ოქროს ბუცი იკმარეთო...
ოქროს ბუცი იკმარეთო...
17.07.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

გუშინ, ქართულ სპორტში, შინ თუ გარეთ, ისეთი მოვლენები მოხდა (შინ ოლიმპიელების ფიცი, იმედი და უგემოვნო ლუქით, გარეთ კი ქალთა საფეხბურთო ეროვნული ნაკრების ისტორიული ფლეი-ოფის საგზური ევროპის ჩემპიონატის გაზაზე), რომ უკვე დასრულებული ევრო 2024-ის ტოპ 11-ის თემა, ოდნავ გვერდზე გადაჩოჩდა. თუმცა, დღეს, უეფა-ს ოფიციალური გვერდიდან შევეცადეთ, გაგვეგო, ვინ „ჩახსნა" 11-ეულიდან გიორგი მამარდაშვილი, რომელიც ახლაც, „სეივების" თვალსაზრისით, ამ კომპონენტში მეკარეებს უდგას სათავეში.

როგორ დაკომპლექტდა გუნდი - სწორედ, ასე ასათაურებს უეფა-ს ვებ-გვერდი იმ ქვეთავს, სადაც ცდილობს ახსნას, თუ რა პრინციპით და ვინ შეარჩია ევრო 2024-ის სიმბოლური ნაკრები. საქმე ისაა, რომ ყველა თამაშზე, რომელიც გერმანიაში ჩატარდა უეფა-ს ჰყავდა მივლინებული ტექნიკური დამკვირვებლები, რომლებმაც მწვრთნელთა გადასახედიდან გააანალიზეს თამაშები და ყოველ მათგანში შეარჩიეს საუკეთესოები.


ფაბიო კამელო, იოან ლუპესკუ, მაიკლ ო'ნილი, დეივიდ მოიესი, ალიოშა ასანოვიჩი, რაფაელ ბენიტესი, ავრაამ გრანტი, პაკი ბონერი, ფრან დე ბური, ულე გუნარ სულშერი (სოლსკიაერი), აიტორ კარანკა და ჟან ფრანსუა  დომერგი - ეს, სწორედ იმ დამკვირვებლების ჩამონათვალია, რომლებმაც საბოლოოდ ევროპის 2024 წლის სიმბოლური გუნდი დაასახელეს.


ჩვენთვის უცნობია, მაგალითად, გიორგი მამარდაშვილის შემთხვევაში, იყო თუ არა ხმები გაყოფილი, რადგან ევრო 2024-ის სტატისტიკაში „სეივების" კუთხით, კვლავ „მამარდაა" ლიდერი და ამ სქრინზე სპეციალურად არ წავშალეთ ქვედა კუთხეში თარიღი. თუმცა, ვიცით, რომ იყო კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც საბოლოოდ ამორჩეულ კანდიდატებს „ჩათვლის" ქულები ინდივიდუალური თამაშისთვის და პარალელურად გუნდის შედეგზე გავლენაში დაეწერათ. ამ მაჩვენებლებით, საკმაოდ სოლიდურმა და სახელოვანმა დამკვირვებლებმა კი, არჩევანი საფრანგეთის კარის მცველზე მაიკ მენიანიზე გააკეთეს.


მაშ ასე, ევრო 2024-ის სიმბოლური გუნდი, ასე გამოიყურება: მეკარე - მაიკ მენიანი (საფრანგეთი) მცველები - მარკ კუკურელია (ესპანეთი), ვილიამ სალიბა (საფრანგეთი), მანუელ აკანჯი (შვეიცარია), კაილ უოკერი (ინგლისი); ნახევარმცველები - ფაბიან რუისი (ესპანეთი), დანი ოლმო (ესპანეთი), როდრი (ესპანეთი); ფორვარდები - ლამინ იამალი (ესპანეთი), ჯამალ მუსიალა (გერმანია), ნიკო უილიამსი (ესპანეთი).


როგორც ხედავთ, სიმბოლურ გუნდში, ევროპის ჩემპიონი გუნდიდან ექვსი ფეხბურთელი მოხვდა. მათ გარდა ორი ფრანგი და თითო ფეხბურთელი ინგლისიდან, გერმანიიდან და შვეიცარიიდან არიან, სულ ხუთი ქვეყნის ფეხბურთელმა დაიმსახურა სიმბოლურში მოხვედრა. რაც შეგვეხება ჩვენ, საქართველოს, ისიც გეყოთ, რომ 6 ოქროს ბუციდან ერთი, თქვენთან საქართველოში, გიორგი მიქაუტაძესთან მოდისო.




სტატია მომზადებულია UEFA.Com-ის მიხედვით