უკრაინელმა იაროსლავამ 37 წლის წინანდელი რეკორდი მოხსნა და პარიზის წინ კარგი განაცხადი გააკეთა
უკრაინელმა იაროსლავამ 37 წლის წინანდელი რეკორდი მოხსნა და პარიზის წინ კარგი განაცხადი გააკეთა
07.07.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

პარიზის ოლიმპიურ თამაშებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. ჩვენი გვერდი TSFF.ge, მიუხედავად იმისა, რომ  კვლავ ვერ მოხვდა ოლიმპიური თამაშების აკრედიტებული მედიის რიცხვში, შეეცდება ოლიმპიელებზე და თავად თამაშებზე საინტერესო ინფორმაციები მოგაწოდოთ.

უკრაინელი სიმაღლეზე მხტომელი ქალი იაროსლავა მაჰუჩიხი 37 წლის წინ დამყარებული მსოფლიო რეკორდის მოხსნას ახერხებს. დღეს, Charlety Stadium-ზე მძლეოსანმა, 210 სმ სიმაღლის ნიშნული, პირველივე მცდელობისას დაძლია და თავადაც, რთულად დაიჯერა რომ ეს მან შესძლო.


იაროსლავას ამ ნახტომამდე, მსოფლიო რეკორდი ბულგარელ სტეფკა კოსტადინოვას ეკუთვნოდა, რომელიც სპორტსმენს 1987 წელს, რომში ჰქონდა დამყარებული.


„ამ შეჯიბრზე გამოსვლამდე, ვგრძნოდი, რომ 207 სმ  დაძლევასაც და შესაძლოა 210-საც შევძლებდი. საბოლოოდ, მე მოვახერხე უკრაინის ჩაწერა მსოფლიო მძლეოსნობის ისტორიაში", - ამბობს 22 წლის სპორტსმენი, რომელმაც თავდაპირველად 207 სმ დასძლია და ამით უკრაინის რეკორდი დაამყარა, შემდეგ კი, ნიშნული კიდევ გაზარდა და საბოლოოდ 210 სმ-ც პირველივე ცდიდან დაიმორჩილა.


საინტერესო დეტალი, მაჰუჩიხმა, მშობლიური დნიპრო, რუსეთის მიერ გაჩაღებული ომის დაწყებისთანავე დატოვა. როგორც უკრაინის ბევრი სპორტსმენი იგი უცხოეთში შეუდგა ვარჯიშს და ერთი თვის წინ, ევროპის ჩემპიონის ტიტული მეორედ მოიგო. სწორედ იმ დროს, სპორტსმენმა მედიასთან გაკეთებულ კომენტარში აღნიშნა: „ჩვენ ყველა ჩვენი ხალხისთვისა და ჩვენი ჯარისკაცებისთვის ვიბრძვით. მსოფლიოში ყველას გვინდა დავანახოთ, რომ ვაგრძელებთ ბრძოლას, რომ ომი უკრაინაში არ დასრულებულა, სამწუხაროდ. ჩვენ ყველა სფეროში უნდა ვაჩვენოთ, რომ უკრაინა ძლიერია.


ოლიმპიური თამაშების დროს მენტალურად უნდა იყო ძლიერი და როგორც ჩემი მწვრთნელი ამბობს, ეს ზეიმია, რომელიც უნდა შეიგრძნო და ისიამოვნო", - ამბობს სპორტსმენი.


ის, რომ კონკრეტულად სიმაღლეზე ხტომაში ახალი რეკორდი დამყარდა, უკვე ფაქტია. ახლა საინტერესოა, მოახერხებს თავად უკრაინელი სპორტსმენი მის გაუმჯობესებას პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე, თუ, იაროსლავას ნახტომით შეგულიანებული სხვა მძლეოსნებიც შეეცდებიან რეკორდული ნახტომით, ოლიმპიური ოქროს მოგებას.



ფოტო: @AO_Sports