გადაწყდა - „ლანჩხუთი“ ქუთაისში ითამაშებს!
გადაწყდა - „ლანჩხუთი“ ქუთაისში ითამაშებს!
06.07.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დაახლოებით ორ თვეში, 4 სექტემბერს, საქართველოს ქალთა შორის მოქმედი ჩემპიონი „ლანჩხუთი", უეფა-ს ქალთა ჩემპიონთა ლიგის 2024-2025 წლების სეზონის გათამაშებაში დაიწყებს ასპარეზობას. ჩვენი გვერდი, TSFF.Ge უკვე იტყობინებოდა გუშინ, ნიონში, უეფა-ს შტაბ-ბინაში გამართული წილისყრის შესახებ, ასე, რომ მთელი რიგი დეტალებით აღარ შეგაწყენთ თავს.  გეტყვით მხოლოდ, რომ ქართული გუნდი მე-2 ჯგუფში, ავსტრიის „სტ. პოლტენთან", ალბანურ „ვლაჟნიასთან" და მეზობელი აზერბაიჯანის, ბაქოს „ნეფთჩისთან" ერთად მოხვდა. უკვე დღეს, ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული ჯგუფის მინი-ტურნირს საქართველო, კერძოდ კი, ქუთაისი უმასპინძლებს.

„ჩვენი ჯგუფი ქუთაისში ითამაშებს. სხვათა შორის, ავსტრიელებსაც ჰქონდათ სურვილი ამ მინი-ტურნირის მასპინძლობის, მაგრამ საბოლოო ჯამში, საკითხი ჩვენს სასარგებლოდ გადაწყდა. ალბანელებმა, ლოჯისტიკური გათვლებით, მხარი ავსტრიას დაუჭირეს. აზერბაიჯანელებმა კი, ჩვენ აგვირჩიეს", - ამბობს აკაკი ჩხაიძე, ქსკ „ლანჩხუთის" ერთ-ერთი ხელმძღვანელი.


ქალთა საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი", ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, პირველ, 1/2 ფინალურ შეხვედრას 4 სექტემბერს გამართავს და „ვლაჟნიას" დაუპირისპირდება. ამავე დღეს, მეორე 1/2 ფინალურ წყვილში, „სტ. პოლტენი", ბაქოს „ნეფთჩის" ეთამაშება. წყვილებში გამარჯვებულები, 7 სექტემბერს მომდევნო ეტაპზე გადასასვლელ საგზურს გაითამაშებენ. დამარცხებულები კი, მესამე ადგილისთვის იბრძოლებენ.


„ავსტრიული „პოლტენი" ძალიან ძლიერია. ის, „ჩელსის", „ბარსას" და ამ ტიპის გუნდებთან მეტნაკლებად თანაბრად მოთამაშეა. არა ნაკლებ საინტერესო გუნდია ალბანურიც. ორი წლის წინ, ჯგუფში მოხვდნენ „რეალთან" და „პსჟ"-თან ერთად. ბაქოელებს კი, წელს საერთოდ პირველად გამოჰყავთ გუნდი. ასე რომ „პოლტენი" არის ჯგუფის აშკარა ფავორიტი", -  ამბობს აკაკი ჩხაიძე.


ქართული გუნდი, ახლა სანაკრებო შესვენებაზეა. მოგეხსენებთ, ქალთა ეროვნულ ნაკრებს, რომელიც „ლანჩხუთის" ფეხბურთელებითაც არის დაკომპლექტებული, ამას გარდა, ქართულ კლუბში, ჩრდ. მაკედონიის ნაკრების ფეხბურთელიც ირიცხება, 12 და 16 ივლისს ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის მნიშვნელოვანი და ჯგუფის ბოლო მატჩების ჩატარება უწევს. შესაბამისად, „ლანჩხუთი" შეკრებას და შესაბამისად, უეფა-ს ქალთა შორის ჩემპიონთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას 25 ივლისიდან დაიწყებს.


კლუბის ხელმძღვანელობა, არ გამორიცხავს, რომ გუნდი ქართველი და უცხოელი ფეხბურთელებით კიდევ უფრო გაძლიერდეს, თუმცა, ამ ეტაპზე კონკრეტული გვარების დასახელებისგან თავს იკავებს.