დღეს, გერმანულ ფელბერტში, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მოკლე შესვენების შემდეგ, ვარჯიში განაახლა. ვილი სანიოლის გაწვრთნილ გუნდს, რამდენიმე დღეში ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ უწევს თამაში. დღეს, საქართველოს ნაკრების ბაზაზე, მედიისთვის 15 წუთი ღია იყო, ამას გარდა, მატჩამდე იმუშავა შერეულმა ზონამ და ერთ-ერთი ვინც ქართველ და საერთაშორისო მედიასთან კომენტარი გააკეთა, ოთარ კიტეიშვილი იყო. ფეხბურთის გულშემატკივარს მოეხსენება, რომ კიტეს, ტრავმის გამო, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ორი მატჩი გაუცდა. პორტუგალიასთან კი, მან საკმაოდ დიდი შრომა გასწია.
„რთულია ემოციების გადმოცემა, რადგან ასეთ ტურნირზე ჩვენ პირველად ვართ. ჯგუფური ეტაპიდან გასვლა დაუჯერებელი რამაა, მაგრამ ჩვენ ვართ ქართველები და ასეთები. თავიდან, როდესაც ევროზე ვლაპარაკობდი, ყველა იმაზე საუბრობდა როგორ მოვახერხეთ ამის გაკეთება. ახლა ჯგუფური ეტაპი გავიარეთ და ყველა იმაზე ლაპარაკობს, როგორ უნდა დავამარცხოთ ესპანეთი. ჩვენ ვართ ამბიციური ხალხი და ვცდილობთ ეს ამბიცია, ჩვენი შანსებისთვის გამოვიყენოთ.
ესპანეთის მრავალმხრივი მოთამაშეები ჰყავთ, სხვადასხვა სათამაშო სტილით. თუ რომელიმეს დასახელებას მთხოვთ კონკრეტულად ვინგერებს გამოვარჩევდი- უილიამსი და იამალი, მაგრამ ჩემი საყვარელი მოთამაშე პედრია.
რაც ახლა საქართველოში და აქ, ჩენი გულშემატკივრების გარშემო ხდება, წარმოუდგენელია. ჩვენ, ხალხი გავაბედნიერეთ. ჩემთვის რთულია სათქმელია, რადგან მე ტრავმირებული ვიყავი და არ ვიცოდი მოვახერხებდი თუ არა თამაშს. თუმცა, ყველაფერი ის რაც აქ ბოლო 10 დღის მანძილზე ხდება, ჩვენთვის დაუვიწყარია. ეს არის ჩვენი პირველი გამოსვლა ასეთ ტურნირზე და თამაშისკენ მიმავალი, როცა ვხედავთ, როგორ მიდიან ისინი ჩვენი დროშებით სტადიონზე, წარმოუდგენელი გრძნობაა. ჩვენ ამით ძლიან ამაყები ვართ.
ეს გუნდი ვილი სანიოლიმ შექმნა. ძალიან ძლიერი, განსაკუთრებული ვითარებაა გუნდში. ძალიან კარგი განწყობაა გუნდში, ყველამ იცის თვისი ადგილი. თამაშებისთვის ყველა მზადაა. მას შეუძლია ყველა მოთამაშესთან კარგი კომუნიკაცია, ფსიქოლოგიურად თამაშებისთვის კარგად განგვაწყობს.
ესპანეთთან თამაშზე ჯერ არ გვილაპარაკია. დარწმუნებული ვარ, ესპანეთთან თამაშის წინ, ვილი იპოვის საჭირო სიტყვებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები, პირველად, თავის არსებობის ისტორიაში, 30 ივნისს, ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის 1/8 ფინალში, ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.