პირველად ქალთა ჭიდაობის ისტორიაში, კონტინენტურ პირველობაზე საქართველოს ჰიმნმა გაიჟღერა. ისტორია ნოვი სადში დაიწერა, სადაც 17- წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობენ. წარმატების შემოქმედი გახდა 15 წლის მირანდა კაპანაძე, რომელმაც 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში კვარცხლბეკის პირველი საფეხური დაიკავა.
მომავალი ტრიუმფატორი შეჯიბრში მერვედფინალიდან ჩაება. 8-0 მოუგო ხორვატ მეტოქეს. მეოთხედფინალში 8-6 დაამარცხა ნეიტრალური ქვეყნის წარმომადგენელი, 8-0 გაიმარჯვა აზერბაიჯანელ მოწინააღმდეგესთან და ოქროს მედლისთვის შეხვედრის უფლებაც მოიპოვა. მირანდა კაპანაძემ ფინალში თურქ ოზლემ გურსოისაც მოუგო (6-3) და გახდა პირველი მოჭიდავე, რომელმაც გოგონათა შორის ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი დაისაკუთრა.
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ვაჟთა ნაკრების ანგარიშზეც ერთი მედალია. ბრინჯაო მოიპოვა ვაჟა გაბედავამ (55 კგ).
ევროპის ჩემპიონატს თავისუფალი სტილით მოჭიდავეები დახურავენ, რომლებიც ასპარეზობას დღეიდან შეუდგნენ.