საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს, რომელიც გერმანიიდან 2 ივლისს გამთენიისას დაბრუნდა, ისე დავხვდით, თვით ევროპის მომავალ ჩემპიონსაც კი შეშურდებოდა და გამომდინარე აქედან, სავარაუდოდ მომავალი ჩემპიონების დახვედრის საზეიმო ცერემონიის თამასაც აიწევს. თუმცა, ეს უკვე, ჩვენი საფიქრალი არაა.
ბუნებრივია, საქართველოში, სადაც ყოველთვის უყვართ ზეიმის გაყავისფერება, ახლაც გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებსაც საქართველოს ნაკრების ასეთი ზარზეიმით დახვედრა, გადამეტებულად ეჩვენათ. არც ის შედეგი აკმაყოფილებთ, რომელიც ვილი სანიოლის გუნდმა გერმანიაში აჩვენა. არადა, ევროპის 16 საუკეთესო გუნდს შორის, ბევრმა უფრო ტიტულოვანმა, მათ შორის იტალიის ნაკრებმაც ვერ მოახერხა მოხვედრა.
უნდა დავხვედროდით ნაკრებს ასეთი ზეიმით თუ არა? ბუნებრივია, შეიძლებოდა უფრო მარტივადაც, მაგალითად „დინამო არენაზე", იმ ადგილზე, სადაც ეს ზეიმი 26 მარტს დაიწყო, ანდა, სულაც მიხეილ მესხზე შეკრებილიყო გულშემატკივარი... ბოლო და ბოლოს, მართლა ევროპის ჩემპიონატის მთავარი თასით ხომ არ დავბრუნდით, მაგრამ...
გერმანიაში 16 ივნისს ჩავედით. დიუსელდორფის სააკრედიტაციო ცენტრში ოფიციალურად და საბოლოოდ დავრეგისტრირდით და იმ პატარა გერმანულ ქალაქ ვუპერტალში გავემგზავრეთ, რომელიც საქართველოს ეროვნული ნაკრების საბაზო ფელბერტთან ძალიან ახლოს იყო. ვუპერტალში, რა დასამალია და საქართველოს შესახებ, ძალიან ცოტამ თუ იცოდა. უფრო მეტიც, რამდენიმემ, ისიც კი გვითხრა, ააა, ხო რუსეთიო, რაზეც ჩვენგან სასტიკი პროტესტი და შემდეგ, საგანმანათლებლო საუბარი მოისმინა. ამის შემდეგ, რუკაზეც ნახეს საქართველოს მდებარეობა და ალბათ, ცოტა უფრო მერე, სხვა ინფორმაციებსაც გადააწყდებოდნენ.
გამომდინარე იქიდან, რომ ვუპერტალი დორტმუნდთან, გელზენკირხენთან, კიოლნთან ახლოს იყო, ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის თამაშები კი, ჩრ. რაინ-ვესტფალიის მიწის რამდენიმე ქალაქში ტარდებოდა, აქ, ელვის სისწრაფით, ევრო 2024-ის კალენდრის მიხედვით იცვლებოდნენ ქომაგები. ავსტრიელებს, მაგალითად გრაცის „შტურმით" და ოთარ კიტეიშვილით გავაცანით თავი, თურქებმა მეტ-ნაკლებად იცოდნენ ვინც ვიყავით, „შოთა-აჩი" მათ დღემდე სალაპარაკოდ აქვთ და შემდეგ, დორტმუნდშიც, სიამოვნებით იღებდნენ ფოტოებს შოთა არველაძესთან ერთად. სლოვაკებმა გაიგეს თუ არა ჩვენი წარმომავლობა გურამ კაშია, ჯაბა კანკავა, გიორგი ჩაკვეტაძე გაიხსენეს და შემდეგ უფრო სიღრმეებიდან ყველა ის ფეხბურთელი, ვისაც ოდესმე სლოვაკეთის ჩემპიონატში უთამაშია... იტალიელებმა, საქართველოს გაგონებაზე ეგრევე „კვარატხელია" შემოსძახეს... ასე, ნელ-ნელა 358 876 მოსახლითა და ძალიან ბევრი სტუმრით, პატარა, კოპწია და ინფრასტრუქტურულად გამართულმა ქალაქმა, ქართველები გაგვიცნო. მალე, სადგურთან მისასვლელ მოედანზე სახელდახელოდ დახატულ დროშებს შორის, საქართველოს დროშაც გამოჩნდა და ნელ-ნელა ამ ქალაქში ქართველებმაც უფრო იმატეს.
დორტმუნდში, საქართველოს ეროვნული ნაკრების სადებიუტო თამაშის წინა დღეს, რაღა დაგიმალოთ და ცოტა გზა აგვებნა. გზად 62 წლის გერმანელი ქალბატონი ანკე შეგხვდა, რომელიც სტადიონის გარშემო სეირნობდა და გაცილება შემოგვთავაზა. გზად, ბევრი ვილაპარაკეთ, მოგვიყვა დახურულ მაღაროებზე, რომელთაგანაც ერთი (სულ ორია ამჟამად დორტმუნდში) რამდენიმე წლის წინ კვლავ აამუშავეს, მოგვიყვა ლუდზე, რომელიც დორტმუნდში აუცილებლად უნდა დააგემოვნო და ისიც, ამ მაღაროელების სახელობისაა. საქართველოს შესახებ? კი, გაგონილი ჰქონდა, მაგრამ „იქ არ ხართ, სადღაც ყირგიზებს, ყაზახებს და ტაჯიკებს შორისო?", არადა, იმ ასაკის იყო, სტალინის გამო, მაინც რომ უნდა ვცოდნოდით, თან ისე, ძილში რომ გაეღვიძებინათ, რუკაზე გორიც კი, მოეძებნა დაუფიქრებლად. ასეა თუ ისე, ჩვენთან შეხვედრის შემდეგ, საქართველოთი დაინტერესდა. გაიგო, რომ თურმე ზღვაც გვაქვს და მთაც, სადაც ზამთარში თხილამურითაც ისრიალებს. კახეთში, ისეთ ღვინოს დააგემოვნებს, რომ ცხოვრებაში არ დაავიწყდება, მთასა და ხევში ხინკალს გასინჯავს, იმერეთში დინოზავრების ნაკვალევზე გაივლის, დმანისში ზეზვასა და მზიას ამბავს გაიგებს, სამეგრელოში და რაჭა-ლეჩხუმში კანიონებში ისეირნებს. თუ მოინდომა მტირალაზეც გაითრექინგებს და თუ გარისკა, უშბისა და მყინვარწვერის ღამის სათევებამდეც ავა, მხოლოდ ამ უკანასკნელზე ჩვენი რჩევით, აუცილებლად გიდებთან ერთად. გვისმენდა და კითხვას კითხვაზე გვისვამდა. ბოლოს დაასკვნა - ჩემს მეგობრებს ვეტყვი და აუცილებლად ჩამოვალთო, ასე დავშორდით...
ჰამბურგში, გაგიკვირდებათ და უფრო გვიცნობდნენ. თან, ერთი თამაში უკვე გამართული გვქონდა და რა დასამალია, ყველა აღნიშნავდა, რომ მინიმუმ ფრე უნდა დასრულებულიყო თურქებთან დაპირისპირება, თუ საქართველო არ მოიგებდა... თან ასაკიანებს, „დინამო თბილისიც" ახსოვდათ...
გელზენკირხენში, უკვე ქართულად გვხდებოდნენ. ალბათ, ამ ქალაქში, ყველა ნაკრებს, რომელმაც თამაში გამართა მსგავსი დახვედრა ჰქონდა, თუმცა, ამ ინდუსტრიულ ქალაქში, სადაც თვით პორტუგალიის წინააღმდეგ უნდა გვეთამაშა, ცოტა ამრეზად გვიყურებდნენ. მხოლოდ ეს, თამაშამდე იყო... მერე ოვაციით გვეგებებოდნენ და გვაცილებდნენ. სხვათა შორის ესენიდანაც, სადაც, უკვე დილის მატარებლისთვის მოგვიხდა მოცდა სადგურში.
ასე, ნელ-ნელა გერმანულ ქალაქებში გამოჩდნენ გულშემატკივრები, არაქართველები, არა საქართველოდან, არა ემიგრანტები, რომლებსაც კვარას, ჟორჟის, მამარდას, ჩაკვეს მაისურები ეცვათ, სახეზე საქართველოს დროშები ეხატათ, ქართველ ქომაგებთან ერთად მონაწილეობდნენ მსვლელობებში, უბრალოდ, დასეირნობდნენ თამაშამდე და თამაშის შემდეგ ქუჩებში და ცდილობდნენ, ეყვირათ სა-ქარ-თვე-ლო... თუ, სრულად საქართველოს ვერა, „ჯოს" ძახილში მაინც აჰყვებოდნენ ქართველებს. ლაპარაკობდნენ ქართული გუნდის კარგ თამაშზე, რიგ მომენტებში უიღბლობებზე და უკვე, ყველამ იცოდა, რომ საქართველოს ნაკრები იყო გუნდი, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე დებიუტი ჰქონდა, თამაშობდა ლამაზ ფეხბურთს და აბსოლუტურად ყველა გუნდთან თამაში და ბრძოლა შეეძლო...
ჩვენი გვერდის სპეციფიკიდან გამომდინარე, მაინც სპორტულ თემას რომ არ გადავუხვიოთ, საფეხბურთო კუთხითაც შევაჯამებდი თამაშებს. თურქებთან, ჩემი აზრით ძალიან გამართულად ვითამაშეთ, წეღანაც აღვნიშნე და ის მატჩი, მინიმუმ ფრედ უნდა დასრულებულიყო. დღემდე გული მწყდება... ჩეხებთან, უფრო იღბალი იყო ჩვენს მხარეს და ეს არანაირად არ აკნინებს ქართულ გუნდს, რადგან ძალიან ხშირად, ჩვენ, სწორედ იღბალმა მიგვატოვა. პორტუგალიასთან? პორტუგალიასთან ვიცეკვეთ, ისევე, როგორც რამდენიმე თვის წინ ჩვენი ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა თბილისის სპორტის სასახლეში ფუტსალში მოქმედ ჩემპიონებთან, პორტუგალიის ნაკრებთან, როდესაც ამ უკანასკნელის წაუგებელი მრავალწლიანი ციკლი დაასრულა... ვითამაშეთ გეგმის მიხედვით, გრამატულად და გამოვიყენეთ ჩვენი შანსები. ესპანეთთან, თან წვიმაში... აი, მართლა რაღაც მოჯადოებული წრესავით არის, რომელიც მომავალში აუცილებლად უნდა გავარღვიოთ. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ მსაჯებმა მასპინძელ გერმანიასთანაც გაატარეს ესპანეთის სასარგებლოდ მომენტები, ჩვენ, დებიუტანტებს ისედაც ბევრჯერ გაგვიმართლა და მოგვაქციეს (VAR-მა) ყურადღება. საერთო ჯამში, გუნდმა, რომელსაც პირველ რიგში უდიდესი ფსიქოლოგიური წნეხი ჰქონდა გადასალახი, ის პირველი თამაშის, პირველ 15 წუთში გადალახა. ფიზიკური დატვირთვა, ყოველ მეოთხე დღეს თამაში, თან ზედიზედ ჯგუფურის და შემდეგ 1/8 ფინალის - აი, აქ, ბოლო, ესპანეთთან თამაშის დროს ჩვენს გუნდს ცოტა დაღლა ემჩნეოდა, თუმცა, აქაც, ბოლომდე იბრძოლა!
ჰოდა, ახლა კითხვა - უნდა გვეზეიმა თუ არა, აქ, საქართველოში, ნაკრების ასეთი დებიუტი? იცით, ევრო 2024-მდე ბევრმა არა, მაგრამ იცოდნენ, რომ სადღაც, ევროპისა და აზიის გამყოფზე იყო ქვეყანა, რომელსაც ამერიკის შტატივით ჯორჯია ერქვა... ამ „ევრო"-ს შემდეგ, შესაძლოა ყველამ არა, მაგრამ უფრო მეტმა, ვიდრე აქამდე იყო, გაიგო, რომ შავი ზღვის პირას, არის ერთი პატარა ქვეყანა, რომელსაც საქართველო ჰქვია. არა „ჯორჯია", არა „გრუზია", არამედ საქართველო, ამაყი, იდეალისტი, ცოტა მეოცნებე და ლამაზი ხალხით და ეს, ამ ბიჭების, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების დამსახურებაა, რომელსაც ევროპის წამყვანი ნაკრებების გვერდით ადგილის მოსაპოვებლად, რაც საკმაოდ რთულია, ჯერ კიდევ დიდი გზა, მძიმე შრომა და ბოლოს იღბალი სჭირდება. ზეიმი კი, უბრალოდ, გულშემატკივრის მიმართ მადლიერება და უკვე შემოდგომის სტარტის წინ, მცირედი მოდუნების საშუალებაა, რომელიც ასევე, აუცილებლად იყო საჭირო.
პს - და როდესაც გუნდი ზეიმობდა, ჩვენ ნამგზავრებს, რომლებმაც ერთი საათით ჩამოვასწარით ნაკრებს თბილისში ჩამოსვლა, „გაგუდულებს" გვეძინა. ამიტომ, ამ სტატიას ფოტოდ, სფფ-ის ფოტოგრაფის და ჩვენი მეგობრის ლაშა კუპრაშვილის გადაღებული ფოტო დავურთეთ.