საქართველოს 18-წლამდე ნაკრები ავსტრიასთან 71-88 დამარცხდა
საქართველოს 18-წლამდე ნაკრები ავსტრიასთან 71-88 დამარცხდა
27.07.2024
ავტორი: კალათბურთის ფედერაცია

საქართველოს 18 წლამდე ვაჟთა ნაკრებმა ევროპირველობის B დივიზიონში პირველი მარცხი განიცადა. სადებიუტო მატჩში დიდი ბრიტანეთის ძლევის შემდეგ ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ავსტრიასთან წააგო. შეხვედრა დასავლეთევროპელთა ლიდერობით დაიწყო და ასევე დასრულდა. ავსტრიელებმა ისე იმარჯვეს,  სერიოზული პრობლემები არ შეჰქმნიათ  88-71 (სტატისტიკა).


პირველი პერიოდი ავსტრიელებმა 21-13 მოიგეს, თუმცა ტემპი არც მეორეში დააგდეს და დიდი შესვენებისთვის უკვე 13 ქულით ლიდერობდნენ. საერთოდ, ავსტრიამ ოთხივე პერიოდი მოიგო, რაც მათ დომინაციაზე მიუთითებს. მეტოქე განსაკუთრებით კარგად პერიმეტრიდან ირჯებოდა და მთლიანობაში 13 სამქულიანი ჩააგდო.


საქართველოს ნაკრებში საუკეთესო წინა მატჩის მსგავსად ათუკა ბახტაძე გახლდათ, რომელმაც 21 ქულა მოაგროვა. 16 ქულა და 9 მოხსნა ალექსანდრე დაუშვილის ანგარიშზეა. კვლავ ორმაგი დუბლი მიითვალა ამირან აროშიძემ - 11 ქულა, 12 მოხსნა.


სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრებმა ჯგუფიდან გასვლა სათუო გაიხადა და ახლა მომავალ მატჩებში საუკეთესო 2 გუნდში მოსახვედრად ბრძოლა მოუწევს. ჩვენი გუნდი ხვალ და ზეგ ისვენებს, ხოლო 30 ივლისს ჯგუფის ერთ-ერთ ფავორიტ ნორვეგიას შეხვდება.