საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ზაფხულის მორიგის, ტესტ -მატჩების სერიის მესამე შეხვედრა გამართა სიდნეიში, ავსტრალიის წინააღმდეგ და 40-29 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრებმა, სიდნეური შეხვედრა იძულებითი ცვლილებით და კაპიტნის გარეშე დაიწყო, თუმცა, ანგარიში მაინც ბორჯღალოსნებმა, მე-3 წუთზე ლუკა მატკავას ჯარიმით გახსნეს. თუმცა, ამის შემდეგ, მასპინძლებმა 4 ლელო დაგვიდეს, ჩვენ მხოლოდ ერთი და ტაიმი, თითქმის, იმ ქულების რაოდენობით მოგვიგეს, რამდენიც საბოლოოდ საქართველოს ნაკრებმა, მთელს თამაშში დააგროვა 26-10. მეორე ტაიმის საწყის წუთებზე, ბორჯღალოსნებმა მოახერხეს მობილიზება და ანგარიშში სხვაობაც 2 ქულამდე (26-24) დაიყვანეს. თუმცა, ამის შემდეგ, ავსტრალიელებმა ორი ლელო დაგვიდეს თავისი გარდასახვებით და კვლავ სოლიდურად, 40-24 დაწინაურდნენ. ისევე, როგორც თამაშის დასაწყისში, ამჯერადაც ბოლოს „სიტყვა", ჩვენებმა თქვეს, ტაბუციძემ კიდევ ერთი ლელო დადო, თუმცა, ამის იქით, ვერც ჩვენ, და ვერც მასპინძლებმა მეტი ვეღარ მოახერხეს.
სტატისტიკის მოყვარულებს შევახსენებ, რომ დღევანდელი შეხვედრა ავსტრალიისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებებისთვის რიგით მესამე იყო. ამ მხრივ, ანგარიში 3-0 არის ავსტრალიელთა სასარგებლოდ. დღევანდელი გამარჯვების გარდა, მათ, 2019 წელს, მსოფლიო თასზე მოგვიგეს 27-8, 2023 წელს კი, იმავე ტურნირზე 35-15 დაგვამარცხეს.
რაც შეეხება მიმდინარე ზაფხულის ტესტ-მატჩებს, ეს ქართული გუნდისთვის, მესამე იყო. პირველი შეხვედრა 5 ივლისს, ბათუმში ფიჯისთან, 12-21 წავაგეთ, ხოლო 13 ივლისს, სენდაიში, მასპინძელი იაპონია, დაძაბულ ბრძოლაში, 23-25 დავამარცხეთ.