„იბერია 1999“ ხვალ ევროტურნირებზე ასპარეზობას იწყებს
„იბერია 1999“ ხვალ ევროტურნირებზე ასპარეზობას იწყებს
24.07.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ხვალ, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უეფა-ს 2024-25 წლების ევროპის კონფერენს ლიგის გათამაშებაში თბილისის „იბერია 1999" ჩაერთვება. საქართველოს დავით ყიფიანის თასის მოქმედი მფლობელი, კარგად ნაცნობ მოედანზე და ეროვნული ნაკრების წარმატებით შეგულიანებული, ხვალ, მინდორზე მოსაგებად გავა. თუმცა, აღნიშნულ სათასო დაპირისპირებებში, რომ ყველაფერი ორი მატჩის  ბოლოს წყდება, დღეს, ტრადიციულ და პროტოკოლით გათვალისწინებულ მატჩის წინა პრესკონფერენციაზე ორივე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა.


„ვფიქრობ, ჩვენი მეტოქე საკმაოდ კარგად დაბალანსებული გუნდია. საშუალო ასაკი 23 წელი გახლავთ და ახალგაზრდულ გუნდად შეგვიძლია ჩავთვალოთ. კარგი ფეხბურთის მოთამაშე გუნდია, რომელიც სათამაშო სისტემას მატჩებიდან მატჩებამდე და ასევე უშუალოდ თამაშის მსვლელობის დროს ხშირად ცვლის. როგორც ძლიერი, ისე სუსტი მხარე ყველა გუნდს გააჩნია და შევეცდებით, რომ ჩვენი ანალიზი ფეხბურთელებამდე მაქსიმალურად სწორად მივიტანოთ და გადავცეთ ის მონახაზი და დავალებები, რაც გვაქვს", - ეს ლევან კორღალიძის, „იბერია 1999"-ის მთავარი მწვრთნელი შეფასებაა მომავალი მეტოქის, ალბანური „პარტიზანის".


თბილისელთა მთავარი მწვრთნელი თვლის, რომ მიუხედავად იმისა, რომ კლუბი, მხოლოდ ორი კვირაა ჩაიბარა, მისთვის გარემო კარგად ნაცნობია და შესაბამისად, არც მას და არც მოთამაშეებს ადაპტაცია არ გასჭირვებიათ. ლევანთან ერთად, დღეს მედიის წინაშე, გიორგი კოხრეიძე იყო, რომელსაც მიაჩნია, რომ ნაცნობ მწვრთნელთან გატარებული ორი კვირა იბერიელთათვის საკმაოდ ნაყოფიერი იყო.


„ფეხბურთში ჩავარდნები და აღმასვლები ყველა გუნდს აქვს, მაგრამ ჩავარდნა დიდხანს გაგვეწელა. ბევრი პრობლემა შეიქმნა და ამდენი მატჩის წაგება კარგი ნამდვილად არ არის. სხვისკენ ხელს ვერ გავიშვერ და ვფიქრობ, რომ ინდივიდუალურად უნდა ვიგრძნოთ პასუხისმგებლობა, ჩვენ ფეხბურთელებმაც. სტადიონზე გულშემატკივრის მოსვლას ველოდები და წინასწარ, ყველა მათგანს მადლობას ვუხდი, გპირდებით, რომ გავიმარჯვებთ და იმედებს არ გაგიცრუებთ",- ამბობს გიორგი კოხრეიძე.


სხვათა შორის, თანამედროვე ქართული ფეხბურთის გულშემატკივარს ემახსოვრება, რომ „იბერია 1999"-ს ალბანური „პარტიზანი" ერთხელ უკვე დამარცხებული ჰყავს, 2022 წელს, როდესაც ქართულმა გუნდმა თბილისში 0-1 წააგო, საპასუხო შეხვედრა კი იმავე ანგარიშით მოიგო. საბოლოოდ კი, პენალტების სერიაში 4-5 გაიმარჯვა. გამომდინარე იქიდან, რომ ალბანეთში, სტადიონების საფარი, რა დასამალია და ჯერ არ არის იდეალურთან მიახლოებული, არაა გამორიცხული, სტუმარი გუნდის სამწვრთნელო შტაბის სიმშვიდე, მატჩის წინა დღეს, საპასუხო შეხვედრის იმედი და „ჯოკერი" - მინდვრის საფარი იყოს.


„მეორე საკვალიფიკაციო ეტაპამდე მოსასვლელად რთული გზა გავიარეთ და ორი მატჩი ვითამაშეთ. აქ მაქსიმალურად წარმატებული შედეგის დასაფიქსირებლად ჩამოვედით, მაგრამ არ მივიჩნევთ, რომ ფავორიტები ვართ. ორი წლის წინ „პარტიზანმა", „იბერია 1999"- თან უკვე ითამაშა. მე ვიყავი „ტირანას" მთავარი მწვრთნელის რანგში, „დინამო ბათუმთან" მატჩების დროს. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, ქართულ ფეხბურთს კარგად ვიცნობ. საქართველოს ნაკრების წარმატებულმა ევროპის ჩემპიონატმაც კიდევ უფრო მეტი რამ გვასწავლა და მთლიანად, მეტოქესთან სათამაშოდ, მაქსიმალურად მომზადებულები ვართ. რაც შეეხება ხვალინდელ შეხვედრას, ჯერ არ ვიცი, რა შემადგენლობით და ტაქტიკით ვითამაშებ, ამას დღევანდელი ვარჯიშის ანალიზის შემდეგ გადავწყვეტ", - ორგეს შეიმი, „პარტიზანის" მთავარი მწვრთნელი.


კიდევ რამდენიმე გარემოება რაც შესაძლოა მეტოქის წისქვილზე ასხამდეს წყალს, „პარტიზანს", რეალურად, ევროტურნირები უკვე დაწყებული აქვს. შესაბამისად, ისინი ტონუსში არიან. თუმცა, ქართველთ მწვრთნელი მიიჩნევს, რომ ამის საპასუხოდ, „იბერია 1999"-ს საკმაოდ კარგი მოსამზადებელი სპარინგები აქვს ჩატარებული. განსხვავებით, ალბანური კლუბის კოლეგისგან, ევროტურნირებზე გუნდის ხელმძრვანელობის გამოცდილება, კორღალიძეს არ აქვს, თუმცა, შეგახსენებთ, რომ თუნდაც თბილისის „ლოკომოტივის" წარმატებული გამოსვლის პირველი აგურები, რამდენიმე წლის წინ, სწორედ, კორღალიძემ ჩადო.


„როგორც მწვრთნელს, ევროპულ ტურნირებზე დებიუტი მაქვს. როგორც ფეხბურთელს აქამდე ამ მხრივ დიდი გამოცდილება მაქვს. ვიცი, რომ ეს მხოლოდ კონკრეტულ გუნდს არ ეხება, არამედ მთლიანად საქართველოს წარმოვადგენთ და მსურს რაც შეიძლება კარგი შედეგი დავაფიქსიროთ", - ამბობს კორღალიძე.


ხვალ, თბილისში, მიხეილ მესხის ცენტრალურ სტადიონზე, თბილისის „იბერია 1999"-სა და „პარტიზანის" დაპირისპირების ორმატჩიანი რაუნდის პირველი შეხვედრა, 20:00 საათზე დაიწყება.