ტრადიციულად მიხეილ მესხი 2-ზე საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები 12 ივლისს, 20:00 საათზე ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო საშინაო შეხვედრას გამართავს. ირის ანტმანმა ამ თამაშისთვის გუნდის შეკრება 3 ივლისიდან დაიწყო.
„რთულ ჯგუფში ვართ. თუ მომდევნო ეტაპზე გასვლა გვსურს, მოახლოებულ მატჩებში ქულები უნდა მოვიპოვოთ. დარწმუნებული ვარ, გოგონებს ეს შეუძლიათ, რაც არაერთხელ დაამტკიცეს კარგი თამაშით, დისციპლინის დაცვით და შრომით. სავარჯიშო პროცესი კარგად მიმდინარეობს. გვყავს ახალი ფეხბურთელი, სოფი ხელაშვილი, რომელიც 2008 წელს არის დაბადებული და აშშ-ში თამაშობს. სხვა ფეხბურთელებს მსგავსად, ის აქ არის, რათა დაეხმაროს ეროვნულ ნაკრებს. ჩვენი მომავალი თაობა უკვე აქ არის. გუნდში, რომელმაც აჩვენა, რომ შეუძლია კარგი ფეხბურთის თამაში", - ამბობს საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ინტერვიუში რომელიც სფფ-ს სანაკრებო გვერდმა გაავრცელა.
გულშემატკივარს ალბათ, ემახსოვრება, რომ საქართველოს ნაკრები, კვიპროსზე გამართულ დაპირისპირებაში ბელარუსთან დამარცხდა. ჩვენს მომავალ მოწინააღმდეგეს, 12 ივლისის მატჩამდე, ჯგუფის ყველა შეხვედრა მოგებული აქვს, თუმცა, თუკი, ჩვენებს საუკეთესო მეორე ადგილით, საკუთარი მდგომარეობის გაუმჯობესება უნდათ, დარჩენილ ორ თამაშში, მინიმუმ 4 ქულა უნდა აიღონ. ბელარუსის შემდეგ, ანტმანის გუნდს, საკმაოდ რთული შეხვედრა ელით ლიეტუვასთან, რომელსაც იგივე მიზნები აქვს რაც საქართველოს ნაკრებს.
„ბელარუსი არა მხოლოდ ჩვენი ჯგუფის, არამედ დივიზიონის საუკეთესო გუნდია. იმედი მაქვს, რომ გულშემატკივრები მრავლად იქნებიან და მხარს დაუჭერენ ეროვნულ ნაკრებს, როგორც ეს კვიპროსთან და ლიეტუვასთან მატჩებში იყო. ვნახეთ, რამდენად მნიშვნელოვანია მათი ძალა, მათ შორის ევრო 2024-ზე. გულშემატკივართა მხარდაჭერა ძალიან გვჭირდება. რა თქმა უნდა, რთული მატჩი გველის, მაგრამ ქომაგების მხარდაჭერით და ფეხბურთელების სწორი თამაშით, ქულების მოპოვებას შევძლებთ", - ამბობს ანტმანი.
სხვათა შორის, ქომაგები ქომაგებად, თუმცა, ქომაგებში ბოლო თვეებია ქალი ქომაგების გუნდი შეიკრა, რომელიც ქალთა ეროვნულის თამაშს აუცილებლად დაესწრება. მანამდე კი, საქართველოს ნაკრები პეტრო არენაზე აგრძელებს მზადებას.
„საკვალიფიკაციო ეტაპის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩები გველის. გუნდში საუკეთესო განწყობაა. ჩვენი მიზანი ჯგუფიდან გასვლაა და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ, როგორც ფეხბურთელები, ისე სტაფის თითოეული წევრი. იმედია, დასახულ მიზანს ერთად მივაღწევთ. კვიპროსთან ორივე მატჩის მოგებამ თავდაჯერება მოგვცა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ექვსი ქულა, რათა მომავალზე გვეფიქრა. გვჯერა საკუთარი შესაძლებლობების და სწორედ ამიტომ ვფიქრობთ ასეთ დიდ შედეგზე, ჯგუფიდან გასვლაზე", - ამბობს ნათია დანელია.
„გუნდში ძალიან კარგი, საბრძოლო განწყობაა. ვემზადებით მომდევნო მატჩებისთვის. ვეცდებით, რომ წარმატებით დავასრულოთ ეს ეტაპი და გავიდეთ ჯგუფიდან.მნიშვნელოვანი იყო კვიპროსთან ორივე მატჩის მოგება, რამაც დადებითად იმოქმედა ჩვენს განწყობაზე. ვეცდებით, წარმატებული სერია გავაგრძელოთ და კიდევ ერთხელ გავახაროთ გულშემატკივრები", - ამბობს სოფიკო ნარსია.
ხვალ, საქართველოსა და ბელარუსის ქალთა ეროვნული ნაკრებები მატჩის წინ ბოლოჯერ ივარჯიშებენ. საქართველოს ნაკრების ვარჯიში მიხეილ მესხის სათადარიგო სტადიონზე, 11 ივლისს 19:30 წუთისთვის დაიწყება. ხვალვე, ამავე სტადიონზე ივარჯიშებს ბელარუსის ნაკრებიც. მატჩი კი, 12 ივლისს, 20:00 საათზე დაიწყება. გულშემატკივრის დასწრება კი, თავისუფალია.
სფფ-ს ფოტო