სპორტული, ისე კომერციული ასვლები გააუქმეს. თუმცა, ვედრაინსმა მრავალჯერადი მცდელობის შემდეგ, დაახლოებით მე-3 ბანაკის სიმაღლიდან, პარაპლანით ფრენა და საბაზო ბანაკში დაბრუნებაც კი მოახერხა.


მოგეხსენებათ, რომ K2 238 მეტრით დაბალია ვიდრე, ევერესტი, თუმცა, მწვერვალისკენ მიმავალი მარშრუტები ბევრად უფრო ტექნიკური და რთულად გასავლელია.


ვედრაინსი ერთ-ერთი გამორჩეული ფრანგი მთამსვლელია, რომელმაც 2022 წელს მოახერხა ბროუდ-პიკზე რეკორდულ დროში ასვლა და შემდეგ იქიდან პარაპლანით დაეშვა.



ფოტო: @ Benjamin Védrines