ამასობაში, პარიზიც წამოგვეპარა...
ამასობაში, პარიზიც წამოგვეპარა...
09.07.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

სულ მალე, 26 ივლისს სტარტს ზაფხულის XXXIII ოლიმპიური თამაშები აიღებს. მოვლენა, რომელსაც უკვე საუკუნეებია, სპორტული და არა მხოლოდ, სპორტული სამყარო მოუთმენლად მოელის. სპორტული მოვლენა, რომლის დროსაც წესით, ყველა საომარი მოქმედება ჩერდება, თუმცა, 21-ე საუკუნეში, ეს თითქოს პატარა დეტალი, ერთ ქვეყანას არა და არ ახსოვს... „ოლიმპიური ზავი", დიდი ალბათობით, არც პარიზი 2024-ის დროს ამოქმედდება, თუმცა, მიუხედავად ამისა, საომარ მოქმედებებში ჩათრეული ერთი ქვეყანა, უკრაინა, ისე, როგორც 2008 წლის ოლიმპიური თამაშების დროს ვიყავით ჩვენ, საქართველო, მაინც შეეცდება ბრძოლას სპორტულ სარბიელზე და მედლების მოპოვებას. ალბათ, განსხვავებით საქართველოსგან, ჩვენს მეგობარ უკრაინელებს, ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეთა სიაც, უფრო მრავალრიცხოვანი ექნებათ, თუნდაც, იმიტომ რომ სათამაშო სახეობებში მიიღებენ მონაწილეობას. პარიზისთვის, სათამაშო სახეობებიდან, ამის შანსი ჯერ საქართველოს ფეხბურთელთა 21-წლამდე ნაკრებს ჰქონდა, ბოლოს კი, კალათბურთელებს შეეძლოთ ახალი ისტორია დაეწერათ და გამხდარიყვნენ პირველები, რომლებიც სათამაშო სახეობებში, ოლიმპიურ თამაშებზე წარმოადგენდნენ საქართველოს.

ამჯერად კი, საქართველო საკმაოდ მოკრძალებულად, მხოლოდ 28 სპორტსმენით და სპორტის 9 სახეობაში (ტყვიის სროლა, კრივი, ჭიდაობა (თავისუფალი და კლასიკური), ფარიკაობა, ბატუტზე ხტომა, ძალოსნობა, ძიუდო, მძლეოსნობა და ცურვა) იქნება წარმოდგენილი. პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიანტი სპორტსმენების ჩამონათალი ასე გამოიყურება:


 1.           ნინო სალუქვაძე /ტყვიის სროლა

2.            ლაშა გურული /კრივი

3.            გიორგი ყუშიტაშვილი /კრივი

4.            გოდერძი ძებისაშვილი /თავისუფალი ჭიდაობა, 65 კგ

5.            ვლადიმერ გამყრელიძე /თავისუფალი ჭიდაობა, 86 კგ

6.            გივი მაჭარაშვილი /თავისუფალი ჭიდაობა, 97 კგ

7.            გენო პეტრიაშვილი /თავისუფალი ჭიდაობა, 125 კგ

8.            რამაზ ზოიძე /ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 67 კგ

9.            რობერტ კობლიაშვილი /ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 97 კგ

10.         ლაშა გობაძე /ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 87 კგ

11.         სანდრო ბაზაძე /ფარიკაობა)

12.         ლუბა გოლოვინა /ბატუტზე ხტომა)

13.         შოთა მიშველიძე /ძალოსნობა, 61 კგ

14.         ირაკლი ჩხეიძე /ძალოსნობა, 102 კგ

15.         ლაშა ტალახაძე /ძალოსნობა, + 109 კგ

16.         გიორგი სარდალაშვილი /ძიუდო, -60 კგ

17.         ვაჟა  მარგველაშვილი /ძიუდო, -66 კგ

18.         ლაშა შავდათუაშვილი /ძიუდო, -73 კგ

19.         ტატო გრიგალაშვილი /ძიუდო, -81 კგ

20.         ლაშა ბექაური /ძიუდო, -90 კგ

21.         ილია სულამანიძე /ძიუდო, -100 კგ

22.         გურამ თუშიშვილი /ძიუდო, +100 კგ

23.         ეთერ ლიპარტელიანი /ძიუდო, -57 კგ

24.         ეთერ ასკილაშვილი  /ძიუდო, -63 კგ

25.         სოფიო სომხიშვილი  /ძიუდო, +73 კგ

ძიუდოს ქალთა და კაცთა შერეული ნაკრები გუნდი

26.         ლიკა ხარჩილავა  /მძლეოსნობა -  რბენა, 100 მ

27.         ანა ნიჟარაძე  /ცურვა, ბატერფლაი, 100 მ

28.         ნოე ფანცხავა   / გულაღმა ცურვა, 100 მ


ალბათ, ყველაზე მეტად, თვალში საცემი მოჭიდავეთა სიმცირეა, რადგან საქართველოს, ტრადიციულად, სწორედ ჭიდაობაში ეიმედებოდა ხოლმე მედლებით. არა, მედლებს, ახლაც მოველით და მაღალი სინჯების. იმედია, ქართული საჭიდაო ოჯახი, ნუგზარ წურწუმიას გარდაცვალებით გამოწვეულ ტკივილს, მოერევა და ის, ვინც პარიზში გავა, მისი ხსოვნისთვის იჭიდავებს.


ალბათ, საჭიდაო სახეობებში ჩვენი წარმომადგენლების სიმცირის (ეს ჩვენ ვერ ველევით წონებს, თორემ, ბევრი სხვა ქვეყანა, ამდენ წარმომადგენელზეც იოცნებებდა და ხელს მოაწერდა) საპირწონედ, ძიუდოისტების შემყურე სიამაყით ივსები, რადგან ერთი რომ, ქალებში „ვიმრავლეთ", თან რა დავმალოთ და მაღალ სინჯისთვისაც კარგ მადაზე ვართ. ბიჭებს რაც შეეხება, დაახლოებით თვენახევრის წინ, თბილისში გამართული ძიუდოს ოლიმპიური ნაკრების პრეზენტაციაზე შესულებს, თვალებში 7 ოქრო აგვიციმციმდა. მნიშვნელოვანია, რომ ჯუდოკები შერეულ გუნდურშიც, სრული გუნდით იასპარეზებენ და ეს ჩვენი ქვეყნისთვის სადებიუტო იქნება.


ბუნებრივია, მედლების მოლოდინი გვაქვს ძალოსნობაშიც. სადაც ლაშაა, იქ არა მარტო მედალს, ახალ რეკორდებსაც უნდა ველოდოთ. თუმცა, აქ გულდასაწყვეტია, რომ ლიცენზიანტთა შორის ვერ მოხვდა ანასტასია გოტფრიდი. სპორტსმენი, რეიტინგში მე-13 იყო და იმ შემთხვევაში, თუ ვინმე „ამოვარდებოდა" ლიცენზიანტებიდან, ანასტასია, ავტომატურად ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას შეძლებდა.


პირადად ჩვენი გვერდი, ღირსეულ გამოსვლას ელის რეკორდსმენი ქართველი ოლიმპიელისგან, ნინო სალუქვაძისგან და ლუბა გოლოვინასგანაც, რომელმაც, წინა ოლიმპიადა, საკმაოდ არასასიამოვნო კურიოზული ფორმალობის გამო გამოტოვა.


მედლის მოლოდინი გვაქვს ფარიკაობაშიც და კრივშიც, თან ამ ბოლო სახეობაში, პატარა სამართლიანობა გვაქვს დასამყარებელი და რევანშიც ასაღები. იმედია, გამოგვივა.


ბუნებრივია, თუნდაც, გასული, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშებიდან გამომდინარე, სადაც საქართველო 35 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი, 28 თვალში ცუდად გვხდება. ალბათ, სამომავლოდ ოლიმპიური სახეობების ფედერაციებს, ცოტა მეტი მოუწევთ „ჯიბეზეც ხელის გაკვრა" და ფედერაციების მარკეტინგული საქმიანობის დანერგვაც - გრძელვადიანი გათვლებით. მანამდე კი შეგახსენებთ, რომ ყველაზე მეტი მონაწილე, 40 სპორტსმენი, საქართველოს რიოში გამართულ ოლიმპიურ თამაშებზე ჰყავდა.


ჩვენი გვედრის ინფორმაციით, მომავალ კვირაში, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი, ქართული გუნდის ფიცის დადებისა და გაცილების ცერემონიას გამართავს. მანამდე კი, შეგახსენებთ, რომ პარიზის ოლიმპიური თამაშები საზეიმოდ 26 ივლისს გაიხსნება და 11 აგვისტოს დაიხურება. პარიზი, რომელმაც 1900 და 1924 წლებში უმასპინძლა ოლიმპიურ თამაშებს (და ლონდონის შემდეგ გახდა მეორე ქალაქი, სადაც 3-ჯერ ჩატარდა ოლიმპიადა), 100 წლის შემდეგ, კვლავ ამ უდიდესი ფორუმის მასპინძელია. პარიზთან ერთად, სახეობებიდან გამომდინარე (მაგალითად, ნიჩბოსნობის სახეობები) საფრანგეთის რამდენიმე რეგიონი 15 დღის მანძილზე, ძალზედ საინტერესო მოვლენების მომსწრე გახდება.