პარიზში ოლიმპიური თამაშები არატრადიციულად და ოფიციალურად გაიხსნა
პარიზში ოლიმპიური თამაშები არატრადიციულად და ოფიციალურად გაიხსნა
27.07.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

გემოვნებაზე, რომ არ დაობენ, ამაზე კიდევ ერთხელ, ბრიტანული ციფრული გამოცემის LAD bible-ის მიერ გამოქვეყნებული სტატიების ქვეშ კომენტარების რაოდენობაა, თუმცა, ერთ კურიოზულ დეტალზე, რაღა დაგიმალოთ და სიცილი ვერც მე შევიკავე. პირველი კი, ეს დეტალი სოციალური ქსელის ერთ-ერთმა მომხმარებელმა შეამჩნია, რომელმაც პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიის პირდაპირი რეპორტაჟის დროს, ცოცხალ-კომენტარებში გააკეთა მინაწერი, "Bro the Olympic Flag is upside down",  რაც თარგმანში ნიშნავს, ოლიმპიური დროშა თავდაყირაა. სულ მალე, აღნიშნული თემის გარშემო, კონკრეტულ სოციალურ ქსელში პოლემიკაც გაჩაღდა. ინფორმაციისთვის, ოლიმპიური რგოლები, გემახსოვრებათ რომ ხუთი, აქედან ორი ქვედა რგოლია, სამი კი ზედა. პარიზის ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორებს კი, ეს დეტალი გაეპარათ და დროშა, მართლა უკუღმა დაკიდეს. ალბათ, ყურადღებიანი მაყურებელი შეამჩნევდა, რომ ამის შემდეგ, დროში კადრი, საკმაოდ შორი კამერით იყო ნაჩვენები, რითაც რეალურად, ჩვენს მიერ ნახსენები დეტალი არ ჩანდა - გამოსავალი, ასე იპოვნეს...

ზემოთხსენებული გამოცემის სტატია, ოლიმპიური თამაშების გახსნისადმი, მთლიანად ნეგატიურად არის გაჟღენთილი, თუმცა, ჩვენ და კონკრეტულად, ამ სტატიის ავტორის ე.წ. სოციალური ბაბლის 98%-მა ლაივ-რეჟიმში აღიარა, რომ ოლიმპიური თამაშების მსგავსი ეფექტური გახსნის ცერემონია არ ახსენდებათ.


დიახ, შესაძლოა ცოტა დამღლელი იყო ვიღაცისთვის სენაში მოცურავე ნავებზე (გემებსა და კატერებზე - საერთო ჯამში 100-მდე მცურავი საშუალება იყო ჩართული სენაზე მიმდინარე აღლუმში) განთავსებული ოლიმპიელები, თან თავსხმა წვიმაში, თუმცა, ის რაც ამ მდინარის სანაპიროებზე ხდებოდა, იმდენად დახვეწილი, გემოვნებიანი და შთამბეჭდავი იყო, რომ მეეჭვება წვიმას პარიზის, რიგით 33-ე ოლიმპიური თამაშების მონაწილეები შეეწუხებინა.


„მსოფლიოში, რომელიც გაყოფილია ომებითა და კონფლიქტებით, მისასალმებელია ის სოლიდარობა, რომელმაც ჩვენ დღეს ღამით გაგვაერთიანა. გააერთიანა ათლეტები 206 ოლიმპიური კომიტეტის ტერიტორიიდან და ლტოლვითა გუნდის სახით. მივესალმებით ათლეტებს მსოფლიოდან. მოგესალმებით ოლიმპიელებო", - ასე მიმართა თომას ბახმა, სოკ-ის პრეზიდენტმა პარიზში, თამაშების გახსნაზე შეკრებილ ათლეტებსა და გულშემატკივარს, რომელთა საერთო რიცხვი, 500 000-ს აღწევდა, ცერემონიის მთელს გაყოლებაზე.


ბუნებრივია, მათ შორის იყვნენ ქართველი ათლეტები, სხვა დელეგაციებივით მრავალრიცხოვანი არა, თუმცა, არანაკლებ ხმაურიანები და ხალისიანები. ჩვენი ქვეყნის 28 სპორტსმენი და დელეგაციის სხვა წევრები, რომლებსაც მედროშეებად, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე და სამგზის ოლიმპიური მედალოსანი ნინო სალუქვაძე. სხვათა შორის, სოკ-ის ოფიციალურ გვერდზე, იმ რეკორდებს შორის, რომელიც პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე უკვე დაემხო, რამდენიმე იყო გამორჩეული და ქართველი მსროლელი ქალი, ნინო სალუქვაძე, თავის მე-10 ოლიმპიადით, ერთ-ერთი მათგანი. ნამდვილად, საამაყოა და ქართველ სპორტსმენთა სიმცირე, განსაკუთრებით, ე.წ. ტრადიციულ სახეობებში კიდევ უფრო დასაფიქრებელი. ალბათ, ამის შესახებ კონკრეტული ფედერაციები კიდევ უფრო დაფიქრდებიან. თუკი, დაფიქრდებიან და ფედერაციები შირმად არ აქვთ მხოლოდ. ისე, დასაფიქრებელი ჩვენი ოლიმპიელების ჩაცმულობაც, აუცილებლად, ოლიმპიური თამაშების დასრულების შემდეგ, რადგან ახლა ამის დრო არაა, საჯარო განხილვისა და პასუხის საკითხი გახდეს. ძალიან მიჭირს ჩემს სათაყვანებელ სპორტსმენთა მიმართებაში ამის თქმა, მაგრამ ასე, „ივანუშკა დურაჩოკის" და „ოლეგ პოპოვის ცირკის" ფორმებში გამოწყობილი ჩემი გუნდის ხილვამ, იმის ფონზე, როგორც სხვა ქვეყნის გუნდები იყვნენ გამოწყობილნი კიდევ უფრო მეტად დამწყვიტა გული. რაღა დაგიმალოთ და ამ „საპარადო" ფორმის მიღმა, ის რაც გუნდს, სოფელში აცვია, პირადად მე ჩრდილო მეზობლის გამონაცვალ, ან საწყობიდან ამოტანილ ფორმას მაგონებს (თეთრზე ლურჯი და წითელი ზოლი და ლურჯზე თეთრი და წითელი). აშკარად, წვიმიან ამინდში და შუაგულ სენაზე მცურავ ნავშიც კი, ჩვენები „ნე პო სეზონუ ი კ მესტუ" ჩანდნენ.


ჰო, ახლა ისევ გახსნის ცერემონიას დავუბრუნდეთ, რომელზეც ფრანგული ხასიათი იგრძნობოდა და დაწყებული ისტორიიდან, გაგრძელებული მეცნიერებითა და თანამედროვეობით დასრულებული, სცენებად იყო გაცოცხლებული. და აქ, არ ჰქონდა მნიშვნელობა ლედი გაგა მღეროდა, თუ სელენ დიონი, აღლუმი, დრო და დრო გემოვნებიან DJ-ს მიჰყავდა თუ, მას საოპერო მომღერლები ენაცვლებოდა.  ეფექტური იყო, დროშის მთავარ სცენაზე შემოტანისა და აღმართვის (მართალია უკუღმა), ასევე ცეცხლის ანთების ცერემონიაც.


ჩირაღდანმა კი, რომელიც საბოლოოდ, ზიზუს ხელიდან რაფა ნადალმა ჩაიბარა და გზა ლუვრისკენ კატერით, არანაკლებ ცნობილ და სახალხო სპორტსმენებთან ერთად განაგრძო,  არანაკლებ საინტერესო პიროვნებების ხელში მოხვდა, რომელთა შორის, 79 წლის José Beyaert იყო, ფრანგი ველო-მრბოლელი, რომელმაც ოლიმპიური ოქრო, 1948 წლის თამაშებზე მოიგო. ოლიმპიური ცეცხლი კი, მარი-ჟოზი პერეკიმ და ტედი რინემა საჰაერო ბურთში დაანთეს. როგორც ამბობენ, ჩირაღდანი, ოლიმპიური თამაშების დღეებში პარიზის ცაზე იტრიალებს


და ბოლოს, კიდევ რამდენიმე საინტერესო დეტალი - ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას ყურადღებას 45000 პოლიციელი ადევნებდა თვალს, ისინი საზეიმო მსვლელობის გასწვრივ, დაახლოებით 6 კმ-ზე მეტ მანძილზე იყვნენ გადანაწილებულნი.


მედია, ბუნებრივია, არაქართული, რომელიც ოლიმპიურ თამაშებზეა აკრედიტებული და მუშაობს იტყობინება, რომ პარიზის ოლიმპიური თამაშები დაახლოებით 120 მილიონი ევრო დაჯდა და ეს ოთხჯერ აღემატება 2012 წელს ლონდონში ჩატარებულ ოლიმპიური თამაშების ხარჯებს. საბოლოოდ, პარიზის ოლიმპიური თამაშების ხარჯები, უხეშად გათვლილი 11 მილიარდ ევრომდე დაჯდება. ისე, კარგი იქნებოდა, ამ თანხაში, ეკოლოგიაზე მზრუნავი ორგანიზატორები, თუკი, ცოტა ჯიბეზე ხელს გაიკრავდნენ და ე.წ ოლიმპიურ სოფელში ისეთ საწოლებს მაინც დაახვედრებდნენ ოლიმპიელებს, რომლებიც თუნდაც ლაშა ტალახაძის და ტედი რინერის წონას გაუძლებდა.

 


სტატიაში გამოყენებულია: სეოკ-ის, Financial Times-ის, Eurosport-ისა და  ATP Tour-ის ფოტოები

რედაქტირებულია 4:11 საათზე