ქართული სპორტული სამყარო, ფეხბურთელთა გუშინდელი ზეიმის შემდეგ, დღეს დადუმებულია. ჩვენი გვერდიც, ყველა სხვა გამოცემასთან თუ, სპორტულ ორგანიზაციასთან ერთად, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონის ნუგზარ წურწუმიას გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის სანათესაოს, მეგობრებს, საქართველოს ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციასა და სრულიად სპორტულ საზოგადოებას.
ნუგზარ წურწუმიას მსოფლიო ჩემპიონატზე, ოქროს მედლის გარდა, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები აქვს მოპოვებული. ის იყო ევროპის ჩემპიონატის ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალოსანი. 27 წლის მოჭიდავე, რომელიც 4 ივლისს, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა გუნდს, შეკრებაზე უნდა შეერთებოდა, 3 ივლისს, გარდაცვლილი ხობში, საკუთარ სახლში იპოვეს.
„როგორ მტკივა გული, არ ვიცი, როგორ აგიხსნათ.
ბევრი წელია, რამდენ შეჯიბრზეც კი ვიყავით ერთად, წონას რომ იკლებდა და საჭმელს ვერ ჭამდა, სტრესი ჰქონდა და სულ ჩემთან იჯდა ოთახში. ფრჩხილებს ისე იჭამდა, სულ ვეხუმრებოდი, ნუგო, მოდი ჩემი შეჭამე მეთქი.
სულ ვგრძნობდი, სად მოიგებდა და სად ბრინჯაოს აიღებდა, წინასწარ ვეუბნებოდი ხოლმე, სულ ვამასხარავებდი. ოსლოშია ეს ფოტოები გადაღებული, როგორც კი თაიგული მისცეს, ეგრევე მომირბენინა.
ჩცდ ში რომ ლუნა ქმარს დაჰკიოდა - ნუგოო, ეგრე ვეძახდი ხოლმე ტრიბუნიდან.
ეს მაისურიც მე გავუკეთე, მისი პირველი მსოფლიოს ოქრო და დიდებული კადრი.
მთელი ხობი ურეკავდა ხოლმე, რომ მოიგებდა, მეგრულად ლაპარაკობდა მთელი საათი, ტვინი ნუ ამაძრე მეთქი, სულ ვეხუმრებოდი.
ტელეფონში აზიზლის ბულკი, ასე მიწერია, სულ მინდოდა მისთვის მოეგო და დავცინოდი ხოლმე, აზიზლის ბულკი ხარ მეთქი.
შარშან მძიმე დაავადების მერე, დედა დაეღუპა, დედის გასვენების დღეს, მამას ინსულტი დაემართა და მალე მამაც დაეღუპა, მარტო დარჩა.
ზუსტად ვიცი, რამდენი აქვთ გაკეთებული ბიჭებს მისთვის, მის პირად და ნაკრების მწვრთნელს. ბიჭებს, ყველას. ვიცი ეს და სინანული არ მიპყრობს, რომ ვინმემ ის მიატოვა. მართლა ყველაფერს აკეთებდნენ. შეკრებაზე უნდა ჩასულიყო დღეს. ელოდებოდნენ.
არ ვიცი, ნუგო, რა გადაგიტრიალდა თავში დღეს, მაგრამ მომენატრები. გული გამიტეხე.." - წერს სოციალურ ქსელში სპორტული ჟურნალისტი მაგდა კლდიაშვილი, რომელიც ყველაზე ხშირად აშუქებდა ჭიდაობის სახეობებს და სპორტსმენებთანაც სხვა სპორტული მედიისგან განსხვავებით, უფრო მჭიდრო კონტაქტი აქვს.
შეგახსენებთ, რომ 55კგ წონით კატეგორიაში ნუგზარ წურწუმია, მსოფლიო ჩემპიონი 2019 წელს გახდა, როდესაც ყაზახეთში, ადგილობრივი სპორტსმენი შორლან ჟაკანშა დაამარცხა.
ფოტო: © სეოკ