ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენი" ახალი სეზონისთვის მზადებას განაგრძობს. „მწვანეებმა" ვილიარეალის წინააღმდეგ ამხანაგური მატჩი გამართეს. ზუკა მატჩში მეორე ტაიმიდან ჩაერთო, მაშინ, როცა ფრანგული კლუბი ესპანურთან 0-1 მარცხდებოდა. მოედანზე შემოსვლიდან ზუსტად 10 წუთში, ქართველმა ფეხბურთელმა ულამაზესი, სადებიუტო გოლი გაიტანა ახალი გუნდის სასარგებლოდ და ანგარიში გაათანაბრა. 61-ე წუთზე დავითაშვილმა ოტმანს გაატანინა, მატჩის კომპენსირებულ დროში კი, დუბლი გაიფორმა და „სენტ-ეტიენს" 3-1 მოაგებინა.
ამხანაგური მატჩი გამართა კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელის გუნდმა - ბუდუ ზივზივაძის „კარლსრუე", „სტრასბურგს" დაუპირისპირდა. ბუდუმ ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და 77 წუთი ითამაშა. მე-40 წუთზე ქართველმა ფორვარდმა ეფექტური გოლი გაიტანა და ანგარიში 3-0, კარლსრუეს სასარგებლოდ გახადა. საბოლოოდ კი გერმანულმა კლუბმა 4-0 იმარჯვა.
პირველი ამხანაგური შეხვედრა გამართა ხვიჩა კვარაცხელიამაც, რომელმაც ნაკრებში, თანაგუნდელების მსგავსად, ევრო 2024-ის შემდეგ, კლუბში დაბრუნება გოლით აღნიშნა. „ნაპოლისა" და ალბანური „ეგნატიას" დაპირისპირება ნეაპოლელებმა 4-0 გაიმარჯვეს. „კვარამ" კი, ამ მატჩში პირველი გოლი გაიტანა და 22-ე წუთზე გახსნა ანგარიში.
მერვე გოლი გაიტანა სამხრეთ კორეას ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ბაჩანა არაბულმა და ახლა, „გიონგნამის" საუკეთესო ბომბარდირია, ხოლო K ლიგა 2-ის ბომბარდირთა დავაში მეხუთე ადგილზეა. ქართველმა, „გიონგნამს" საშინაო შეხვედრაში უშუალო კონკურენტ „ჩეონან სიტისთან" 3-3 ითამაშა, არაბულმა კი მინდორზე 90 წუთი დაჰყო. არაბულის გუნდი 23 ტურის შემდეგ სამხრეთ კორეას K ლიგა 2-ში მე-11 ადგილზეა.