ცოტა ათლეტი, მიუღებელი ვიზუალი და დიდი იმედები, რომ ეს ყოველივე მოგებული მედლების რაოდენობით გადაიფარება
ცოტა ათლეტი, მიუღებელი ვიზუალი და დიდი იმედები, რომ ეს ყოველივე მოგებული მედლების რაოდენობით გადაიფარება
16.07.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

რას შეიძლება გადაეფარა ქართველი ოლიმპიელების და იქ წარმოდგენილი სახეობების სიმცირე პარიზის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე? ალბათ, სპორტში კარგად ჩახეულებს 2016 წელი და ქართველი ოლიმპიელების „ლუქი" გაახსენდებოდა, რომელმაც მაშინ კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაიარა. შესაბამისად და მიუხედავად იმისა, რომ არც მომდევნო ოლიმპიადებზე გამოვირჩეოდი განსაკუთრებული ვიზუალით, მაინც ნაკლებ სავარაუდო იყო, რომ პარიზში გამგზავრებამდე, ოლიმპიელთა ჩაცმულობა, კვლავ, ქართული საზოგადოების საფიქრალი და საღლიცინო იქნებოდა. არადა, სწორედ ოლიმპიელთა „ლუქი" გახდა დღეს, ქართული საზოგადოების სალაპარაკო თემა. ოლიმპიელებმა კი, ამ დროს, პარიზში გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე, თბილისში, რიტუალების სასახლეში ტრადიციული ფიცი დადეს.

ოლიმპიელთა სახელით ფიცი, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ოქროს მედალოსანმა ჯუდოკამ, ლაშა ბექაურმა დადო. დღესვე ცნობილი გახდა, რომ ქართულ დელეგაციას, ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე, რეკორდული ოლიმპიური თამაშების მონაწილე მსროლელი ქალი ნინო სალუქვაძე და ბოლო წლების უცვლელი რეკორდსმენი ლაშა ტალახაძე ეყოლება მედროშეებად.


სულ, პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე 28 ქართველი 9 სახეობაში შეეცდება მედლების მოპოვებას.


ახლა, კვლავ იმ თემას დავუბრუნდეთ, რითაც დავიწყეთ, მას შემდეგ, რაც ფიცი დადების დღევანდელი ცერემონიის კადრები და იქ ქართული ოლიმპიური გუნდის ლუქის ამსახველი ვიდეო-კადრები გავრცელდა, ყველა დაინტერესდა თუ, ვინ იყო ქართული დელეგაციის ჩაცმულობის დიზაინერი, რა მატერიით შეიკერა, რა თანხა დაჯდა, რა იყო კონცეფცია და მოკლედ, ბევრი რა, რის შესახებაც ალბათ, უფრო ოლიმპიური თამაშების შემდეგ მოუწევს საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტს პასუხის გაცემა.


სხვათა შორის, გამომდინარე იქიდან, რომ ოლიმპიურ კომიტეტთან ჩვენს გვერდს ხშირი შეხება აქვს, პარიზის ოლიმპიური თამაშების გუნდის მომავალ ჩაცმულობაზე რამდენჯერმე დავინტერესდით. თუმცა, პასუხად მივიღეთ, რომ ისეთი ლუქი იქნებოდა, რაც ყველას მოეწონებოდა...


ბუნებრივია, გემოვნებაზე არ დაობენ! ეს შავზე თეთრით ნაწერია...  თუ პირიქით - თეთრზე შავით... ხო, ზოგს მღვდელი მოსწონს, ზოგს მღვდლის ცოლიო... მაგრამ საკმაოდ საინტერესო იყო გაგვეგო ამ ფორმებზე ვინ იზრუნა? ცნობილმა რუსმა კლოუნმა ოლეგ პოპოვმა, თუ ასევე რუსული, უფრო საბჭოთა პერიოდის ცეკვის ანსამბლი "ბერიოზკას" დიზაინერის შვილიშვილმა? ბუნებრივია, გებადება კითხვა, ერთხელ ხომ შეიძლება, ისე ჩავაცვათ ნაკრებს რომ არც ეროვნულობა დავკაროთ და გემოვნებიანიც იყოს?


სხვათა შორის, სოციალურ ქსელში დაიწყეს ლაპარაკი, ხომ არ გააშაყირა ამ სახით, კოსტიუმების დიზაინერმა ხელისუფლება? თუმცა, თუ ქვეყანაზე შეგტკივა გული, როცა საერთაშორისო სარბიელზე ხარ წარმოსადგენი, რა მნიშვნელობა აქვს, ვინ დგას ქვეყნის სათავეში. ეს ქვეყნის პრესტიჟია - შესაბამისად, პირადად ჩვენ, ამ ვერსიას გამოვრიცხავთ.


ქართველი ოლიმპიელების ლუქზე კი, ჩვენი ინფორმაციით დიზაინერმა სიმონ მაჩაბელმა იზრუნა. ის რომ დიზაინერი, ხშირად ამოვარდნილია, საგამოფენო სივრცეების კონცეფციიდან და ეს, მას უფრო მიმზიდველს და საინტერსოს ხდის, არახალია. თუმცა, საგამოფენო სივრცე და ნებისმიერი გამოფენის კონცეფცია, დამეთანხმებით, რომ რადიკალურად განსხვავებულია სპორტული, ოლიმპიური თამაშების ფორმატისგან. შესაბამისად, ოლიმპიურ თამაშებზე, ორიგინალობის გარდა, ცოტა, სისადავე და სიმარტივე ბევრად უფრო ღირსეული და მისაღებია.


მოკლედ, ასეა თუ ისე, ახლა მთავარი ქართული დელეგაციის ლუქი, ყოველ შემთხვევაში, ოლიმპიური თამაშების დასრულებამდე, აღარ არის. ახლა მთავარი, ქართველი ოლიმპიელების წარმატებული ასპარეზობაა პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე და შედეგი, რომელიც გვჯერდება, უკეთესი იქნება ვიდრე ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე და ეს მიუხედავად იმისა, რომ მედლებისთვის უფრო ცოტა წარმომადგენელი ჩაებმება ბრძოლაში.