ტრადიციული ტურნირის ახალი სიცოცხლე - რა იგეგმება „დარასელიას ტურნირის“ გარშემო
ტრადიციული ტურნირის ახალი სიცოცხლე - რა იგეგმება „დარასელიას ტურნირის“ გარშემო
22.07.2024
ავტორი: TSFF.Ge

მომდევნო სამი წლის მანძილზე, ტრადიციული ასაკობრივი საფეხბურთო ტურნირი, „ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირი", განსხვავებულად და ახალ პარტნიორთან ერთად, განსხვავებული ფორმატით ჩატარდება. ამის შესახებ დღეს, საფეხბურთო კლუბის სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია.

„ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირის ორგანიზატორი Sports Orient  გახდა. „დინამო თბილისთან" მიღწეული გრძელვადიანი შეთანხმების საფუძველზე, საერთაშორისო ტურნირის საორგანიზაციო, სასპონსორო და მედია უფლებებს მომდევნო 3 წლის განმავლობაში სწორედ, Sports Orient განკარგავს" - ნათქვამია კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


პარალელურად, მთელმა რიგმა მედია საშუალებებმა, აღნიშნული ინფორმაცია, „თარგმნა", როგორც ტიტულოვანი ქართული კლუბისთვის, აღნიშნული ტურნირის „ჩამორთმევა". შესაბამისად, ჩვენ შევეცადეთ, „დინამო თბილისს" დავკავშირებოდით და ცოტა მეტი გაგვერკვია, თუ რა ხდება რეალურად.


TSFF.Ge-სთვის ცნობილი ხდება, რომ ამ ცვლილებების მიუხედავად, „დინამო თბილისი" ტურნირის ორგანიზატორებში (რაზეც ჩვენს მიერ ხსენებული „რიგი მედია" აპელირებდა) მაინც რჩება და მას, სრულად ევალება ტურნირის სპორტული მხარე. ახლა, შევეცდები ავხსნა, თუ რას გულისხმობს ეს მცირე, თუმცა მნიშვნელოვანი დეტალი - ეს არის შეჯიბრის დებულება, ფორმატი და შინაარსი.


მაშინ საინტერესოა რის გაკეთება უწევს ახალ პარტნიორს - ეს არის გუნდების მოწვევა, მათი განთავსება საქართველოში, ტრანსფერები (ტრანსპორტით გადაადგილება), მოედნების არენდა, მსაჯების დაქირავება. და აქაც გვაქვს ერთ შინაარსი - მაგალითად, წელს პირველად და ორგანიზატორთა ორივე მხარესთან საუბრის შემდეგ დავადგინეთ, რომ „ვიტალი დარასელიას სახელობის თასს, წელს, 2024 წელს აუცილებლად ეყოლება ახალი გამარჯვებული, თამაშების გარდა, სხვა, საკმაოდ საინტერესო აქტივობით იქნება დატვირთული. კონკრეტულად კი, მონაწილე გუნდებს, გულშემატკივრებს, მედიის წარმომადგენლებსა თუ, საფეხბურთო მენეჯერებს, ტურნირის ფარგლებში არაერთი სიახლე ელოდებათ, რაც ქართული ფეხბურთის პოტენციალის წარმოჩენას ხელს მნიშვნელოვნად შეუწყობს.


„დინამო თბილისის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, ასევე ნათქვამია, რომ „საერთაშორისო ტურნირს ასევე ეყოლება ელჩი - ლეგენდარული ფეხბურთელი, რომელიც ჩართული იქნება გუნდებთან და მათ წარმომადგენლებთან კომუნიკაციაში, დაგეგმილი მედია აქტივობების ფარგლებში კი ტურნირის მნიშვნელობაზე, ახალგაზრდული ფეხბურთის ხელშეწყობასა და მსგავსი აქტივობების აუცილებლობაზე ისაუბრებს".


გამომდინარე იქიდან, რომ Sports Orient  უკვე რამდენიმე საკმაოდ საინტერესო, მათ შორის ევრო 2024-ის მსვლელობის დროს, განხორციელებული პროექტი აქვს, გვინდა ვივარაუდოთ, რომ ელჩი და იქნებ, ელჩებიც, ყველასათვის ცნობადი და საყვარელი ადამიანები (ფეხბურთელები, მათ შორის ყოფილი დინამოელები, რაც ტურნირის შინაარსიდან გამომდინარე სიმბოლურია) იქნებიან.


კიდევ ერთი სიახლე, რომელიც „დინამო თბილისის" მიერ დაანონსდა და ჩვენ მის დეტალში გარკვევას შევეცადეთ, ტურნირის ახალი ლოკაციაა. შეგახსენებთ, რომ წლების მანძილზე „ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირი", მისივე სახელობის აკადემიაში, საფეხბურთო კლუბი „დინამო თბილისის" დიღმის საწვრთნელი ბაზის ხელოვნურსაფარიან მოედანზე, ფინალური მატჩები კი, „დინამო არენაზე" იმართებოდა. თუმცა, 2024 წელს, თამაშები საგურამოში, სკ „ლოკომოტივის" და ილია კოკაიას სახელობის თბილისის ზღვის ბაზაზე ჩატარდება.


ამ ეტაპზე უცნობია თარიღები და გუნდების ვინაობა. უცნობია ისიც, ახალ პარტნიორებთან ერთად დარჩება ტურნირის მონაწილეთა ასაკობრივი კვოტა - 15 წლამდე ფეხბურთელები, თუ, აქაც იქნება ცვლილება. თუმცა, დიდი ალბათობით, აღნიშნული დეტალებიც უახლოეს ხანში დადგინდება და როგორც ორგანიზატორები გვპირდებიან, სიახლეებს გულშემატკივარი და მედია უახლოეს დღეებში Sports Orient-ისა და დინამო თბილისის სოციალური მედიის არხებით მიიღებს.


ლეგენდარული ვიტალი დარასელიას სახელობის თასი 2016 წლიდან დღემდე, 5-ჯერ ჩატარდა და პროფესიონალური ფეხბურთისკენ გზა, არაერთ ქართველ თუ, უცხოელ მოზარდს გაუხსნა. სწორედ, ამ ტურნირიდან გაიცნო გულშემატკივარმა გიორგი მამარდაშვილმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, გიორგი ჩაკვეტაძემ, ზურიკო დავითაშვილმა, ტეუნ კოოპმეინერსმა, ლამარე ბოგარდმა, ეროვნული და ასაკობრივი ნაკრების ათობით წევრმა.