ტალანტი, რომელიც სწორი მიმართულებით უნდა განავითარონ - დე ლა ფუენტე იამალის მომავალზე
ტალანტი, რომელიც სწორი მიმართულებით უნდა განავითარონ - დე ლა ფუენტე იამალის მომავალზე
12.07.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ლამინე იამალი, ესპანეთისა და ინგლისის ეროვნული ნაკრებების ფინალამდე ერთი დღით ადრე, 17 წლის გახდება. ფინალი, შეგახსენებთ, რომ კვირას, ბერლინში გაიმართება. ბუნებრივია, ეჭვგარეშეა რომ უკვე ამ ფინალამდე აღიარებული უეფა-ს ევროპის ჩემპიონატისა და ფიფა-ს მსოფლიო ჩემპიონატების ფინალების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, ბერლინში შეკრებილი გულშემატკივრის წინაშე, კიდევ ერთხელ გაიბრწყინებს. 

 „რეკორდებს რომ შევეშვათ, რაც თვალშისაცემია თუ როგორი ურთიერთობა აქვს ბურთთან ლამინე იამალი. ყურადსაღებია მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, უბრალოდ, წარმოუდგენელია. ყველა ყოფილი ფეხბურთელი, რომელიც მის თამაშს ნახულობს განცვიფრებულია, სწორი გადაწყვეტილებების ინტენსიობით - ამას ტრაბახის გამო არ იძახიან.


როდესაც რამდენიმე თვის წინ, ლამინესთან ინტერვიუ ჩავწერე, თვალში მომხვდა მისი სიმშვიდე, ინტელიგენტური ქცევის მანერები და იუმორის კარგი გრძნობა. მინდვრის მიღმა ის დიდია, მაგრამ არა ასაკიდან გამომდინარე. შესაძლოა, ამიტომაც ეს ერთადერთია, შესაძლოა ამ თაობაში მთლიანად", - ამბობს გრამ ჰანტერი, ესპანელი ჟურნალისტი, უეფა-ს ვებ-გვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში.


როგორც უკვე იცით, იამალიმ მიმდინარე ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე ბევრი აალაპარაკა და რამდენიმე რეკორდიც დაამყარა. მათ შორის, ალბათ, ყველაზე ღირსშესანიშნავი ის საფირმო დარტყმაა, რომელმაც საფრანგეთის ნაკრები ნახევარფინალში ჩატოვა. ამასთან ერთად, ტურნირის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა გოლის ავტორი გახდა.


ბუნებრივია, უეფა-ს ოფიციალური გვერდი აქვეყნებს იმ ჩამონათვალს კიდევ რა რეკორდების ავტორი შეიძლება გახდეს, იამალი და ბუნებრივია, ოდნავ ქვევით, ამის შესახებ, ჩვენც დავწერთ, თუმცა, მანამდე უკვე დამყარებული რეკორდები გვინდა გავიხსენოთ.

 

  • ევრო-ს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე: 16 წლის 338 დღის (ესპანეთი - ხორვატია 3-0 15/06/2024);
  • ევრო-ს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა გოლის ავტორი: 16 წლის 362 დღის (ესპანეთი-საფრანგეთი 2-1, 09/07/2024);
  • ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ითამაშა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების ნახევარფინალში: 16 წლის 362 დღის (ესპანეთი-საფრანგეთი 2-1, 09/07/2024);
  • ყველაზე ახალგაზრდა გოლის ავტორი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპებზე: 16 წლისა 57 დღის (საქართველო - ესპანეთი 1-7, 08/09/2023).


ამასთანავე, იამალი არის მეორე ახალგაზრდა ფეხბურთელი რომელმაც უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში მიიღო მონაწილეობა და მისი დებიუტი, ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი გუნდის, „ბარსელონას" შემადგელობაში მოხდა, როდესაც ფეხბურთელი 16 წლისა და 68 დღის იყო.




ახლა, მოდით, თვალი გადავავლოთ როგორ შეიძლება გააგრძელოს რეკორდების ათვლა ამ ახალგაზრდა ფეხბურთელმა, რომელიც აშკარად ახალი ფენომენია თანამედროვე რეალობაში.


იამალიმ მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, ძირითად შემადგელობაში იწყებდა ლა როხას ყველა თამაშს, გარდა ჯგუფური ეტაპის მე-3 მატჩისა, რომელშიც ესპანეთმა ალბანეთს მოიგო, იამალი კი, შეცვლაზე შემოვიდა. მის ანგარიშზე არის გოლი და სამი საგოლე გადაცემა.


როგორც აღვნიშნეთ, ევროპის ჩემპიონატის ფინალის წინ, იამალი 17 წლის გახდება. შესაბამისად, თუკი მას მიეცემა ფინალში თამაშის საშუალება, ის ამ გარემოებითაც ახალი რეკორდის ათვლას დაიწყებს.


იამალი გახდება ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ევროპის ჩემპიონატების ფინალში ითამაშა.


რენატო სანჩესი იყო 18 წლისა და 328 დღის როდესაც 2016 წელს, პორტუგალიის ნაკრებში ითამაშა და საფრანგეთს მოუგო.


ბუნებრივია, თუკი გოლს გაიტანს, გახდება ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის ფინალში გაიტანა.


პიეტრო ანასტაზი იყო 20 წლისა და 64 დღის, როდესაც მის მიერ საჯარიმოს გარედან მარჯვენა ფეხით გატანილი გოლით, იტალიელებმა მოიპოვეს უპირატესობა იუგოსლავიის ნაკრების წინააღმდეგ, 1968 წელს რომში გამართული ფინალის დროს.


და ბოლოს, გახდება თუ არა იამალი, ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს? დიდი ალბათობით, ვერა, თუკი, რა თქმა უნდა, იამალით „შეგულიანებული" სხვადასხვა ქვეყნის ნაკრებები, საკუთარი ქვეყნის ნაკრებებში, ტალანტების „დაყენებას" არ „გარისკავენ", რადგან,  ბრაზილიელი პელე, მხოლოდ 17 წლისა და 249 დღის იყო, როდესაც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ითამაშა 1958 წელს. ამასთან, ბრაზილიისა და შვეიცარიის დაპირისპირებაში, რომელიც ბრაზილიელებმა 5-2 იმარჯვეს, ორი გოლიც გაიტანა.




თუმცა ეს ფაქტები და თეორიებია. კვირას კი, ესპანეთის და ინგლისის ეროვნული ნაკრებების დაპირისპირება, რომელშიც ლანიმე იამალი, დიდი ალბათობით მიიღებს მონაწილეობას. ყოველ შეთხვევაში, ნახევარფინალის დასრულების შემდეგ, ესპანელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი, მას თამაშის საშუალებას მისცემს.


„ფეხბურთის ისტორია ლამაზია. იქ ბევრი კარგი ფეხბურთელია შესული, მაგრამ ლანინე იამალის აქვს რაღაც ისეთი, რამაც აუცილებლად უნდა დაგვაფიქროს. მას აქვს სრული მონაცემები, რომ იყოს დიდებული გენიოსი თანამედროვე ფეხბურთის უახლოეს პერიოდში. ჩვენ უნდა სიფრთხილით მოვეკიდოთ ამ გარემოებას. მან უნდა მოიკიდოს ფეხი მინდორზე და ჩვენ, ამის გაკეთებაში და პროგრესში დავეხმაროთ. დავეხმაროთ, მას სწორი მიმართულებით განვითარებაში. ამ ფეხბურთელის სწორად შესანარჩუნებლად, მიმაჩნია, რომ მასთან ზომიერება უნდა დავიცვათ. გავაკეთოთ ის, რასაც უძველეს რომში, როდესაც იულიუს კეისარ უთხრეს, „შენ ხარ ჩვეულებრივი მოკვდავი"-ო. ასე, რომ იამალიმაც უნდა შეძლოს თავი და ადგილი შეინარჩუნოს სათამაშო მოედანზე",  - ამბობს დე ლა ფუენტე, ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი.


შეგახსენებთ, რომ ესპანეთისა და ინგლისის ფინალური დაპირისპირება 14 ივლისს, ბერლინში, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.