მომდევნო ეტაპზე გასასვლელად საქართველოს ქალთა ნაკრებს ლიეტუვაში მინიმუმ ქულა სჭირდება
მომდევნო ეტაპზე გასასვლელად საქართველოს ქალთა ნაკრებს ლიეტუვაში მინიმუმ ქულა სჭირდება
12.07.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა, დღეს, თბილისში, მიხეილ მესხი 2-ზე უეფა-ს ევროპის 2025 წლის საკვალიფიკაციო ჯგუფის ბოლო საშინაო მატჩი ჯგუფის და მთლიანად, C დივიზიონის ლიდერთან, ბელარუსის ნაკრებთან 0-2 დასთმეს.

შეხვედრაში, რომელშიც ორი განსხვავებული ტაიმი ვიხილეთ, ორის ანტმანის გუნდი, საბოლოოდ, ალბათ, უფრო ფრეს იმსახურებდა, თუმცა, მატჩის ბედი, შეხვედრის მიწურულს გადაწყდა, როდესაც ქართველების კარში ორი გოლი გავიდა.


„დღევანდელი შედეგით, რა თქმა უნდა,  კმაყოფილები არ ვართ. მეტის გაკეთება გვსურდა და თამაშის სცენარიდან გამომდინარე ასეთ დასასრულს ვერ წარმოვიდგენდით. სამწუხაროდ, დაცვაში შეცდომები დავუშვით, რაც შედეგზე აისახა. თუმცა, ამით არაფერი სრულდება. ლიეტუვაში სამი ქულისთვის ჩავდივართ, რადგან ჯგუფიდან გასვლას ვგეგმავთ", - ამბობს ნინო პასიკაშვილი, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი.


პირველი შეცდომა, რასაც გოლი მოჰყვა და საქართველოს ნაკრებს, მეშვიდედ ვეღარ უშველა თათია გაბუნიამ, ჩვენმა გუნდმა 86-ე წუთზე დაუშვა. სრულიად უწყინარ სიტუაციაში დავკარგეთ ბურთი, ბელარუსებმა კი შორი მანძილიდან მეკარეს თავზე გადაუგდეს და ანგარიში გახსნეს. ირის ანტმანის შეგირდებს, უნდა ითქვას, რომ ამ გოლამდეც და ამ გოლის შემდეგაც ჰქონდათ მომენტები, თუმცა, რამდენჯერმე სტუმართა მეკარე იყო მოწოდების სიმაღლეზე, სხვა შემთხვევაში, ჩვენების დარტყმული მცირე მანძილით ასცდა კარს, ან ძალა დააკლდა. ასეა თუ ისე, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, ჩვენს კარში კიდევ ერთი გოლი გავიდა.


„კარგი მატჩი ჩავატარეთ, თუმცა, ბოლო წუთებზე ორი გოლი გავუშვით. გულდაწყვეტილები ვართ, რაც ნიშნავს, რომ ბოლო წუთებამდე თამაშში ვიყავით. გვგქონდა გოლის გატანის რამდენიმე შანსი. ვფიქრობ, ბელარუსზე მეტიც. გოგონებმა ტაქტიკურად ძალიან კარგად ითამაშებს. ასეთი მატჩები განვითარების ნაწილი და ჩვენ ვაგრძელებთ ზრდას.


ლიეტუვაში გამარჯვების შემთხვევაში ჯგუფიდან გავალთ. ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. გოგონები მზად არიან ამისთვის. საოცარი მებრძოლები და ფეხბურთელები არიან, რომლებიც ყოველთვის განვითარებაზე ფიქრობენ, რაც თამაშიდან თამაშამდე ჩანს. სწორედ ამიტომ, ისინი იმსახურებენ დღეს გამარჯვებას", - ამბობს ირის ანტმანი, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი.


ალბათ, ერთადერთი კომპონენტი დღევანდელ შეხვედრაში, სადაც ქართველთა გუნდი „დაიჩაგრა" ფიზიკურობა იყო. გენეტიკურად უფრო მოცულობითი და ტანმაღალი მოთამაშეები, ტექნიკურ ქართველ ფეხბურთელ ქალებს, სწორედ, ამის ხარჯზე და ხშირ მომენტებში, „ჯოგური პრინციპით" (უხეში შედარებისთვის ბუნებრივია, მკითხველთან ბოდიშს ვიხდით), უმკლავდებოდნენ.


მინდა მადლობა გადავუხადო გულშემატკივარს მხარდაჭერისთვის. ისინი ძალიან ეხმარებიან გუნდს. მათთვის ლიეტუვაში მოსაგებად წავალთ და ქულებით დავბრუნდებით", - ამბობს ანტმანი, რომელიც ნაკრებების მწვრთნელებზე, ჩვენი გვერდის  მრავალწლიანი დაკვირვების შემდეგ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირველია, რომელიც საქართველოს ჰიმნს, გუნდთან ერთად მღერის.


სხვათა შორის, ქომაგების ტრიბუნაზე, რომელსაც ირისიც და გოგონებიც მადლობას უხდიან მხარდაჭერისთვის, არის ერთი საინტერესო ფრთა, გოგონებისგან დაკომპლექტებული, რომელიც არა მხოლოდ საფეხბურთო, არამედ, სხვა სახეობებშიც ქალთა გუნდებს აქტიურად დაეხმარებიან. ამ სიახლეზე, ჩვენი გვერდი ძლიან მალე ვრცელ სიუჟეტს შემოგთავაზებთ.


მანამდე კი, საქართველოს ქალთა ეროვნულ ნაკრებს საკვალიფიკაციო ჯგუფიდან გასასვლელად და მომდევნო ეტაპზე საასპარეზოდ, 16 ივლისს,  სტუმრად, აუცილებლად სჭირდება ლიეტუვასთან გამარჯვება. ჩვენი გუნდი ამ სამი ქულისთვის საკმაოდ გრძელი გზით, ორი გაჩერებით, ჯერ თვითმფრინავით და შემდეგ სახმელეთო ტრანსპორტით (2 საათის სავალზე ავტობუსით) დრუსკინინკაიაში (Druskininkai) ჩავა და იქ დაუპირისპირდება ლიეტუვას ნაკრებს, რომელთანაც პირველ შეხვედრაში თბილისში, ფრედ, 2-2 ვითამაშეთ. ამჯერადაც, ორივე გუნდს 7-7 ქულა გვაქვს, თუმცა, ბურთების უკეთესი შეფარდებით, საქართველოს ნაკრები C1 ჯგუფში მეორე ადგილზეა და მომდევნო ეტაპზე გასვლის უკეთესი შანსი აქვს, მაშინაც კი, თუ შეხვედრა ფრედ დასრულდება. თუმცა, გოგოები, ლიეტუვაში 3 ქულისთვის იბრძოლებენ.


დღესვე, მეხუთე ტურის მატჩში ჩვენი გუნდის მომდევნო მეტოქემ კვიპროსს, კუნძულზე 1-2 სძლია.


აქვე შეგახსენებთ, რომ ტურნირის ახალი ფორმატის შესაბამისად, რომელიც უეფა-მ ერთა ლიგის გათამაშების ფორმატის მსგავსად გააკეთა და ამით, ქალთა ფეხბურთში სათამაშო დონის ასამაღლებლად და ერთ დონის გუნდების სტიმულირებას ისახავს მიზნად, საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო ეტაპზე, ფლეი-ოფში თამაშის უფლებას C ლიგის ჯგუფების გამარჯვებულებსა და 3 საუკეთესო მეორეადგილოსანს მისცა. ეს გუნდები კი, საკუთარ ჯგუფებში პირველ და მესამე ადგილზე გასულ გუნდებთან მოპოვებული ქულების მიხედვით გამოვლინდებიან.