საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა, პარიზის ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ტურნირისთვის მზადება დაასრულა. სამი მოსამზადებელი სპარინგიდან ბოლო, ჩვენმა გუნდმა ლატვიურ იურმალაში გამართა და ეგვიპტის ნაკრებს 78-46 სძლია. გამომდინარე იქიდან, რომ მატჩი დახურული იყო, ჯიკიჩის გუნდის თამაშის მსვლელობაზე, მხოლოდ, ოფიციალური სტატისტიკით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომლის მიხედვითაც თორნიკე შენგელიას შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია. ყველაზე დიდი დრო პარკეტზე რატი ანდრონიკაშვილმა გაატარა - 24'04'', ყველაზე მეტი ქულა კი, გიორგი კორსანტიამ დააგროვა - 16.
საქართველოს ნაკრებს, როგორც ჩანს მოსამზადებელი ეტაპის მანძილზე იტალიასთან და კამერუნთან განცდილი მარხციდან, ცოტა განწყობა პირველ მეოთხედშიც გადმოჰყვათ, რომელიც ფრედ, 17-17 დასრულდა. თუმცა, ამის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა მოახერხა „დალაგება" და ნელ-ნელა უპირატესობის გაზრდა. მაგალითად, მეორე მეოთხედის ბოლო 6 წუთში, ქართველებმა 22-0 გაიმარჯვეს, საბოლოოდ კი, პერიოდი 25-7 მოიგეს. შესაბამისად, დიდ შესვენებაზე კომფორტული უპირატესობით, 18 -ქულიანი სხვაობით გავიდნენ, 42-24.
მატჩს სცენარი არ შეცვლილა არც დარჩენილ დროში. ჯიკიჩის გუნდი უპირატესობას ზრდიდა. ერთ მომენტში სხვაობამ 30 ქულასაც მიაღწია. საბოლოოდ კი, ჩვენებმა 32 ქულით გაიმარჯვეს და შეიძება ითქვას ცოტა განწყობა გამოიკეთეს.
ოლიმპიური საკვალიფიკაციო ტურნირის შეკრებაზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში იყო 14 კალათბურთელი, რომელთაგან ტურნირის განაცხადში მხოლოდ 12 მოხვდება. დიდი ალბათობით, ჯიკიჩი შემადგენლობას დღეს, დღის ბოლომდე დაასახელებს. მანამდე კი მას, აღნიშნული შეკრების დროს ყველა მოთამაშის გამოცდა მოუხდა. ბოლო სპარინგში, მოედანზე, ჩენი ნაკრების ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე 16 წლის ათუკა ბახტაძეც გამოვიდა, რომელმაც ეროვნულ ნაკრებში თავისი დებიუტი ბურთის პირველივე შეხებისას, რატი ანდრონიკაშვილის გადაცემის შემდეგ ჩაგდებული ორქულიანით აღნიშნა.
გიორგი კორსანტიას შემდეგ, ბოლო სპარინგში თავი გამოიჩინა სანდრო მამუკელაშვილმა ორმაგ დუბლამდე თითო ქულა-მოხსნა დააკლდა სანდრო მამუკელაშვილს, რომელმაც 9 ქულა, 9 მოხსნა და 6 პასი მიითვალა. 6 პასი ჰქონდა რატი ანდრონიკაშვილსაც, ხოლო გოგა ბითაძემ, რომელსაც ეგვიპტელები ძალიან უხეშად ეთამაშებოდნენ, 13 ქულა დააგროვა.
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გვედრის ცნობით, ჩვენი ნაკრები იურმალაში 30 ივნისამდე დარჩება და კვირას რიგაში, უშუალოდ ტურნირის გამართვის ადგილას გაემგზავრება. შეგახსენებთ, რომ ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირი 2 ივლისს დაიწყება და საქართველო ამ დღეს ლატვიას, ხოლო 4 ივლისს ფილიპინებს შეხვდება.
ფოტო: კალათბურთის ნაკრები