საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, დღეს, პორტუგალიასთან შეხვედრამდე ბოლო ვარჯიში გამართა. ფელბერტის IMS არენაზე ვილი სანიოლის გუნდმა სრული შემადგენლობით ივარჯიშა.
ვარჯიშამდე, ქართველთა მწვრთნელმა დააანონსა რომ ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტ, პორტუგალიის წინააღმდეგ, საქართველოს ნაკრებში იქნება სიახლეები. ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა არ გამორიცხა, რომ სასტარტო შემადგენლობაში შესაძლოა, ბევრი დასვენებული ფეხბურთელი ვიხილოთო.
ქართველი და უცხოელი მეიდიისთვის მატჩს წინ კომენტარი გიორგი გოჩოლეიშვილმა და ლევან შენგელიამ გააკეთეს.
„უნდა ჩვენი თამაში ვითამაშოთ, ვიბრძოლო და შედეგი იქნება. ევროპის ჩემპიონატი, ყველა ფეხბურთელისთვის გამოცდილებაა. თამაშობ, არ თამაშობ, არ აქვს მნიშვნელობა. ვემზადები და ვითამაშებ თუ არა, მწვრთნელის გადასაწყვეტია", - ამბობს გოჩოლეიშილი.
„განვიხილეთ პორტუგალიის ნაკრები. ყველამ ვიცით რა სიძლიერის გუნდიც არის. უბრალოდ, ის მუხტი რაც საქართველოშია და ჩვენშიც არის, თამაშის ხარისხი, გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ხვალინდელი თამაშში მოსაგებად გავალთ, იმედიანად ვართ, ვეცდებით ჩვენი პლიუსების გამოყენებას, მაგრამ ვიცით, რომ ურთულესი თამაში იქნება და შეცდომები არ უნდა დავუშვათ", - ამბობს ლევან შენგელია.
მაშინ, როდესაც საქართველოს ნაკრები ფელბერტში ვარჯიშობდა, გელზენკირხენში, მომავალი მატჩის მასპინძელი სტადიონის, „აუფ შალკე არენას" საპრესკონფერენციო ოთახში, მედიას ჩვენი მომავალი მეტოქეები, პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი და ფეხბურთელი პასუხობდნენ.
|
„გამარჯვებისთვის მნიშვნელოვანია ერთობა და სულისკვეთება, რაც აქამდე გვგქონდა, შენარჩუნდეს. ხვალინდელ თამაშში მოგება, ჩვენთვის აუცილებელია. საქართველო ძალიან კარგი გუნდია, საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურებოდა თურქეთთან და ჩეხეთთან. ამ მატჩისას ნუ ელოდებით შემადგენლობაში რევოლუციურ ცვლილებებს, აი მაგალითად არ მიყვარს მეკარეების შეცვლა იმიტომ რომ მათ მუდმივი კონტაქტი უნდა ჰქონდეთ გუნდთან. საკვალიფიკაციო ჯგუფი მოვიგეთ, მაგრამ გაჩერებას არ ვაპირებ. შემადგენლობა იქნება ძლიერი და კონკურენტული", - ამბობს რობერტო მარტინესი, პორტუგალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი.
„შევისწავლეთ საქართველოს ნაკრები, ძალიან ძლიერი მენტალიტეტით, რომელიც არასოდეს ნებდება და საერთოდ, არ ველოდები მარტივს შეხვედრას. ძალიან კონკურენტუნარიანი გინდია, თავისი ძლიერი და სუსტი მხარეებით, რომელსაც ვსწავლობთ", - ამბობს ჟოაო ფელიქსი.
ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი შეხვედრა საქართველოს და პორტუგალიის ნაკრებებს შორის 26 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
სტატიაში გამოყენებულია fpf.pt-ის ფოტოები