ესპანური საღამო ევროპაში...
ესპანური საღამო ევროპაში...
15.07.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ლონდონში, უიმბლდონის ტურნირზე დაწყებული ესპანური საღამო, ბერლინში, „ოლიმპიაშტადიონზე" გაგრძელდა.


საუთგეიტის ინგლისის ნაკრებმა, ვერც ამჯერად მოახერხა ესპანეთის დამარცხება. ინგლისელთა ნაკრების თავკაცი, პირველად ევრო 2024-ის დღევანდელ მეტოქეს, როგორც ფეხბურთელი 1996 წელს დაუპირისპირდა. გარეტმა, მაშინ თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და პენალტების სერიაში წააგო თამაში 4-2.


დღეს, პენალტებამდე არ მისულა, თუმცა, ბერლინში გამართულ ფინალურ მატჩში, ინგლისური გუნდი ძალიან ახლოს იყო დამატებით დროსთან და თუკი, მსგავსი დაინიშნებოდა, შესაძლოა საუთგეიტის შეგირდებს გამარჯვების შანსიც გასჩენოდათ. თუმცა, 86-ე წუთზე ოიარსაბალიმ კუკურელიას გადაცემით გოლი გაიტანა, რაც ევროპის ჩემპიონობის ტოლფასი აღმოჩნდა.


 „არ ვარ დარწმუნებული ფეხბურთის არსის გაგება შეიძლება თუ არა. „ლა როხამ" ჯადოქრობები გააკეთა, მაგრამ ეს არ იყოს მათი ხუთვარსკვლავიანი „თადარიგი". მათ ჰქონდათ გადაწყვეტილებები. მათ ჰყავდათ კუკურელია, რომელიც არc ფიქრობდა თუ მოხვდებოდა ამ შემადგენლობაში, მაგრამ ოიარსაბალის გაიწია ასისტენტობა გასამარჯვებლად და როგორღაც, მათ ჰქონდათ, გოლის გატანის საშუალება", - იტყვის მატჩის დასრულების შემდეგ, გრაჰამ ჰანტერი, ესპანელი რეპორტიორი.


ჯადოქრობების რა მოგახსენოთ, მაგრამ ესპანეთის ნაკრები, რომელმაც 1/8 ფინალიდან საქართველოს ეროვნული ნაკრები გამოთიშა და ფინალამდე, მასპინძელ გერმანიას ურთულეს დაპირისპირებაში, შემდეგ კი საფრანგეთს მოუგო, დღეს არც ინგლისთან დაიმორცხვა და რეალურად ფეხბურთის სამშობლოს გუნდს, მთელი თამაში ბურთი გაუკონტროლა.


„ინგლისს არაფერი სჭირს თავის ჩასაქინდრი. ისინი ფანტასტიკურ გუნდს დაუპირისპირდნენ და თამაშში არაფრით ჩამოუვარდებოდნენ, ფეხდაფეხ მიჰყვნენ თამაშში. აჩვენეს უნარი გაშვებული გოლის შემდეგ დაბრუნებულიყვნენ თამაშში. ეს არის გამორჩეული მოთამაშეების გუნდი და ერთხელაც ისინი მიიღებენ დამსახურებულად ჯილდოს, მაგრამ ჯერ ისევ მოუწევთ მოცდა", - იტყვის თამაშის დასრულების შემდეგ, ჯო ტერი, ინგლისელი რეპორტიორი.


ალბათ, არც ესპანეთის და არც ინგლისის გულშემატკივარი გვიწყენს, თუ ვიტყვით, რომ პირველი ტაიმი ფინალისთვის დამახასიათებელი, თუმცა, ნაკლებ სანახაობრივი იყო და რეალურად არც ერთ გუნდს მომენტი არ ჰქონია. თუმცა, ესპანელებმა მეორე ტაიმის დაწყებისთანავე მოახერხეს კონცენტრაცია და 47-ე წუთზე ნიკო უილიამსმა, რომელიც საბოლოოდ, ამ თამაშის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა იამალის გადაცემით ანგარიში გახსნა. სხვათა შორის, იამალის ეს გადაცემა, მიმდინარე ჩემპიონატზე მეოთხე იყო, რომელსაც გოლი მოჰყვა. არა მხოლოდ ამ თამაშიდან, ნიკო ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და აგრესიული მოთამაშე იყო, ესპანელთაგან მთელი ჩემპიონატის განმავლობაში.


„ეიფორიაში ვარ და ძალიან ბედნიერი. ჩვენმა ყველა მოთამაშემ, ჩენმა ოჯახებმა, ფანებმა დაიმსახურა ეს გამარჯვება. ევროპის ჩემპიონები ვართ და ახლა მსოფლიო ჩემპიონობისთვის უნდა ვიბრძოლოთ. ვერავინ მოგვერევა. ვიტყოდი, რომ ძლიან მაგარი გუნდი ვართ", - ამბობს მატჩის დასრულების შემდეგ ნიკო უილიამსი.


ბუნებრივია, ინგლისი თამაშის გადარჩენას შეეცადა. 73-ე წუთზე, შეცვლაზე შემოსულმა პალმერმა, რომელმაც სხვათა შორის, 2023 წელს, ბათუმში, ესპანეთისა და ინგლისის ახალგაზრდული შეხვედრების ფინალშიც გაიბრწყინა, ანგარიშის გათანაბრება, საკას გადაცემის შემდეგ, შორეული და ულამაზესი გოლით მოახერხა.  

„ვფიქრობ, ესპანეთი ამ ტურნირზე საუკეთესო იყო. ჩვენ ვერ მოვახერხეთ ბურთის კარგად შენახვა, მაგრამ ახლოს ვიყავით მიზანთან თუ, ბოლო ათ წუთს არ ჩავთვლით. ყველას მაგივრად მართლა დაცლილი ვარ",  - ამბობს ინგლისელთა ნაკრების თავკაცი გარეთ საუთგეიტი.


და  ბოლოს, ის მნიშვნელოვანი დეტალები, რომელიც უკვე ისტორიის ნაწილია - ესპანეთი გახდა პირველი გუნდი, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის მოგება მეოთხედ მოახერხა. შეგახსენებთ, რომ დღევანდელ გამარჯვებამდე, ევროპის ჩემპიონის ტიტულს გერმანიის მსგავსად 3-ჯერ ფლობდა. სწორედ ესპანეთმა მოახერხა, ევრო 2024-ის მთავარი ფავორიტი გერმანიის ტურნირიდან გამოთიშვა, როდესაც, 1/4 ფინალში დამატებით დროში დაამარცხა.


ესპანეთი გახდა ერთადერთი გუნდი, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე შვიდივე შეხვედრა მოიგო.


„ლა როხამ" ევრო 2024-ზე 15 გოლი გაიტანა, რაც ცალსახად ტურნირის რეკორდია. ამ რეკორდამდე, საფრანგეთმა 1984 წელს 14 გოლის გატანა მოახერხა.


გარეტ საუთგეიტი გახდა მესამე მწვრთნელი, რომლის ხელმძღვანელობითაც ნაკრებმა ევრო-ს ფინალს მეორედ მიაღწია. საუთგეიტამდე, ამის გაკეთება გერმანელმა ჰელმუტ შონმა (1972 და 1976) და ბერტი ფოგსტმა (1992 და 1996) მოახერხეს.


17 წლისა და ერთი დღის ლანიმე იამალი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელსაც ოდესმე ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში უთამაშია.


ნიკო უილიამსი, რომელიც 22 წლისა და 2 დღის იყო დღევანდელი ფინალის დროს გახდა მეორე ახალგაზრდა ფეხბურთელი რომელმაც ევროპის ჩემპიონატის ფინალში გოლის გატანა მოახერხა.


ევრო 2024-ის ფინალში, პირველად მონაწილეობა ორმა თინეიჯერმა ლამინე იამალიმ (17 წლისა და ერთი დღე) და კობი მაინომ (19 წლისა და 86 დღისამ) მიიღო და ორივემ სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო.


ინგლისმა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე ჩატარებული ოთხი ფლეი-ოფიდან პირველად გაიტანა გოლი.



ფოტო: © Alex Pantling - UEFA/UEFA via Getty Images