ქალთა საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი" 2024-2025 წლების სეზონზე უეფა-ს ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე მესამედ დაიწყებს ასპარეზობას.
დღეს ნიონში, უეფას შტაბ-ბინაში, ქალთა ჩემპიონთა ლიგის წილისყრა გაიმართა. დღევანდელ წილისყრაში 59 კლუბმა მიიღო მონაწილეობა, რომელთაგან 43 ადგილობრივი ჩემპიონის, ხოლო 16 მეორე ადგილოსანის ხაზით მონაწილეობს. ამ გუნდებს შორის, შვიდი, ახლადგამომცხვარი ჩემპიონია და მათ შორის არიან დანიური „ნორდსიელანდი", სერბული „ცრვენა ზვეზვდა" და თურქული „გალათასარაი". არიან დებიუტანტებიც ავსტრიიდან და უკრაინიდან. რაც შეეხება ქართულ ქალთა საფეხბურთო კლუბს „ლანჩხუთს", რომელიც დღევანდელ წილისყრაში, 59 გუნდს შორის მოხვდა, ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე უკვე მესამედ იასპარეზებს.
„ლანჩხუთი" ჩემპიონთა გზით შეეცდება, უეფა-ს ქალთა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდეს. აქ, 22 გუნდი განთესილ, 21 კი განუთესავ კლუბებს შორის მოხვდა, რომელთა შორის იყო „ლანჩხუთიც". გუნდები 11 ჯგუფში დაწყვილდნენ და მინი ტურნირების სახით გამოავლენენ გამარჯვებულებს. აღსანიშნავია, რომ ამ 11 ჯგუფიდან 10 ჯგუფი 4 გუნდიანი , ერთი კი 3 გუნდიანია. 4-4 გუნდიანი ჯგუფებში გუნდები თავდაპირველად 1/2 ფინალებს და შემდეგ კი, ფინალებში გამოავლენენ გამარჯვებულებს. ბუნებრივი, ამ მინი ტურნირის ფინალში გამარჯვებული გადავა უკვე მომდევნო ეტაპზე. რაც შეეხება 3-გუდიან ჯგუფს აქ, ერთი პირდაპირი წესით დაელოდება ფინალში სათამაშოდ 1/2 ფინალში გამარჯვებულ წყვილს.
ქართული „ლანჩხუთი" მე-2 ჯგუფში იასპარეზებს და 4 სექტემბერს, მისი 1/2 ფინალური მეტოქე ალბანური „ვლაჟნია" იქნება. წყვილში გამარჯვების შემთხვევაში კი, ქართული გუნდი, 7 სექტემბერს ავსტრიულ „სტ.პოლტენსა" და ბაქოს „ნეფთჩის" შორის გამარჯვებულთან ტურნირის ფინალში ითამაშებს.
ამ ეტაპზე უცნობია, თუ სად გაიმართება ჯგუფური, მათ შორის ქართული გუნდის მინი-ტურნირი, თუმცა, ჩვენი ინფორმაციით, ქართული მხარე, ყველანაირად ცდილობს, ტურნირის საქართველოში წამოღებას. შესაბამისად, ინფორმაციას ჯგუფური მინი ტურნირის გამართვისა და ქართველი ქალი ფეხბურთელების სხვა ქვეყნის კლუბების მონაწილეობით, მოგვიანებით მოგაწვდით.