ბათუმის „დინამომ“ წააგო, კაშიას და ოდიშარიას გუნდებმა მოიგეს
ბათუმის „დინამომ“ წააგო, კაშიას და ოდიშარიას გუნდებმა მოიგეს
11.07.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს, ბათუმის „დინამომ" უეფა-ს 2024-25 წლების ევროტურნირების სეზონი გახსნა. საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ბულგარულ რაზგრადში „ლუდოგორეცს" შეხვდა და 3-1 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ანდრი დემჩენკოს გუნდმა ორი განსხვავებული ტაიმი ჩაატარა და რეალურად ამ განსხვავებული ტაიმების ხარჯზეც წააგო.

პირველი ტაიმის შემდეგ, რომელშიც ბათუმელებს ჰქონდათ გოლის გატანის შანსები, თუმცა, უფრო მეტი წვრილმანი შეცდომები ჰქონდათ, ქართული გუნდი 2-0-ს აგებდა. შესვენების შემდეგ, სურათი კარდინალურად შეიცვალა. „დინამომ" ბურთი დაიჭირა, თუმცა კარში დარტყმამდე საქმე რეალურად არ მიდიოდა. მხოლოდ ერთ მომენტში, მეტოქის საჯარიმოსთან მოკლე გადაცემებით გაბრუებულ მასპინძლებს, უყურადღებოდ დარჩენილმა ლადო მამუჩაშვილმა, მშვიდად გაუტანა გოლი. რეალურად, შეხვედრის ამ მონაკვეთში, ქართულ გუნდს უფრო ჰქონდა ანგარიშს გათანაბრების შესაძლებლობა, თუმცა, „ლუდოგორეცის" ფეხბურთელებმა, ერთად-ერთი შანსიც, სტანდარტულიდან ზუსტად გამოიყენეს და ვარჯიშებზე დამუშავებული სტანდარტი, გოლად აქციეს.


ამ გუნდების საპასუხო შეხვედრა, ერთ კვირაში, ბათუმში, „აჭარაბეთ არენაზე" გაიმართება, იქ კი, ქართულ გუნდს ამ ორბურთიანი სხვაობის აღმოფხვრის და „ლუდოგორეცის" დაძლევის სრულიად სამართლიანი შანსი და შესაძლებლობა აქვთ.


დღესვე, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობა დაიწყო გურამ კაშიას სლოვანმა, რომელმაც, მაკედონიურ „სტრუგას" უმასპინძლა. ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილმა გუნდმა 4-2 მოიგო. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და სრული მატჩი ითამაშა.


ჩრდ. ირლანდიური „ლარნეს" წინააღმდეგ 77-ე წუთზე ჩაერთო უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო შეხვედრაში, „დინამო თბილისის აკადემიის" აღზრდილმა ლაშა ოდიშარიამ. რიგაში, LNK Sporta Parks-ზე გამართულ შეხვედრაში ლატვიურ RFS-სა და „ლარნეს" შორის დაპირისპირება, ქართველის გუნდის გამარჯვებით 3-0 დასრულდა.

 


ფოტო: @PFC Ludogorets 1945