ზურიკო დავითაშვილი „სენტ-ეტიენის“ ფეხბურთელია
ზურიკო დავითაშვილი „სენტ-ეტიენის“ ფეხბურთელია
11.07.2024
ავტორი: მარიამ მესხი

უკვე ოფიციალურად, ზურიკო დავითაშვილი კარიერას საფრანგეთის ლიგა 1-ში, „სენტ-ეტიენში" გააგრძელებს.

23 წლის ფეხბურთელმა ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა, რის შემდეგაც, მან, საფრანგეთის ათგზის ჩემპიონთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულება თანამშრომლობის ერთი წლით ავტომატურად გახანგრძლივებასაც ითვალისწინებს.


ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერის სანაცვლოდ „ბორდო", „სენტ-ეტიენისგან", 6 მილიონ ევროს მიიღებს.


შეგახსენებთ, რომ 2022-23 წლების სეზონი ქართველმა შემტევმა „ბორდოში" იჯარის წესით გაატარა, რის შემდეგაც ჟირონდინელებმა ის, „დინამო ბათუმიდან" 1,12 მილიონ ევროდ გამოისყიდეს.


გასულ სეზონში ზურიკო დავითაშვილმა ფრანგული კლუბის მაისურით ლიგა 2-ის 37 მატჩში მიიღო მონაწილეობა და აქტივში 8 გოლი და 8 პასი მიითვალა.


„სენტ-ეტიენი" კი, ორი წლის შემდეგ ლიგა 1-ში დაბრუნდა. უმაღლეს ლიგაში ადგილისთვის პლეი-ოფში დავითაშვილის ახალი კლუბი ჟორჟ მიქაუტაძის „მეცს" დაუპირისპირდა და ორმატჩიან დუელში 4-3 დაამარცხა.


აღსანიშნავია, რომ ფრანგულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ჟორჟ მიქაუტაძემ „მონაკოსთან" შეთანხმებას მიაღწია.