პირველი დღე მედლების გარეშე დასრულდა
პირველი დღე მედლების გარეშე დასრულდა
27.07.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

პარიზში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე, დღეს, მედლების პირველი კომპლექტები გათამაშდა და ქართველებიდან მხოლოდ, საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ქართველმა, ჯუდოკა, ლუკა მხეიძემ მოახერხა მედლის აღება. -60 კგ წონით კატეგორიაში, ქართველმა „მამლუქმა", ყაზახი იოლდაშ სმეტოვთან საკმაოდ დრამატულ ბრძოლაში დამარცხდა, თუმცა, ზედიზედ მეორე ოლიმპიადაზე მეორე მედალი მოიგო, ამჯერად ვერცხლი და სინჯი გააუმჯობესა.

რაც შეეხება ქართულ გუნდს, ჩვენები ოფიციალურად არ ლაპარაკობდნენ, თუმცა, დღეს ორი მედლის, თანაც უმაღლესი ხარისხის მოპოვების იმედი ჰქონდათ. აქედან ერთი ძიუდოში.


ძიუდოში, -60 კგ წონით კატეგორიაში, მსოფლიოს მოქმედი და ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი, გიორგი სარდალაშვილი ასპარეზობდა. ქართველმა, 1/2 ფინალში გადასასვლელი დაპირისპირება საკმაოდ მსაჯების საკმაოდ საკამათო გადაწყვეტილებების შემდეგ წააგო. თუმცა, ამ გადაწყვეტილების შემდეგ, ახალგაზრდა და ოლიმპიური თამაშების გამოცდილების არ მქონეს სპორტსმენი, დიდი ალბათობით, უფრო ნერვებს აჰყვა. დაახლოებით, იგივე დაემართა სარდალაშვილს, უკვე ბრინჯაოს ფინალში ასპარეზობისას გამოცდილ ესპანელ გარიგოსთან, რომელმა ქართველს უფრო გამოცდილებით აჯობა, ვიდრე ოსტატობით.


კიდევ ერთი მედლის მოლოდინი ქართულ გუნდს, ფარიკაობის ასპარეზობიდან ჰქონდათ. აქ, სანდრო ბაზაძემ კარგად დაიწყო და 1/16 ფინალიც  მარტივად მოუგო მექსიკელ ზეას, 15-6. თუმცა, უკვე მომდევნო დაპირისპირება, ეგვიპტელი მოჰამედ ამერის წინააღმდეგ საკმაოდ დაძაბული გამოდგა. ბოლო ქულამდე, რომელიც მსაჯების გადაწყვეტილებით ეგვიპტელს მიანიჭეს, როდესაც ბაზაძე უკვე მომდევნო ეტაპზე გასვლას ზეიმობდა, ანგარიში 14-14 იყო. შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს ფარიკაობის ფედერაციამ, მსაჯების გადაწყვეტილება გაასაჩივრა და ამის შესახებ, სოციალურ ქსელშიც განაცხადა: „საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის, რომ პარიზის ოლიმპიადაზე სანდრო ბაზაძე, სავარაუდოდ, მსაჯების მხრიდან დაიჩაგრა. აღნიშნულს იზიარებს როგორც ფედერაცია, ასევე ფარიკაობაში გათვითცნობიერებული ნებისმიერი პირი და გვინდა აღვნიშნოთ, რომ არამხოლოდ გადამწყვეტი ქულა, არამედ სანდროს მიერ  მიყენებული 5 დარტყმაც მოწინააღმდეგეს ჩაეთვალა. შესაბამისად, ფედერაციამ მოამზადა საჩივრის წერილი, რომელიც ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის მსაჯთა კომისიის პრეზიდენტს გადაეგზავნა.


წერილში აღნიშნულია ყველა გარემოება, რომლის მიხედვითაც სანდრო ბაზაძის მიმართ, სავარაუდო უსამართლობას ჰქონდა ადგილი", - აღნიშნულია ფედერაციის განცხადებაში. ამ ეტაპზე უცნობია მიიღო საორგანიზაციო კომიტეტმა საჩივარი თუ არა ან რა დასკვნა გამოიტანა, თუმცა, ის ფაქტია, რომ ეგვიპტელმა ასპარეზობა გააგრძელა და მოდევნო ეტაპზევე დამარცხდა იტალიელთან.


ქართული გუნდიდან დღეს რეკორდსმენი ოლიმპიელი ქართველი ქალი და ახალბედა  სპორტსმენი მონაწილეობდნენ. ამ ასაკობრივ კონტრასტში, დღეს, არც ერთს გაუმართლა, თუმცა, ერთმა ისტორიის წერა დაიწყო, მეორემ კი, მორიგი ფურცელი გადაშალა.


ცურვაში, 100 მ. ბატერფლაიში, დღეს,  15 წლის ანა ნიჟარაძემ იასპარეზა. ახალგაზრდა ქართველმა აღნიშნული დისციპლინის საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო ასპარეზობა და ოთხიდან, პირველ გაცურვაში იასპარეზა, სადაც დისტანცია 1:02.85-ში დაფარა და მე-5 პოზიცია დაიკავა.  საბოლოოდ, ქართველი, 6.35-ით ჩამორჩა პირველ ადგილზე გასულ ჩინელ იუფი ზჟანგს და 32 მონაწილეს შორის 28-ე ადგილით დაასრულა ასპარეზობა. კვალიფიკაცია და მედლებისთვის ბრძოლა კი, 16 სპორტსმენმა (ორი მონაწილე სარეზერვო სიაში აღმოჩნდა) გააგრძელა. აღნიშნულ დისციპლინაში, პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებამდე, მსოფლიო რეკორდი (55.18) ამერიკელ კრეჩენ ვოლშს ეკუთვნის, რომელი 2024 წლის 15 ივნისს დაამყარა. საკვალიფიკაციო ასპარეზობის შემდეგ ვოლში ფინალურ ეტაპზე იასპარეზებს და შედეგის, მინიმუმ გამეორების შანსი აქვს. ოლიმპიური რეკორდი კი, 2016 წლის რიოს ოლიმპიური თამაშების შემდეგ აღარ შეცვლილა, ასე, რომ ყველა სიახლის მოლოდინშია.


საბოლოო შედეგი იხილეთ ბმულზე, რომელიც ავტომატურ რეჟიმში განახლებადია.


რიგით მე-10 ოლიმპიადაზე დაიწყო ასპარეზობა ქართული და თამამად შეიძლება ითქვას, მსოფლიო სპორის ლეგენდამ ნინო სალუქვაძემ. ქართველმა მსროლელმა ქალმა დღეს, დაგეგმილი დისციპლინებიდან პირველში, 10მ პნევმატური პისტოლეტით სროლაში იასპარეზა. ნინომ საკვალიფიკაციო ტურნირზე ჯამში 562 ქულა დააგროვა და 45 მონაწილეს შორის 38-ე ადგილი დაიკავა. მედლებისთვის ბრძოლა კი, 8 საუკეთესო შედეგის მქონე ათლეტმა გააგრძელა.




ხვალ, თამაშების მორიგი დღეა. ქართული გუნდი, კვლავ ოთხ სახეობაში შეეცდება მედლების მოგებას.



ფოტო: ©Gabi Juan და საქართველოს სპორტის სამინისტროს ფოტოები