ზუსტად 348 დღეში, შვეიცარიაში, სტარტს აიღებს ქალთა ევროპის 2025 წლის ჩემპიონატი, რომელზე მოხვედრის შანსი საქართველოს ქალთა ეროვნულ ნაკრებსაც აქვს, თუკი, 2024 წლის შემოდგომაზე, მოახერხეს, ორ-საფეხურიანი ფლეი-ოფის მატჩების გადალახვას. მარტივად, რომ ავხსნათ გააკეთებს იმას, რაც მიმდინარე წლის მარტში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა გააკეთა.
ამისთვის, საქართველოს ქალთა ეროვნულ ნაკრებს ჯერ, 23 ოქტომბერს სახლში და შემდეგ, 29 ოქტომბერს გასვლაზე, ირლანდიის წინააღმდეგ თამაში მოუწევს. ამ ბარიერის დაძლევის შემთხვევაში კი, ქართველი გოგონები, 27 ნოემბერსა და 3 დეკემბერს, სლოვაკეთი-უელსის წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდებიან. პირველი თამაში გასვლაზე, მომდევნო კი, საქართველოში ჩატარდება.
ფეხბურთს გულშემატკივარმა უკვე იცით, რომ 16 ივლისს, საქართველოს ნაკრებმა გასვლაზე, უეფა-ს ქალთა ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის C1 ჯგუფის ბოლო შეხვედრაში მასპინძელი ლიეტუვას ნაკრები დაამარცხა, მეორე ადგილი დაიკავა და საუკეთესო მეორე ადგილით იმ 28 გუნდს შორის მოხვდა, რომლებიც ფლეი-ოფებში ევროპის ჩემპიონატის დარჩენილი 7 საგზურისთვის იბრძოლებენ.
საბოლოოდ, ამ 7 საგზურის მფლობელი გუნდი, შვეიცარიასთან ერთად, შეუერთდება ნაკრებებს, რომლებმაც ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება პირდაპირი წესით მოიპოვეს. ასეთები კი არიან დანია, ინგლისი, საფრანგეთი, გერმანია, ისლანდია, იტალია, ნიდერლანდები და ესპანეთი. ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის წილისყრა ლოზანაში, 16 დეკემბერს გაიმართება.
დღეს, ნიონში წილისყრამდე პრეზენტაციაში, საქართველო, უეფა-ს მიერ მომზადებულ საერთო კოლაჟში, თეონა ბაქრაძის გოლით, გუნდური ფოტოთი და ქართველი ქომაგების კადრებით შევიდა. წილისყრის პროცედურაზე, ჩვენ წინა სტატიაშიც ვილაპარაკეთ.
უეფა ცდილობს, მომავალი ჩემპიონატი, რომელიც შეცვლილი ფორმატით და გუნდების შედარებით დიდი რაოდენობით ტარდება, იყოს გამორჩეულად კარგი, ისეთი, როგორც არასდროს, როგორც თავად ევროპული ფეხბურთის სახლში მიაჩნიათ და უკვე დღეიდან აცხადებენ, რომ მზად არიან უმასპინძლონ კონტინეტის უძლიერეს ფეხბურთელებს, ფანებს მთელი მსოფლიოდან. სწორედ, ამ ფანებისთვის, ფინალური ეტაპის ბილეთების გაყიდვა მიმდინარე წლის 1 ოქტომბრიდან დაიწყება. ისევე, როგორც, ევრო 2024-ზე მატჩებზე დასასწრები ბილეთების მფლობელებს, მთელი შვეიცარიის მასშტაბით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით (რომელიც იმედია ისე არ დააგვიანებს, ან არ გაუქმდება, როგორც ეს ხშირად ხდებოდა გერმანიაში) უფასოდ შეეძლებათ გადაადგილება. ბილეთების შესახებ, ინფორმაცია, უკვე ხელმისაწვდომია უეფა-ს ყველა პლატფორმაზე.