ესპანელებს ვილის გუნდის სწრაფი კონტრშეტევები აფიქრებთ
ესპანელებს ვილის გუნდის სწრაფი კონტრშეტევები აფიქრებთ
30.06.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

2023 წლის ნოემბერში, როდესაც საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო მატჩს ჩასატარებლად ესპანეთში იყო ჩასული, ჩვენი ნაკრების ხვალინდელი მეტოქის მწვრთნელს და სხვათა შორის, არც მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც გუშინ და დღეს, ბლომად იყვნენ იქ სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრები გამოჩნდა, ჩვენს შესახებ, კითხვაც არ დაუსვამთ.  ალბათ, ესპანეთის ნაკრებთან, ჯგუფში, რომ მოვხედრილიყავით, იგივე გამეორდებოდა. თუმცა, ახლა ჩვენი ხვალინდელი მოწინააღმდეგე სხვა რეალობაშია და მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსა და ესპანეთის ეროვნული ნაკრებები, ხვალ მერვედ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, ესპანეთის ნაკრების სამწვრთნელო შტაბი, ცოტა შეფიქრიანებულია.

„გონიერება, სიმშვიდე ეს არის ის, რაც ესპანეთის ნაკრებს სჭირდება საქართველოს წინააღდეგ შეხვედრაში. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ის გუნდია, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ პორტუგალიას მოუგო. მე კი, ფეხბურთში ბევრი მაქვს ნანახი. ახლა, ევროს ახალი ეტაპი იწყება და ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს თამაში, სულაც არ იქნება მარტივი", - ამბობს ლუის დე ლა ფუენტე.


საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებები, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ხვალ მერვედ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. უკვე გამართულ 7 შეხვედრაში, რომელთაგან ერთი იყო ამხანაგური, ესპანეთმა 6-ჯერ გაიმარჯვა, საქართველომ ერთხელ და ისიც, იმ ამხანაგურში. ესპანეთმა 19 გოლი გაგვიტანა, ჩვენ 4. თუმცა, აღსანიშნავია, რომ იმ ორ შეხვედრაში, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიამ ხვალინდელი მეტოქის წინააღმდეგ ითამაშა, ორივეში გოლები მიითვალა.


დე ლა ფუენტეს, არ უნდა, რომ ის ორი გამარჯვება კავკასიელებზე, რომელიც ევრო შესარჩევის დროს მოიპოვა, მისი გუნდისთვის მირაჟი გახდეს. ესპანეთის თავკაცს, განსაკუთრებით თბილისში 1-7 მოგებულ შეხვედრაზე, კარგი მოგონებები აქვს, თუმცა, ამბობს, რომ „თბილისში და შემდეგ ვალიადოლიდში, ვაჩვენეთ, რომ შეკრული გუნდი ვართ. ოჯახად ვიქეცით და იმ მომენტიდან უფრო გავძლიერდით. მაგრამ, საქართველოს ნაკრებმაც ისწავლა ბევრი რა, და მათი მწვრთნელიც აღიარებს, რომ ახლა გერმანიაში, სწორედ ამის გამო არიან", - ამბობს ლა ფუენტე.


ესპანეთის ნაკრები ევრო 2024-ზე ერთ-ერთი ფავორიტია და ის გუნდია, რომელმაც ჯგუფში დაუმარცხებლად იასპარეზა და მომდევნო ეტაპზე ქულების მაქსიმუმით გადავიდა. დაამარცხა ხორვატია 3-0 და შემდეგ იტალიასა და ალბანეთს ერთნაირი ანგარიშით 1-0 მოუგო. მაშინ, როდესაც საქართველოს უხარია, რომ წერს ისტორიას, ესპანეთს აქვს პრეტენზია კიდევ ერთხელ მოიგოს ევროპის ჩემპიონატი.


„ვილი სანიოლის გუნდი, არის სწრაფი კონტრშეტევების დროს, ამ შემთხვევაში ყურადღებით თამაში გადამწყვეტი იქნება. ისინი, ძლიერები არიან სტანდარტულების დროს. შესაბამისად, თამაშის ყველა ფაზის დროს ყურადღებაა საჭირო", - აღნიშნავს  ესპანელთა თავკაცი.


შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების შეხვედრა, თბილისის დროით ხვალ, 23:00 საათზე დაიწყება.