გერმანიაში ევროპის 2024 წლის ჩემპიონატი დასასრულს უახლოვდება. მიუხედავად იმისა, რომ ტურნირი საკმაოდ კარგად იყო ორგანიზებული და ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის პერიოდში, მცირე გაუგებრობების მიღმა (მაგალითად ზოგ ქალაქში, DB-ის საინფორმაციო ცენტრებში, აკრედიტებული მედიის შესახებ, არ ჰქონდათ ინფორმაცია და მოგვიწია ბილეთების სრული ფასის გადახდა, ანდა, ვოლონტიორები უბრალოდ, არ იყვნენ ყველა ქალაქში იქ, რასაც უეფა-ს ევრო 2024-ის გაიდ-ბუქი გვპირდებოდა), ჩემპიონატი შესაშურად კორექტულად მიმდინარეობს.
თუმცა, რამდენიმე უცნაური ინციდენტი და მათ შორის ერთი, რომლის მოყოლაც თქვენთვის გადავწყვიტე, მაინც მოხდა. ჯგუფური ეტაპის ერთ-ერთი მატჩის დასრულების შემდეგ, რომელშიც ხორვატიის ნაკრები მონაწილეობდა, გუნდის ერთ-ერთი ქომაგი ლენარდ ბარიშიჩი, ქალმა დაკბინა. მიზეზი, იტალიასთან თამაშის შემდეგ, ხორვატი ლუკა ივანუშეჩის მიერ, ქომაგებში გადაგდებული მაისური გახდა, რომლისთვისაც ტრიბუნაზე ჩხუბი ატყდა. ბარიშიჩმა მაისური დაიჭრა, თუმცა, მას ის სამმა ადამიანმა წაართვა. სწორედ ამ მომენტში, ბარიშიჩს, იმას გარდა რომ გემრიელად მოხვდა, საბოლოოდ დაკბენილიც აღმოჩნდა. ამ ამბის მედიით გავრცელების შემდგე, ლუკა ივანუშეჩი დაზარალებულს ახალი მაისურის ჩუქებას დაჰპირდა. გერმანული პოლიცია კი, ლენარდის დამკბენლების წინააღმდეგ დიდი ალბათობით, ადმინისტრაციული მუხლით დასჯის.
კიდევე ერთი გახმაურებული ფაქტი, პორტუგალიისა და სლოვენიის ნაკრებების 1/8 ფინალური მატჩის დროს მოხდა. პორტუგალიური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მატჩებზე მომსახურე სტუარტები (და საკუთარი დაკვირვებითაც შემიძლია ვთქვა, რომ იყვნენ საკმაოდ უხეშები, რომლებიც არა თუ გეხმარებოდნენ, ზოგჯერ გიშლიდნენ კიდეც ხელს), როგორ სცემენ გულშემატკივარ. კერძოდ, ორიდან ერთს ურტყამენ თავში და სახეში, მეორე ქომაგი კი, ამ დროს აგდია და მას ამ მეთოდით აკავებენ. ბუნებრივია, ამ შემთხევასაც იძიებენ.
ბუნებრივია, ამ დონის შეჯიბრებზე პატარ-პატარა ინციდენტები სულ მოხდება. გერმანელი ძალოვანები, რომლებიც ევრო 2024-ს დაწყებიდან დღემდე, შეიძლება ითქვას უნაკლოდ ახორციელებენ საკუთარ მოვალეობას, პირობას იძლევიან, რომ კიდევ უფრო გაამკაცრებენ კონტროლს, თუმცა, პორტუგალიის ნაკრების და შესაბამისად, ქრისტიანუ რონალდუს ტურნირიდან „ჩახსნის" შემდეგ, მსგავსი ზომების გასატარებელი (ფეხბურთელის პოპულარობიდან გამოწვეული) ცოტაღა თუ რჩება, მბაპე და კეინი?
თუმცა, ისეთი ინციდენტებიც ხდება, მაგალითად, როგორიც ჩვენ გადაგვხდა თავს. საქართველოს ნაკრების პორტუგალიასთან გამარჯვების შემდეგ, გელზენქირშენის (ზუსტად ასე გამოთქვამენ საკუთრი ქალაქის სახელწოდებას იქ მცხოვრებნი) ქუჩები, თითქმის პარალიზებული იყო. ქართველები ვზეიმობდით... ტრამვაის ხაზი, რომლითაც ჩვენს საბანაკე ქალაქში, ვუპერტალში უნდა დავბრუნებულიყავით, ჩახერგილი იყო დაცარიელებული ვაგონებით (ვისაც თბილისში, წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის დროს, ჩამწკრივებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი აქვს ნანახი მიმიხვდება რასაც ვგულისხმობ). ასე, რომ გზის გაგრძელება ფეხით მოგვიხდა. შემდეგ, პირველივე ტრამვაის კი მოვახტით და გელზენქირშენის სადგურის ნაცვლად, ესენის ბანჰოფზე აღმოვჩნდით, მაგრამ სამწუხაროდ, მატარებელზე დაგვაგვიანდა. მაინც და მაინც, რეგიონალური მატარებლის ამ რეისმა არ დააგვიანა. შესაბამისად დილის 4 საათამდე ბაქანზე ყოფნა და ლოდინი მოგვიხდა. დრო არ დაგვიკარგავს, ვმუშაობდით და ყველაფერი მოვასწარით, თუმცა, ემოციურმა და ფიზიკურმა გადაღლამ თავისი ქნა. მატარებლის გამოჩენით გახარებულებს, აპარატურის სავსე ლურჯი ქეისი ბაქანზე დაგვრჩა და მხოლოდ, ერთი გაჩერების შემდეგ გაგვახსენდა. პირველივე გაჩერებაზე ჩამოვედით მატარებლიდან და უკან მიმავალ მატარებელს დაველოდეთ. მთელი 20 წუთი ველოდეთ, დავბრუნდით.
ბაქანზე სადაც ქეისი დაგვრჩა არაფერი დაგვხდა. ორად გავიყავით, ერა (დათო ერაძე) პოლიციის სათვალთვალო კამერების ოთხისკენ წავიდა, მე საინფორმაციო ჯიხურთან, სადაც სიმპათიური, 60 წელს მიტანებული, ჭაღარათმიანი, ატიპიური გერმანელი (რეალურად იშვიათად ვნახულობდი ასეთ ჯიხურებში გერმანელებს) დამხვდა. მთხოვა აღმეწერა, ნივთი როგორიც დავკარგე. შემდეგ მკითხა შიგნით რა იდოო. უკვე იმედი მომეცა და სხაპა-სხუპით ჩამოვუთალე ნივთები, რომლებიც ლურჯ ქეისში იდო და ისიც კი დავაყოლე, სამი აკუმულატორიდან რომელი რამდენ ხაზზე იქნებოდა ამ მომენტისთვის დატენილი. DB-ის თანამშრომელს გაეღიმა, ეს ხომ არ არისო, მკითხა და ჩემი ქეისი ამოიღო. სხვა დროს ყურადღებით იყავიო, პოლიციისთვის რამდენიმე საბუთზე ხელი მომაწერინა და ჩემი აპარატურა მშვიდობით გამომატანა უკან. თან მომაძახა, ძალიან მაგარი ნაკრები გყოლიათ, კარგად თამაშობენ და გადაეცი, ასე გააგრძელონო.