ჯგუფური ეტაპები დასასრულს უახლოვდება, დარჩა 11 საგზური...
ჯგუფური ეტაპები დასასრულს უახლოვდება, დარჩა 11 საგზური...
25.06.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

გუშინ, 24 ივნისს დილიდან გერმანულ დიუსელდორფში ალბანელები მანქანებით „დარბოდნენ" ქუჩებში, დროშებს აფრიალებდნენ, მღეროდნენ, და ხალისობდნენ. ზოგჯერ წესრიგსაც არღვევდნენ, მაგრამ მერე პოლიციელის მზერასაც იჭერდნენ და ეგრევე კანონის ფარგლებს უბრუნდებოდნენ. ბუნებრივია, მათ მშვენივრად ესმოდათ, რომ ესპანეთის წინააღმდეგ, შანსებიც ცოტა ჰქონდათ და ჯგუფიდანაც ვერ გავიდოდნენ, თუმცა, ევროპის ჩემპიონატში მათი ქვეყნის მონაწილეობას „ირგებდნენ". საბოლოოდ კი იცით, რომ ესპანეთმა მინიმალური ანგარიშით 0-1 მოიგო და ჯერ-ჯერობით ჯგუფიდან ქულების მაქსიმუმით გავიდა.

ამავე ჯგუფში, საკმაოდ რთული შეხვედრა გამოდგა, ხორვატიასა და იტალიას შორის. 50-ე წუთის შემდეგ, ამ თამაშში მოვლენები საკმაოდ საინტერესოდ ერთი გუნდისთვის და მეორესთვის დრამატულად წარიმართა. დონარუმამ, მოდრიჩს პენალტი აუღო და თამაში გაგრძელდა, თუმცა, წუთი იყო გასული ამ მომენტიდან როცა, ხორვატმა მაინც გაიტანა იტალიელს. იმავე სიტყვების თქმა შეიძლება, მხოლოდ, პირიქით, უკვე მატჩზე მსაჯის მიერ კომპენსირებულ წუთებზე, როდესაც ბოლო წამებზე, ხორვატებს 3 ქულა და შესაბამისად ჯგუფიდან გასვლა, ძაკანის ულამაზესმა გოლმა გადაუვადა. მატჩი ფრედ, 1-1 დასრულდა.


იტალია, ამ ჯგუფიდან ესპანეთთან ერთდ გავიდა და გერმანიასა და შვეიცარიის ნაკრებებს შეუერთდა, რომლებმაც 1/8 ფინალში თამაშის უფლება ერთი დღით ადრე მოიპოვეს. შედეგის მიუხედავად, ჯგუფური ეტაპის ბარიერი დაძლეული აქვს პორტუგალიის ნაკრებსაც, რომელსაც F ჯგუფის ბოლო შეხვედრა, საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ უწევს 26 ივნისს.


შესაბამისად, დღევანდელ სათამაშო დღემდე, 1/8 ფინალის 11 საგზურია დარჩენილი. აქედან, ოთხი ნაკრები დღეს საბოლოოდ გაიფორმებს, მათ. დანარჩენი შვიდის კი, 26 ივნისს, F ჯგუფის შეხვედრების დასრულების შემდეგ. ვინაიდან, როგორც მოგეხსენებათ, ექვს ჯგუფში საუკეთესო პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდების გარდა, გათამაშების მომდევნო ეტაპზე გადადის კიდევ ოთხი, გუნდი, მათ ვისაც საუკეთესო მესამე ადგილი ექნებათ.


დღევანდელი მოცემულობით, ამ სამეულში უკვე არის უნგრეთი, რომელსაც A ჯგუფში 3 ქულა აქვს, ავსტრია, რომელსაც ასევე 3 ქულა აქვს D ჯგუფში და E ჯგუფიდან ნებისმიერი, სადაც ორი ტურის შემდეგ ყველა გუნდს 3-3 ქულა აქვს. შესაბამისად, თუ ხვალ, საქართველოს ნაკრები მოიგებს პორტუგალიასთან, სიტყვა „ოცნებაზე", ალბათ, ბევრი პოლიტიკურ იარლიყს მოგვაკერებს, მაგრამ ჯანდაბას, ამ ჯერზე იყო და რატომაც არ ვიოცნებოთ, მაშინ ჩვენი გუნდი, ჯგუფიდან გავა და ისტორიის ახალ ფურცელს დაწერს. ფრედ თამაშის შემთხვევაში, ჩვენ გვრჩება შანსები. თუმცა, მაშინ დამოკიდებული სხვა ნაკრებების თამაშების შედეგებზე და ბოლოს ბურთების „ქეშ-ფლოუზე" (მიღებული-გაშვებული) ვიქნებით დამოკიდებული.  ამ მომენტისთვის 2-2 ქულით არიან, ხორვატია და სლოვენია.


 დღეს, თამაშები C და D ჯგუფებშია:

20:00 ნიდერლანდები - ავსტრია  (D ჯგუფი, ბერლინი)

20:00 საფრანგეთი - პოლონეთი (D ჯგუფი, დორტმუნდი)

23:00 ინგლისი - სლოვენია (C ჯგუფი, კიოლნი)

23:00 დანია - სერბეთი (C ჯგუფი, მიუნჰენი)


26 ივნისს კი, გვინდა გვჯეროდეს, ჩვენი დღეა:

20:00  სლოვაკეთი - ღუმინეთი (E ჯგუფი, ფრანკფურტი)

20:00: უკრაინა - ბელგია (E ჯგუფი, შტუტგარტი)

23:00: ჩეხეთი - თურქეთი  (F ჯგუფი, ჰამბურგი)

23:00: საქართველო - პორტუგალია (F ჯგუფი, გელზენკირხენი)



ფოტო: @UEFA