ბოლო ტური რეგულარულის დასრულებამდე და სანაკრებო შესვენების დაწყებამდე
ბოლო ტური რეგულარულის დასრულებამდე და სანაკრებო შესვენების დაწყებამდე
30.06.2024
ავტორი: სფფ / თამარ ჯიშკარიანი

26 ივნისს, ქალთა ლიგის რეგულარული ჩემპიონატის ბოლო ტური დაიწყო. თბილისსა და გვიმბალაურში სამი შეხვედრა გაიმართა. ზედა ოთხეულში მყოფი გუნდებიდან სამმა, მორიგი 3-3 ქულის აღება მოახერხა.

თბილისში, სფფ-ის საფეხბურთო ცენტრში, გათამაშების ლიდერმა „კვარტალმა" დიდი ანგარიშით, 13-0 დაამარცხა ხობის „კოლხეთი".  უკვე პირველი ტაიმის შემდეგ, თბილისელები ნათია დანელიას პოკერისა და ანასტასია ბოლქვაძის გოლების წყალობით 5-0 იგებდნენ. შესაბამისად, მეორე ტაიმშიც, „კვარტალმა" იმავე სულისკვეთებით გააგრძელა. გოლები, ოთხმა ფეხბურთელმა ანასტასია ბოლქვაძემ (23', 75', 89'), ნინი ბერიძემ (63', 74') და ლიზი დარჩიაშვილმა (86') გაიტანეს. თუმცა, ცალკე გამოსაყოფია 2023 წლის ქალთა ლიგის სეზონის ტრიუმფატორის ნათია დანელიას შედეგი, რომელმაც, პირველი ტაიმის პოკერს, მეორეში ჰეთ-თრიქი დაუმატა და საბოლოოდ, რეგულარული ჩემპიონატისა და სანაკრებო შეკრებამდე ბოლო შეხვედრა შვიდი გოლით (25', 33', 36' 42', 51', 53', 82') დაასრულა. „კვარტალმა" რეგულარული ჩემპიონატი 37 ქულით და 69 გატანილი გოლით დაასრულა.


კიდევ ერთი შეხვედრა თბილისში, „ნიუ ვიჟენის" სტადიონზე გაიმართა. რეგულარული ჩემპიონატის მესამე ადგილზე მყოფმა „ნიკე-ლუსომ", „ნორჩ დინამოს" უმასპინძლა. თბილისური დერბი, ნიკელთა გამარჯვებით, 10-0 დასრულდა. ამ შეხვედრაში, მე-5 წუთზე, ანგარიში ნინო ბუხრიკიძემ გახსნა და ამავე ტაიმში, საკუთარი გუნდის სასარგებლოდ, კიდევ ორი გოლი დაამატა (7', 43' ). კიდევ ერთი გოლი, შეხვედრის ამ მონაკვეთში, ანანო წიქარიძის ანგარიშზეა (35').  „ნიკე-ლუსომ" შეხვედრის ეს მონაკვეთიც 4-0 მოიგო. მატჩს მეორე ნაწილში კი, ნიკელებმა კიდევ 6 გოლი გაიტანეს. ათვლა, 50-ე წუთზე, მაიკო ბებიამ დაიწყო. პირველი ტაიმის მსგავსად, ჰეთ-თრიქი (57', 75, 86') ნინო ბუხრიკიძის ანგარიშზეა. ალბათ, აქვე უნდა აღვნიშნოთ, ბუხრიკიძის გაცუდებული 11-მეტრიანი რომ არა, ერთ ტურში, ორი ფეხბურთელი გვეყოლებოდა, რომლებმაც ერთ მატჩში 7-7 გოლი გაიტანეს. ამ თბილისურ დერბიში კი, დარჩენილი ორი გოლიდან ერთი თამარ მოდებაძის (62') და ერთც ანანო წიქარიძის (67') ანგარიშზეა.


საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა, „ლანჩხუთმა", რომელიც ამ ტურამდე მეორე ადგილზე იყო, ქვედა ოთხეულში დარჩენილ „მართვეს" უმასპინძლა. გვიმბალაურის სფფ-ის ტექნიკურ ცენტრში ანგარიში პირველივე წუთზე მარიამ კაპანაძის გოლით გაიხსნა. მე-8 წუთზე ანა სინატაშვილმა, ანგარიშის გათანაბრება მოახერხა. თუმცა,  ტაიმის მიწურულს, 38-ე წუთზე ანა წულაიამ, 39-ზე კი, ლანა გორგაძემ თითო გოლი გაიტანეს და პირველი ნახევარი „ლანჩხუთმა", 3-1 მოიგო.  69-ე წუთზე, გორგაძემ დუბლი გაიფორმა. „ლანჩხუთმა", საბოლოოდ 4-1 მოიგო, რეგულარული ჩემპიონატი კი, 36 ქულით და მეორე ადგილით დახურა.


ამ ტურის და შესაბამისად, რეგულარული ჩემპიონატის ბოლო შეხვედრა „ელიტასა" და „ბათუმს" შორის ხვალ, თბილისში, სფფ-ის ვარკეთილის საფეხბურთო ცენტრში გაიმართება და თბილისის დროით, 20:00 საათზე დაიწყება.


შეგახსენებთ, რომ ამ ტურით, საქართველოს რეგულარული ჩემპიონატი სრულდება. ამის შემდეგ, გუნდები ზედა და ქვედა ჯგუფებში გადანაწილდებიან. ზედა ჯგუფი მედლებისთვის იბრძოლებს. ქვედა ჯგუფში დარჩენილები კი, ძლიერთა შორის დარჩენას შეეცდებიან. აქვე გეტყვით იმასაც, რომ გუნდებს ჯგუფებში, მხოლოდ ურთიერთშეხვედრების ქულები და გოლები გადაჰყვებათ. თუმცა, ზედა და ქვედა ჯგუფებში თამაშების დაწყებამდე, ქალთა პირველობაზე სანაკრებო შესვენება ცხადდება.