ქართული ხალხური ანდაზის არ იყოს, „ხარი ხართან რომ დააბა, ან ზნეს იცვლის ან ჩვევასო", - საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა ეს გამონათქვამი რეალობად აქციეს და ვაჟთა ეროვნული ნაკრების წლობით, რომ საარაკოდ გადაეცემათ თობებს, სადებიუტო ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, ამაყად აიღეს ესტაფეტა და ქართული ქალთა და არა მხოლოდ, ფეხბურთის კიდევ ერთი ისტორიული ფურცელი დაწერეს.
28 გუნდი და 7 საგზური, ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად. ეს არის ის მოცემულობა, რომლის ნაწილიც დღეს, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები გახდა მას შემდეგ, რაც, C1 ჯგუფის ბოლო შეხვედრაში გასვლაზე ლიეტუვას ნაკრები 0-1 დაამარცხა.
საკმაოდ უღიმღამო პირველი ტაიმის შემდეგ, რომელშიც ირის ანტმანის შეგირდებს კარის ჩარჩში მხოლოდ ერთი დარტყმა ჰქონდათ, მეორე ტაიმი რადიკალურად განსხვავებული გამოვიდა. საქართველოს ნაკრებმა შეხვედრის მეორე ნახევარი, სხვანაირად მოტივირებულმა და გამოცოცხლებულმა დაიწყო და უკვე 52-ე წუთზე, შეცვლაზე შემოსულ ნინო ბუხრიკიძეს ჰქონდა ანგარიშის გახსნის კარგი შესაძლებლობა. ბუნებრივია, გულზე ხელდაკრეფილები არც მასპინძლები ისხდნენ, თუმცა, რიგ მომენტებში კარგად იმუშავა დაცვამ და აქ, მარიამ კალანდაძის აუღელვებელი და დამაჯერებელი თამაში გვინდა გამოვყოთ და სიმაღლეზე იყო ჩვენი გუნდის მეკარე თათია გაბუნიაც.
მეორე ტაიმში, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პრინციპში მოახერხა თამაშს მეტოქის ნახევარზე გადატანა. თამაშის ბოლო ათწუთეულში კი, გოლი მოამწიფა. 81-ე წუთზე, მაიკო ბებიას, 83-ე წუთზე ნათია დანელიას, 86-ე წუთზე კი, ნინო პასიკაშვილი ძალიან ახლოს იყვნენ მიზანთან. ბუნებრივია, ამ ზეწოლამ მეტოქეში პანიკა გამოიწვია და შეცდომა დააშვებინა. 88-ე წუთზე თეონა ბაქრაძემ, რომელიც ტრადიციულად, საკმაოდ აქტიური იყო, ფლანგიდან სცადა მეტოქის საჯარიმოში შესვლა, რაც საბოლოოდ მისი მოცელვით დასრულდა. იტალიელმა მსაჯმა მარტინა მოლინარომ კი, 11-მეტრიანი დანიშნა. ეს იყო შანსი, რომელიც საქართველოს ნაკრებს ფლეი-ოფის საგზურს გამოუწერდა. მიუხედავად იმისა, რომ სათამაშო დროის 2 წუთი და კიდევ, მსაჯის მიერ კომპენსირებული დრო რჩებოდა.
ეს შანსი მაიკო ბებიამ, რომელმაც რამდენიმე დღით ადრე, ბელარუსებთან მატჩში და დღეს, რამდენიმე წუთით ადრე, ამ პენალტამდე ვერ მოახერხა გოლების გატან, 11 მეტრიანი უზადოდ შეასრულა და საქართველოს ნაკრებს 3 ქულა და ნანატრი ფლეი-ოფის საგზური მოუტანა.
აქვე, ალბათ, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ მსაჯის მიერ კომპენსირებული 4 წუთის გარდა, მატჩი კიდევ 2 წუთს გაგრძელდა. თუმცა, კომპენსირებულ დროში მასპინძლები, შეეცადნენ ქულის გადარჩენას და ბოლო წუთზე საკუთრი კარი, აშკარა გოლისგან, კიდევ ერთხელ იხსნა.
საერთო ჯამში, დღეს მთლიანად გუნდმა გაიმარჯვა, რომელსაც ირის ანტმანი ხელმძღვანელობდა და მინდორზე ანა ჩემინავა გამოუძღვა.
ქალთა ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი 10 ქულით, მეორე ადგილზე დაასრულა და C ლიგის სამ საუკეთესო მეორეადგილოსანს შორის მოხვდა. ახლა, გათამაშების ახალი ფორმატისა და დებულების თანახმად, ირის ანტმანის გაწვრთნილ გუნდს, ორ-რაუნდიანი ფლეი-ოფის მატჩებში, რომლებიც შემოდგომაზე გაიმართება, ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის A, B და C ლიგის გუნდებთან მოუწევს დაპირისპირება, როგორც უკვე გითხარით, ჩემპიონატის 7 საგზურისთვის.