ახალი ფურცლის დასაწერად სამზადისი...
ახალი ფურცლის დასაწერად სამზადისი...
29.06.2024
ავტორი: მარიამ მესხი

საქართველოს ეროვნული ნაკრები ხვალ, კიოლნში, ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის ახალი ფურცლის დაწერას შეეცდება. ჩვენი ნაკრები ბოლო წელიწადნახევრის მანძილზე ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მრისხანე, ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. დღეს სანაკრებო ბანაკებში დიდი სამზადისია და ბუნებრივია, ამ სამზადისში მატჩის წინა პრეს-კონფერენციებსაც ვგულისხმობთ. პირველი მედიას, კიოლნის სტადიონზე ქართული გუნდის წარმომადგენლები შეხვდნენ.

ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა და გიორგი მამარდაშვილმა ესპანეთთან დაპირისპირების წინ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.


ვილი სანიოლი: „რა თქმა უნდა, პორტუგალიის მატჩის შემდეგ ძალიან ემოციური დღე გვქონდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ფეხბურთელებმა ძალები კარგად აღიდგინეს და ერთი სული აქვთ, რომ ხვალ მოდანზე გავიდნენ.


არ მახსოვს ესპანეთთან 7-1 მატჩი, ამიტომ კომენტარს არ გავაკეთებ. ცხოვრებაში წინ რომ წახვიდე, ესეთი მომენტები უნდა გქონდეს გავლილი. სირთულეების გარეშე დიდი მიღწევებიც ვერ გექნება. დღეს, ევროპის ჩემპიონატზე ვართ და დარწმუნებული ვარ, ესპანეთთან 7-1 მარცხმა ძალიან ბევრი რამ გვასწავლა. ესპანეთი, მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საუკეთესო გუნდია, და რა თქმა უნდა, ხვალ რთული მატჩი გველოდება. რთულია ამის მეტი რამე ვთქვა. 4-ჯერ ვეთამაშეთ და 4-ჯერვე წავაგეთ, მაგრამ ახლა სხვა ტურნირია, სხვა გარემო, ყველაფერი შეიძლება მოხდეს.


ვფიქრობ, რომ საქართველოში ჩამოსვლისას არაფერი ვიცოდი ამ ქვეყნის შესახებ, ჩვენი კულტურა, მენტალიტეტი განსხვავდება, ცოტა რთული იყო, თუმცა ვფიქრობ, რომ საქართველოში ჩემი პოზიცია ვიპოვე. ბევრ დროს ვატარებ საქართველოში და ამით ბედნიერი ვარ. თუ არ მოგწონს ადგილი, სადაც ხარ, შენს საქმეს კარგად ვერ გააკეთებ.


ფლეი-ოფში, მოთამაშეებთან სხვა დამოკიდებულება და მიმართვები გაქვს. ჩვენს დაცვას და დისციპლინას დიდ მნიშნელობას ვანიჭებ. ფეხბურთი ჭადრაკი არ არის, უნდა ითამაშო გრძნობით, ემოციით, გამოცდილებით. პორტუგალიის წინააღმდეგ, საქართველოს ყველა საუკეთესო მხარე ვიხილეთ.


ჩემს ფეხბურთელებს მოტივაციის მისაცემად არ ვჭირდები. ფაქტი, რომ ევროპის ჩემპიონატზე ვართ, ამაზე მეტი მოტივაცია არ სჭირდებათ. მათ შეიძლება ჩემგან ჭირდებოდათ ცოტა მენტალობა, სიმშვიდე.


მხოლოდ იმაზე თუ იფიქრებ, როგორ დაიცვა თავი, რაღაც მომენტში დაიღლები და კარგი არაფერი მოხდება. პორტუგალიის წინააღმდეგაც შესანიშნავი მომენტები გვქონდა და იგივეს ველოდები ესპანეთის წინააღმდეგაც.


როდესაც ესპანეთს ეთამაშები, საფრთხეს ყველა მხრიდნა უნდა ელოდე, მათ შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავთ. მაგრამ ფეხბურთი, მხოლოდ ინდივიდუალურობაზე არ არის, გუნდური სპორტია. ესპანეთმა ეს ძალიან კარგად აჩვენა, ისევე, როგორც საქართველომ.


გადაწყვეტილებებს იმაზე დაყრდნობით ვიღებ, რასაც ვხედავ, რასაც ვგრძნობ. არასდროსაა მარტივი, საქართველოში ბევრი ძალიან კარგი ფეხბურთელი გვყავს და ვცდილობ, რომ გუნდისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებები მივიღო. ჩვენ მოედანზე გავალთ თავდაჯერებულები იმიტომ, რომ დასაკარგი არაფერი გვაქვს.




გიორგი მამარდაშვილი: „როგორც რიგითი ქართველი, კვარას ვგულშემატკივრობ, და ვფიქრობ, რომ ის მსოფლიოში საუკეთესო ფებურთელია და ოქროს ბურთსაც იმსახურებს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ესპანელებს პატივს არ ვცემ, მათ შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავთ. მაგრამ როგორც რიგითი ქართველი, ვფიქრობ, რომ ხვიჩა კვარაცხელია არის საუკეთესო ფებურთელი.


ჩემი აზრით, ესპანეთი ითამაშებს გახსნილ ფეხბურთს, შეგვიტევენ, მაგრამ ჩვენ უნდა ვითამაშოთ ისე, როგორც პორტუგალიასთან, დაცვაში უშეცდომოთ. ველოდებით დაძაბულ და რთულ თამაშს.


ყოველი თამაშის წინ შესწავლილი მყავს მეტოქე გუნდის მოთამაშეები და პენალტებისთვის, რა თქმა უნდა, ესპანეთთან მატჩის წინაც მზად ვარ.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე F ჯგუფში 4 ქულა დააგროვა და მერვედფინალური საგზური მოიპოვა. ჩვენმა გუნდმა პირველი შეხვედრა თურქეთის წინააღმდეგ წააგო, ჩეხეთთან ფრედ ითამაშა, გადამწყვეტ შეხვედრაში კი ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტს, პორტუგალიის ნაკრებს ანგარიშით 2-0 მოუგო.


შეგახსენებთ, რომ ევრო 2024-ის მერვედფინალში საქართველოსა და ესპანეთის ნაკრების შეხვედრა კიოლნში 30 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი, პირველი არხი სპორტი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ.