თითო გოლი თით ტაიმში, ერთი „კვარასგან", მეორე ჟორჟისგან, „კვარას" რონალდოს მაისური, ჟორჟის სამ თამაშში სამი გოლი. გიორგი მამარდაშვილის რამდენიმე კარგი სეივი და დიდი ალბათობით, მინიმუმ ჯგუფური ეტაპის საუკეთესო მეკარეობასაც გამოჰკრას ხელი. დღეს კი, „მამარდას" შემდეგ, მატჩს საუკეთესო ფეხბურთელად (მატჩისა სადაც თვით ქრისტიანუ რონალდო თამაშობდა) ჩვენი ხვიჩა კვარაცხელია ხდება.
„ხვიჩა კვარაცხელია მადლობა, რასაც ვიტყოდი თამაშზე, ეს იყო გუნდური გამარჯვება, ყველას დავუმტკიცეთ რომ ყველა გუნდთან შეიძლება თამაში. შემდეგ თამაშზე მაქსიმალურად ვეცდებით, ხვალიდან უკვე მაქსიმუმი კონცენტრაცია მომავალ თამაშზე. მადლობა გულშემატკივარს, ვინც სტადიონზე მოვიდა რომ ასეთ საქმეს აკეთებთ ქართული ფეხბურთისთვის.
კი გამოვართვი. ბედნიერი ვარ რონალდოს მაისური მაქვს, შემდეგ ეტაპზე გავედი. დღეს ყველა ბედნიერია, ახალი ფურცელი დავწერეთ არავის ეგონა, რომ ჯგუფიდან გავიდოდით, პორტუგალიას მოვუგებდით. ალბათ, ამიტომ ვართ ძლიერი, შემოვუძახეთ ერთმანეთს. სადაც არის რწმენა, ეს ვაჩვენეთ, რომ საქართველოს ნაკრებს ყველაფერი შეგვიძლია", - ამბობს კვარა, რომელმაც სურვილი აისრულა და რონალდოს მაისურიც დაიმსახურა საჩუქრად.
საქართველოს ნაკრებმა, გელზენკირხენში, ბევრად მრისხანე პორტუგალიელებს გულშემატკივრობაშც აჯობა და გატანილი გოლების რაოდენობაშიც. ხვიჩამ, გამარჯობა არ დაგვამთავრებინა, ისე გაიტანა გოლი და დატოვა გაღიმებული პორტუგალიელებიც და თითქმის მთელი მსოფლიოდან რონალდოს საქომაგოდ ჩამოსული გულშემატკივარიც.
უეფა-ს ვებ-გვერდის ინფორმაციით და ისედაც, ნანახით, პორტუგალიის ნაკრებმა, მიუხედავად იმისა, რომ აკლდა რამდენიმე წამყვანი მოთამაშე, თითქმის მთელი თამაში და განსაკუთრებით პირველი გოლის შემდეგ რამდენიმე წუთი აკონტროლა ბურთი. კარში დარტყმებიც მათ სასარგებლოდ იყო, 23-ჯერ შემოგვიტიეს. ჩვენ ეს 5-ჯერ გავაკეთეთ. კარის ჩარჩოში 5-ჯერ დაგვირტყეს, ჩვენ სამჯერ. პორტუგალიელების 8 დარტყმული დავბლოკეთ. კუთხური, ჩვენმა მოწინააღმდეგემ, 11-ჯერ ჩააწოდა, ჩვენ ერთხელ. არ ვიცი, რამდენად გახსოვთ, მაგრამ ვილი სანიოლიმ, ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ მისი გუნდი დაელოდებოდა მომენტს და მან და მისმა გუნდმა, დღეს, ეს გააკეთეს...
თამაშის საკვანძო მომენტები კი ასე გამოიყურება:
2' - მიქაუტაძის გადაცემის შემდეგ გოლი ხვიჩა კვარაცხელიას გააქვს.
17' - მამარდაშილმა რონალდუს საჯარიმოდან დარტყმული აუღო.
28 '- ფრანცისკო კონსეისაოს დარტყმული მცირე მანძილით ასცდა კარს.
47' - რონალდუს დარტყმული გარედან მოხვდა ბადეს
50' - კართან ახლოს გაივლის კვარაცხელიას დარტყმული;
57' - მიქაუტაძეს გააქვს 11-მეტრიანი, რომელიც ლუკა ლოჩოშვილის წაქცევის გამო დაინიშნა. ეს, ჟორჟის მეორე პენალტი არის, ამ ჩემპიონატზე, მესამე გოლი მესამე თამაშში
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი, როგორც ზევით აღვნიშნეთ, ხვიჩა კვარაცხელია ხდება. საქართველოს ნაკრები კი, ევროპის 16 საუკეთესო გუნდს შორის ხვდება და ახლა, 30 ივნისს, კიოლნში, კარგად ნაცნობ ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. თამაში, თბილისის დროით, 23:00 დაიწყება.
ჩვენ აქ, გერმანიაში გაჩერებას, ჯერ-ჯერობით არ ვაპირებთ. დღეს, კიდევ ერთხელ, გუნდმა იმუშავა და ეს თამაშიც ყველამ ერთად მოიგო.