23-28 ივლისს, საქართველოს 18 წლამდე ქალთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას. ქართველო გოგონები C დივიზიონში იასპარეზებენ, ორი ჯგუფიდან ერთი, საბოლოოს ერთი დივიზიონით დაწინაურდება. აღნიშულ დივიზიონში კი, სულ შვიდი გუნდია აღრიცხული, საიდანაც სამი - მალტა, კვიპროსი და ტურნირის მასპინძელი კოსოვო A ჯგუფში, ხოლო საქართველოს ნაკრები სომხეთთან, აზერბაიჯანთან და ალბანეთთან ერთად, B ჯგუფში იასპარეზებს.
თამაშები პრიშტინაში გაიმართება და როგორც უკვე მიხვდით, გუნდები, თავდაპირველად, ჯგუფებში შეეცდებიან საუკეთესოების გამოვლენას. დებულების თანახმად, არის ორი ქვეჯგუფი, ერთი ოთხგუნდიანი და მეორე სამგუნდიანი. საქართველოს 18-წლამდე ქალთა ნაკრები ოთხგუნდიან ჯგუფში მოხვდა. ასპარეზობის მომდევნო, ნახევარფინალურ ეტაპზე ჯგუფებიდან 2-2 საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი გადადის, სადაც უკვე, ერთმანეთს ჯგუფებში დაკავებული ადგილების მიხედვით, ჯვარედინი (A1-B2, B1-A2) პრინციპით დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. უკვე ამის შემდეგ, გამარჯვებულები ფინალურ შეხვედრაში ითამაშებენ და B დივიზიონის საგზურს გაითამაშებენ. დამარცხებულები კი, მესამე ადგილისთვის შეხვდებიან ერთმანეთს.
გამომდინარე იქიდან რომ საქართველოში, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ქალთა კალათბურთი ცდილობს „ძალების აკრეფას" და ჯერ საკმაოდ გრძელი და რთული გზა გვაქვს გასავლელი, დავინტერესდით, აღნიშნულ მოცემულობაში, როგორია ჩვენი შანსები. ჯგუფში, სადაც ქართველ გოგონებს უწევთ თამაში, აშკარა ფავორიტები ჩვენი მეზობლები არიან და ახლავე შევეცდებით მიზეზების ახსნას. აზერბაიჯანის ნაკრებში, რომელიც უკვე წლებია ასაკობრივი ტურნირებისთვის ემზადება და მონაწილეობს, თურქი მწვრთნელი ჰყავს და გუნდშიც, ნატურალიზებული თურქი კალათბურთელი გოგონები თამაშობენ. სომხეთის ნაკრებში კი, აშშ-დან, ასევე ნატურალიზებული კალათბურთელები ირიცხებიან.
„ამ მოცემულობის მიუხედავად, ჩვენ არაფრის დათმობას არ ვაპირებ. ვნახოთ, რა გამოგვივა", - ამბობს კოსოვოში გამგზავრებამდე, საქართველოს ქალთა გუნდის მწვრთნელი ლიკა ქაჯაია. საქართველოს ნაკრები, ევროპის ჩემპიონატზე საასპარეზოდ, დღეს, გამთენიისას თბილისიდან გაემგზავრა.
მანამდე, გუნდმა ასევე თბილისში, „დინამოს" საკალათბურთო ბაზაზე მოსამზადებელი ეტაპი გაიარა.
ფოტო: კალათბურთის ფედერაცია