წვიმასა და ესპანეთს ვერ მოვერიეთ, თუმცა, ეს დროც მოვა...
წვიმასა და ესპანეთს ვერ მოვერიეთ, თუმცა, ეს დროც მოვა...
01.07.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

არის თუ არა დასანანი, რომ წავაგეთ? ბუნებრივია არის, თუმცა, არის ერთი თუმცა, რომელიც აუცილებლად გასათვალისწინებელია და ეს ე.წ. „გაპრავება" არ არის. საქართველოს ნაკრებმა წააგო ევრო 2024-ის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ნაკრებთან. გუნდთან, რომელიც ჯერ-ჯერობით დაუკარგავად მიდის და რომელსაც თუ არ ჩავთვლით, ერთ ამხანაგურს, რომელშიც „ოქრის" გოლით მოვიგეთ, ჯერ-ჯერობით ვერაფერს ვუხერხებთ. ეს ვნახეთ, ევრო შესარჩევზე თბილისში და შემდეგ ვალიადოლიდში. საქართველოს ნაკრებმა კი, თავის სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე ალბათ, ცოტა იმაზე მეტი გააკეთა, ვიდრე მისგან მოველოდით. გააკეთა ბრძოლითა და თავდადებით და ეს, სამომავლოდ იმედს იძლევა. ამასთან, რაც არ უნდა სახელოვან კლუბებში თამაშობდნენ და რაც არ უნდა წარმატებულნი იყვნენ სანაკრებო და საკლუბო ფეხბურთიც, რომ საკმაოდ განსხვავებულია, ამაშიც უნდა შევთანხმდეთ. მოკლედ, რასაც ახლა თვალს ვადევნებთ, ამ თაობის ფეხბურთელების გაზრდა-დაკაცებაა საფეხბურთო თვალსაზრისით.

საქართველოს ნაკრები, რომ სახიფათო იყო კონტრშეტევების დროს ეს კარგად ვიცოდი. გოლმა თავიდან დაგვაბნია, მაგრამ შემდეგ ბევრი მომენტი შევქმენით და 8:1-იც შეიძლებოდა ყოფილიყო ანგარიში. თამაშს ვაკონტროლებდით, ბევრი მომენტი შევქმენით. ეს მოგება დასაფასებელია, რადგან კარგი მეტოქე გვყავდა", - იტყვის მატჩის შემდეგ, მედიასთან შეხვედრისას ლუის დე ლა ფუენტე, რომლის შეგირდებმაც, ისე იმოქმედეს, როგორც დაგეგმეს - ცივი გონებითა და თამაშის გაკონტროლებით. მოულოდნელმა ავტოგოლმა, ესპანელთა ტრიბუნა მცირე ხნით დაადუმა, თუმცა, მას შემდეგ რაც მეორე ტაიმში მათი გუნდი დაწინაურდა, წვიმას, მათი ტრიბუნიდან ლუდის ტალღაც შეერია.


„ევროპის ჩემპიონატი დღეს დავასრულეთ და 2026 წლის მუნდიალზე გასვლაზე ლაპარაკი ძალიან ადრეა. გვქონდა ცუდი და კარგი პერიოდები, მაგრამ ეს ყველგან ხდება. ახლა მშვიდად უნდა გავაანალიზოთ, თუ რა გავაკეთეთ და რა გზა გავიარეთ. რა თქმა უნდა, უკანასკნელი შედეგებით კმაყოფილები ვიქნებით, რადგან ნაკრებმა გასაოცარი ევოლუცია განიცადა. ვამაყობ ფეხბურთელებით. ახლა ამ გზის დასასრულამდე მივედით, მაგრამ, იმედია, შემდეგ კიდევ უფრო უკეთესი გზა იქნება", - ამბობს ვილი სანიოლი, საქართველოს ეროვნული ნაკრები მთავარი მწვრთნელი, რომლის გუნდმაც, სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფიდან გასვლა და ევროპის 16 საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრა შესძლო.

ესპანეთისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების შეხვედრის პირველი ტაიმი ფრედ, 1-1 დასრულდა. იმავე შემადგენლობით, რაც პორტუგალიასთან და მამარდაშვილის კარგი თამაშის ხარჯზე, ვილის გუნდმა, პირველ ტაიმში, რეალურად, პირველივე მწვავე კონტრშეტევის დროს მოახერხა ესპანელებს შეცდომა დაეშვათ და კვარაცხელიასკენ მიმავალი ბურთი ლე ნორმანდმა საკუთარ კარში ჩაჭრა. შესაძლოა, ესპანელებს პირველივე ტაიმში რომ არ გაეთანაბრებინათ, მეორე ტაიმის სტარტიც სხვანაირი ყოფილიყო. თუმცა, პირველ ტაიმში გაშვებულ გოლთან ერთად, ჩვენ კიტეიშვილის ტრავმაც დაგვატყდა თავს. სანიოლიმ, გაუთვალისწინებელი შეცვლა გააკეთა.


მეორე გოლი ფაბიან რუისი გაგვიტანა. აი ამ მომენტიდან კი, ჩვენს დაცვას, ცოტა მღელვარება დაეტყო. ესპანელებმა კი, ზეწოლას უმატეს. ჩვენც გვქონდა მომენტები, მაგალითად კვარაცხელიას, რომელმაც შორი მანძილიდან დაარტყა და ბურთი მცირე მანძილით ასცდა კარს. ესპანელებმა, კი ჩვენი ყველა შეცდომით ისარგებლეს და საბოლოოდ, 4-1 მოგვიგეს.


საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში გაკეთებული შეცვლები, ალბათ, უფრო „უთამაშებელი" ბიჭებისთვის, ამ დონის ტურნირზე და გუნდთან სათამაშო გამოცდილების მისაღებად უფრო იყო გათვლილი, რადგან დღეს, ესპანეთის ნაკრები მეტის გაკეთების საშუალებას ჩვენ არ მოგვცემდა.


კიოლნის სტადიონიდან „ფურია როხა" 1/4 ფინალში ევრო 2024-ის  მასპინძელ გერმანიის ნაკრებს შეხვდება. ეს მატჩი 5 ივლისს 20:00 საათზე დაიწყება. საქართველოს ნაკრები კი, კიდევ ერთ დღეს საბანაკედ გამოყოფილ ფელბერტში დაბრუნდა და 2 ივლისს, თბილისში, ჩარტერული რეისით ჩამოვა.