ქართველი მცველი, რომლის სახელიც ბოლო წლები სანაკრებო ცხოვრებას უკავშირდებოდა, ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე არ იყო. მიზეზი, ფეხბურთელის ტრავმა გახდა, რომელიც დათიმ ვერა და ვერ მოირჩინა. დღეს კი, მისი კლუბის, „კოპენჰაგენის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით ვიგებთ, რომ ფეხბურთელმა აქტიური სპორტიდან წასვლის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება.
„ჩვენ ვიცით, რომ დიდი ხნის მანძილზე გაწუხებდათ ტრავმები. ეს იყო რთული გადაწყვეტილება რომელიც მიიღეთ", - ამ შეკითხვით იწყებს, „კოპენჰაგენის" პრეს-სამსახური დათისთან გამოსამშვიდობებელი ვიდეო-რგოლში საუბარს, რომელიც ხოჭოლავას ემოციურობის გამო, რამდენჯერმე შეწყდა.
„ბოლო ნახევარ წელიწადში მიღებული ტრავმების გამო სამი ოპერაცია დამჭირდა. ვეცადე, ამ ტრავმების მოშუშება, მაგრამ მე, სამედიცინო გუნდმა და სამწვრთნელო შტაბმა საბოლოოდ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კარიერა უნდა დავასრულო", - ამბობს დათი ხოჭოლავა.
„ვხედავ შენს ტკივილს, რამდენად მძიმეა ამ გადაწყვეტილების მიღება?" - კითხა „კოპენჰაგენიდან".
„ძალიან მძიმეა... ბოლო ექვსი თვეც, ძალიან მძიმე იყო. თუმცა, ვთვლი რომ კარგი პერიოდიც მქონდა, როდესაც ჩემპიონთა ლიგაზე ვიასპარეზეთ. ვფიქრობ გოლებზეც. უბრალოდ, შემეძლო მეტი მეთამაშა. „ფაქინგ ქარიერ"..."- ამბობს ხოჭოლავა, რომელსაც უმძიმს, ფეხბურთიდან წასვლის, ამ ფაქტის გაცნობიერება და ცრემლები ახრჩობს, შესაბამისად, ინტერვიუს ჩაწერის დროსაც შესვენება ითხოვა.
„ჩვენ ყველას გვახსოვს შენი პირველი გოლი, შენ რა გახსენდება ახლა?" - კითხვა „კოპენჰაგენიდან".
„ახლა, როდესაც თამაშებზე ვფიქრობ, ყველა მატჩი კარგად გასახსენებელია, რადგან მნიშვნელოვანი იყო კლუბისთვის, გულშემატკივრისთვის... დაუვიწყარი სამი წელი იყო", - ამბობს დათი.
„62 თამაში, 3 გოლო, 12 ყვითელი ბარათი და ერთიც წითელი ბარათი... რომელი უფრო კარგად გახსენდება, ყვითელი ბარათები?"
„კი, ნამდვილად არ ჩამიტარებია ბევრი თამაში. კლუბში მოსვლის პირველ დღეს, ვერც წარმოვიდგენდი, რომ აქ მომიწევდა კარიერის დასრულება. ცოტა მეტის მოლოდინი მქონდა...", - ამბობს დათი და განაგრძობს, „მახსენდება თამაში, "ქლინ შით"... ეს იყო მართლა ის დრო, როდესაც ჩავთვალე, რომ ნამდვილად დავბრუნდი. ვიყავი ბევრად კარგად, მაგრამ შემდეგ ჩემმა მუხლმა შემახსენა ისევ თავი. ეს იყო ბოლო თამაში, რომელიც მე ჩავატარე.
ერთი რაც გავაცნობიერე, რომ ჩემს სხეულს აღარ შეეძლო ფეხბურთის თამაში. ექვსი თუ რვა თვეა, ჩვენ ვეცადეთ, პროფესიული თუ არაპროფესიული ხერხით, სხვადასხვა ტიპის ფიზიოთერაპიით, საქმის გამოსწორებას. ამან უამრავი დრო და ენერგია წაიღო".
დათი ხოჭოლავას ოჯახს, რომელსაც უყვარს ფეხბურთი, უყვარს ქალაქი სადაც არის და უყვარს კლუბი, რომელშიც ის მესამე წელია ირიცხება, დღეს ახალ რეალობაში უწევს გარკვევა.
„რთულია დამშვიდობება, მაგრამ არ ვემშვიდობები, რადგან უკვე დღეიდან მე ვეცდები ვიყო, მე-12 სექტორის ნაწილი. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ, თქვენ, ფანებს, კლუბს, მწვრთნელებს, ფიზიოს. კარგი სამი წელი იყო.
ემოციურად ძალიან რთული იქნება ახალ სეზონში გუნდთან გამომშვიდობება, მაგრამ მე უნდა მივიდე სტადიონზე და მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც კარგ და მძიმე პერიოდში მხარს მიჭერდა მე და ჩემს ოჯახს,"- ამბობს ხოჭოლავა და დასძენს, „ახლა როდესაც უკან ვიყურები, შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან ბევრი და კარგი მოგონება მაქვს, რომელზეც ბევრმა მოთამაშემ, უბრალოდ, შეიძლება იოცნებოს. ძალიან მადლიერი ვარ, მაგრამ ამავდროულად, ვიცი, რომ უფრო მეტის შესაძლებლობა მქონდა და რომ არა ჩემი მუხლი, კიდევ მქონდა დრო, მაგრამ... მაინც მადლიერი ვარ, რომ მაღალ დონეზე მოვახერხე თამაში.
დავტოვე თუ არა აქ მემკვიდრეობა? ვფიქრობ, ის დრო უფრო ინტენსიურად რომ გამომეყენებინა, ვიტყოდი რომ რაღაც კვალი დავტოვე, მაგრამ ახლა, მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ გუნდს დავეხმარე, ჩემპიონთა ლიგის თამაშებზე, სუპერლიგის თასის მოგებაში და „სახლში" დაბრუნებაში ორჯერ და მინდა ვთქვა, რომ მართლა მოხარული ვარ, რომ ამ გუნდს ხელი შევუწყე".
„მას შემდეგ უფრო აფასებ ყველაფერს, როცა ბოლოში გადიხარ...", ამბობს ხოჭოლავა, რომელიც მომავალში ფეხბურთიდან წასვლას არ აპირებს. გეგმავს საფეხბურთო მწვრთნელის ლიცენზიის აღებას, ამ მიმართულებით განვითარებას და სხვა ფეხბურთელების ხელშეწყობას, საკუთარი გამოცდილების გაზიარებას.
სხვათა შორის, დათის ამ განცხადების შემდეგ, ჩვენ TSFF.Ge დავუკავშირდით, ე.წ. ქართულ სამედიცინო შტაბს, სადაც გვითხრეს, რომ ფეხბურთის დანებების შესახებ, ქართველ მცველს, ისინი არაფრის დიდებით რეკომენდაციას არ მისცემდნენ. ხოჭოლავას, ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, ქართველ ექიმებთანაც ჰქონდა კონსულტაცია. და იყო ერთი „თუმცა"... ხოჭოლავას, გამოსაჯანმრთელებლად, ესაჭიროებოდა კიდევ ერთი და ურთულესი ოპერაცია, რომლის შემდეგ, სრულ რეაბილიტაციას დაახლოებით 2-3 წელი დასჭირდებოდა, ამ დროს კი, ფეხბურთელი უკვე 34 წლის იქნებოდა. შესაბამისად, რამდენად მოახერხებს ხოჭოლავა ამ დროის შემდეგ, მაღალ დონეზე თამაშს, ამ ეტაპზე საკმაოდ რთული სალაპარაკო იყო.
ფოტო: @F.C. København