როცა მოგებას აზრი აღარ აქვს - საქართველოს ნაკრები ოლიმპიადის მიღმა რჩება
როცა მოგებას აზრი აღარ აქვს - საქართველოს ნაკრები ოლიმპიადის მიღმა რჩება
04.07.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები ოლიმპიური ლიცენზიისთვის ბრძოლას გამოეთიშა. ალექსანდერ ჯიკიჩის გაწვრთნილმა გუნდმა რიგაში მიმდინარე საკვალიფიკაციო ტურნირზე ფილიპინების ნაკრები კი დაამარცხა, თუმცა ბურთების სხვაობის ხარჯზე, ოლიმპიური ლიცენზიისთვის ბრძოლას ფილიპინელები აგრძელებენ. ჩვენები კი, სამშობლოში დაბრუნდებიან.

პარიზში მოსახვედრად, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს დღეს 19 ქულით უნდა მოეგო. ფილიპინების წინააღმდეგ თამაში საჩვენოდ, კარგად დაიწყო. ჯიკიჩის გაწვრთნილმა ნაკრებმა ანგარიში 0-16 წაიყვანა და საწადელ ნიშნულთანაც ახლოს, იყო. თუმცა, სწორედ ამ მომენტში გამოიკვეთა ის კონტურები რომლის გაკონტროლებაც აუცილებლად უნდა მოგეხერხებინა. მოწინააღმდეგემ, 6 ქულა, პერიმეტრიდან ორი ზუსტი ნასროლით შეგვიმცირა. საბოლოოდ, პირველი მეოთხედი 11 ქულით მოვიგეთ, 17-28. ქართული გუნდიდან მარგი ქმედების კოეფიციენტით საუკეთესო გოგა ბითაძე იყო, მას და სანდრო მამუკელაშვილს 8-8 ქულა ჰქონდათ ჩაგდებული. 5 ქულა ჯო ტომასონის ანგარიშზე იყო. შეხვედრის ეს მონაკვეთი ქართველთა გუნდმა შემდეგი ხუთეულით დაიწყო - რატო ანდრონიკაშვილი, სანდრო მამუკელაშვილი, ჯო ტომასონო, თორნიკე შენგელია და გოგა ბითაძე.


აღსანიშნავია და მოვლენებს წინ გადავასწრებთ, დღეს, სრული დატვირთვით ითამაშა თორნიკე შენგელიამ, რომელიც ლატვიასთან პირველ მატჩში, ტრავმირებული შერმადინის მსგავსად ძალზედ დაგვაკლდა. ისიც სათქმელია, რომ თოკოს პირველ მეოთხედში მხოლოდ 3 ქულა ჰქონდა ანგარიშზე, პირველი ტაიმის შემდეგ კი, მისი გვარის გასწვრივ, 14 ქულა ეწერა. თუმცა, თუმცა ისევე, როგორც სანდრო მამუკელაშვილის გვარის გასწვრივ. აი, ამ მონაკვეთში გოგას ანგარიშზე კი მხოლოდ 2 ქულით მატება იყო.


საქართველოს ნაკრებმა, მეორე მეოთხედის სტარტზე მოახერხა სასურველი სხვაობის დაფიქსირება, ჩვენებმა ანგარიში 20-40 წაიყვანეს. თუმცა, ჩვენი გუნდის საზიანოდ, სწორედ ამ მონაკვეთში საგანგაშო გზავნილებმა ნელ-ნელა იმატა.  ფილიპინელებს, კარგად გამოსდიოდათ პერიმეტრიდან თამაში. რეალურად ქულების უმეტესობა სწორედ 3-ქულიანებზე მოდის. ერთ მომენტში, 11 ქულიანი გაქცევაც მოგვიწყეს.  კიდევ ერთი დეტალი, რამაც ალბათ, ასევე მოახდინა გავლენა ქართული გუნდის თამაშზე, საკმაოდ საკამათო გადაწყვეტილებები, რომლებიც მსაჯებმა ჩვენს საზიანოდ მიიღეს. ჩვენი აზრით, გუნდზე, რომელიც ახერხებდა, სასურველი ანგარიშით თამაშის წაყვანას, მოხდა ფსიქოლოგიური ზეწოლა და ეს, რათა თქმა უნდა, ყველაზე კარგად, სწორედ, კალათბურთელებმა შეიგრძნეს. 20-ქულიანი სხვაობა, უცბად 6 ქულამდე დავიდა, თუმცა, მთელი ამ პრობლემების მიუხედავად, გუნდმა მოახერხა მეოთხედის ერთი ქულით, 26-27, ტაიმის კი, 12 ქულიანი სხვაობით, 43-55 მოგება.  საინტერესო დეტალი - ჯიკიჩის გუნდმა, ფილიპინებთან, რომლებმაც თავის მხრივ პირველი შეხვედრა ლატვიელებს მოუგეს, ერთ ტაიმში ჩაუგდეს დღევანდელ მოწინააღმდეგეს იმდენივე ქულა, რაც ლატვიას ჯგუფის პირველ თამაშში.


მესამე პერიოდში ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა, ქართული ოცნებაც, მოვხვედრილიყავით ოლიმპიურ თამაშებზე ნელ-ნელა ნისლში გაეხვია, შემდეგ კი საბოლოოდ გაქრა. მესამე პერიოდის დასრულებამდე, 2'49'' წუთით ადრე, ფილიპინელებმა ანგარიში გაათანაბრეს 67-67. მოწინააღმდეგემ, ეს მეოთხედი 31-19 მოგვიგო! ამ დროს ფილიპინები, ერთ-ერთი ლიდერის, კაი სოტოს გარეშე თამაშობდნენ. თუმცა, ჩვენები ვერაფერს უხერხებდნენ ჯასტინ ბრაუნის, რომლის მარგი ქმედების კოეფიციენტმა თამაშის ბოლოს, 35% შეადგინა. სხვათა შორის, ისეთივე, როგორიც სანდრო მამუკელაშვილმა.


ფაქტია, რომ გადამწყვეტი პერიოდის წინ, ანგარიში 74-74 იყო. ეს კი, იმას ნიშნავდა, რომ ოლიმპიური თამაშების საგზურის მოსაპოვებლად, საქართველოს ნაკრებს ჰქონდა ზუსტად 10 წუთი 19 ქულის მოსაგებად. ეს კი, დაძაბულ გარემოში, რომელშიც როგორც ჩანს, თამაშის მიღმაც ბევრი საკითხი „გადაწყდა", ჩვენი გუნდისთვის მიუღწეველი აღმოჩნდა.


საქართველოს ნაკრებმა საბოლოოდ, 94-96 მოიგო (იხილეთ მატჩის სტატისტიკა), თუმცა, გუნდი პარიზის მიღმა დარჩა.


სავარაუდოდ, თბილისში დაბრუნების შემდეგ, ქართული გუნდის მთავარი მწვრთნელი მედიასთან, ქართულ გუნდთან ერთად სადებიუტო ტურნირზე უფრო დაწვრილებით ისაუბრებს.