რთულ მეტოქესთან ბრძოლა და... რატომაც არა?
რთულ მეტოქესთან ბრძოლა და... რატომაც არა?
29.06.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ქართულ სექტორებზე ბილეთები სალაროს გახსნისთანავე გაიყიდა. შესაბამისად, ხვალ, საქართველოს ეროვნული ნაკრები, კიოლნში, მარტო არ იქნება. თუმცა, ჩვენი გუნდი, გერმანიაში ჩასვლისთანავე ყურადღების ცენტრში მოექცა. ახლა, როდესაც ჯგუფური ეტაპის შემდეგ ფელბრტში, გადმოვცხოვრდი, ახლოს სადაც, საქართველოს ნაკრები ვარჯიშობს და თამაშებისთვის ემზადება, გაოცებას ვერ ვმალავ, როდესაც ვხედავ, მაღაზიიდან მიმავალ ადგილობრივ მაცხოვრებელს, საქართველოს ნაკრების ფორმაში გამოწყობილს. ამ პატარა დასახლების ადმინისტრაციული შენობის წინ ისევ ამაყად ფრიალებს საქართველოს დროშა. მთელს დასახლებაში შეხვდები ბანერებს „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ფელბერტში".


ის, რომ აქ ყველაფერი კეთილია და ალალი, ადგილობრივების დამოკიდებულებიდან მიხვდები, როგორც კი იგებენ, საიდან ვართ. ცდილობენ, ფეხბურთზე გელაპარაკონ, საქართველოს ნაკრების თამაშით და ალბათ, უფრო ბრძოლით, აღფრთოვანება გამოთქვან და მომდევნო თამაშებში წარმატება გისურვონ. მაშინაც კი, როდესაც ავტობუსის მძღოლი, რომელსაც IMS ARENA-მდე გზა ჰკითხე, გამოგელაპარაკა, გაარკვია ვინ ხარ, არ დაგიმალა, რომ ესპანელია და ესპანეთის წინააღმდეგ თამაშში წარმატება გისურვა.

 


სასტუმროს წინ, რომელშიც ჩვენი ნაკრები 10 ივნისიდან არის დაბანაკებული, ყოველ დღე რამდენიმე ათეული გულშემატკივარი ცდილობს გუნდი გაამხნევოს. ასე იყო დღესაც, როდესაც ესპანეთთან თამაშის წინ, ბოლო ვარჯიშიდან გუნდი დაბრუნდა.


ვილი სანიოლის მეთვალყურეობით, საქართველოს ნაკრებმა დღეს სრული შემადგენლობით ივარჯიშა, თუმცა, გუნდს ხვალ ანზორ მექვაბიშვილი დააკლდება. ფეხბურთელს მატჩის გამოტოვება ყვითელი ბარათების გამო უწევს. შესაბამისად, ხვალ განაცხადში საქართველოს ნაკრებს 25 ფეხბურთელი ეყოლება.


„გუნდში ძალიან პოზიტიური გარემოა. დიდი მონდომებით და შემართებით ვემზადებით. მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთის სახით რთული მეტოქე გვყავს, ვეცდებით, რომ ჩვენთვის არ დამთავრდეს ევროპის ჩემპიონატი და ეს ბედნიერი დღეები, რაც ყველამ ერთად გავიარეთ, კიდევ გავიხანგრძლივოთ", - ამბობს ოთარ კაკაბაძე, რომელიც მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ქართულ გუნდში სტაბილურად კარგად თამაშობს.


ევრო 2024-ის მერვედფინალური შეხვედრა საქართველოს და ესპანეთის ნაკრებებს შორის 30 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.


სფფ-ს ფოტო