გიორგი შერმადინმა „ტენერიფესთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა. ამის შესახებ, ესპანური კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი წერს და ქართველი ცენტრის დამსახურებებზე ლაპარაკობს. ამასთან ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ სწორედ, გიოს დამსახურებით, კლუბმა ბოლო წლებში დიდ წარმატებას მიაღწია.
„ბედნიერი ვარ კიდევ ერთი წელი დავრჩე „ტენერიფეში". აქ, მე და ჩემი ოჯახი, თავს ძლიან კარგად ვგრძნობთ. ვფიქრობ, რომ კლუბთან ერთად, ბოლო წლებში, საკმაოდ კარგი სამუშაო გავაკეთეთ", - ამბობს შერმო, კომენტარში, რომელსაც ასევე კლუბის სოციალური ქსელი ავრცელებს.
შერმადინის კონტრაქტი მისი გაგრძელების შესაძლებლობას იძლეოდა. შესაბამისად, კლუბმა, ამ დეტალით ისარგებლა და ქართველს ტენერიფეში დარჩენა სთხოვა. „შერმადინს დიდი წვლილი მიუძღვის გუნდის ბოლოდროინდელ წარმატებებში. გასულ სეზონში ის ესპანეთის ლიგის სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა, საშუალოდ 12 ქულას, 5.2 მოხსნასა და 1.4 პასს აგროვებდა. მარგი ქმედების კოეფიციენტი 17.7 ჰქონდა.
მას შემდეგ, რაც „ტენერიფეში" ჩაირიცხა, შერმადინმა ყველა ტურნირზე, ჯამში, 258 ოფიციალური მატჩი გამართა: 163 - ესპანეთის ჩემპიონატში, 9 - ესპანეთის თასზე, 2 - ესპანეთის სუპერთასზე, 79 - ჩემპიონთა ლიგაზე და 4 - საკონტინენტთაშორისო თასზე", - ნათქვამია კლუბის მიერ გავრცელებულ ცნობაში.
შეგახსენებთ, რომ 5 სეზონში, რომელიც შერმომ დღემდე „ტენერიფეს" რიგებში ითამაშა მოახერხა ჩემპიონთა ლიგისა და საკონტინეტთაშორისო თასის მოგება. ის ორჯერ (2020/21 და 2022/23), დასახელდა ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ. ასევე, ყველაზე მეტჯერ (13) გახდა თვის საუკეთესო და კვირის საუკეთესო (22) კალათბურთელი.
აქვე შეგახსენებთ, რომ ტრავმის გამო, რომელიც გიომ „ტენერიფეში" ასპარეზობისას მაისის ბოლოს მიიღო, ვერ ეხმარება საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს, რომელსაც ივლისის დასაწყისში პარიზის ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ტურნირზე უწევს ასპარეზობა. თუმცა, იმ შემთხვევაში თუ ჩვენები გავლენ მომდევნო ეტაპზე, დიდი ალბათობით, შერმო გუნდთან ერთად იქნება.