ეროვნულმა ერთი დღე დაისვენა და კვლავ შეიკრიბა
ეროვნულმა ერთი დღე დაისვენა და კვლავ შეიკრიბა
24.06.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ჩეხეთთან მატჩს შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბის გადაწვეტილებით ჩენმა გუნდმა ერთი დღე შეისვენა.. 28 მაისს ავსტრიაში დაწყებული შეკრებისა და გერმანიაში, გამართული ორი მნიშვნელოვანი სადებიუტო მატჩების შემდეგ, გუნდს ოდნავ ამოსუნთქვა სჭირდებოდა. ამიტომ, ბიჭებმა ერთი დღეს ფელბერტში მდებარე „სახლი-ბაზა" დატოვეს და დღე ოჯახებთან ერთდ გაატარეს. ამის შესახებ ჩვენც დავწერეთ. დღეს კი, გუნდი კვლავ საწვრთნელ ვარჯიშზე გავიდა და ევრო 2024-ის ბოლო ჯგუფური მატჩისთვის დაიწყო მზადება, რომელსაც პორტუგალიის წინააღმდეგ, 26 ივნისს, გელზენკირხენში გამართავს.


ამ დროისთვის, გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ყურადღების ცენტრშია გიორგი მამარდაშვილი, რომლის წყალობითაც, საქართველოს ეროვნული ნაკრები ე.წ. „სეივების" რეიტინგის ლიდერია. „მამარდა" კი, მეკარეთა ჩამონათვალს ლიდერობს.


„რთულ ჯგუფში ვართ და ორი ტურის შემდეგ ერთი ქულის მოპოვება მოვახერხეთ, თუმცა მეტიც შეგვეძლო. რთული თამაში გველის პორტუგალიასთან, რომელიც ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტია. ასი პროცენტით დავიხარჯებით, რომ მოვიგოთ და გავიდეთ ჯგუფიდან. ყოველთვის მოტივირებულები ვართ, როდესაც ჩვენი ქვეყნისთვის ვთამაშობთ. თუმცა, ორმაგი მოტივაციაა, როდესაც ასეთი დონის ტურნირზე იცავ შენი ქვეყნის ღირსებას.


დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ გულშემატკივარს. ძალიან ბევრი ჩამოვიდა გერმანიაში და ჩეხეთთან შეხვედრაშიც არ გაჩერებულან. რომ არა გულშემატკივართა მხარდაჭერა, აქამდე ვერ მოვიდოდით და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათი გულები კიდევ ერთხელ გავახაროთ", - ამბობს გიორგი მამარდაშვილი.


ვარჯიში დახურული იყო და შესაბამისად ჩვენც, სფფ-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დავეყრდენით დღევანდელ დღეს. ამ ინფორმაციით გუნდმა სრული შემადგენლობით ივარჯიშა.  საწვრთნელ პროცესში გუნდთან ერთდ ჩაერთო  ოთარ კიტეიშვილიც, რომელმაც ტრავმის გამო ჯგუფური ეტაპის ორი შეხვედრა გამოტოვა. გუნდთან ერთად ივარჯიშა ბუდუ ზივზივაძემაც, რომლის ჩეხეთთან თამაშში, „არდაყენების" გამო, სოციალურ ქსელში ლაპარაკი ბუდუს მამამაც კი დაიწყო. თუმცა, ბუდუ გუნდთან ერთად არის და პორტუგალიასთან სათამაშოდ ემზადება.


„მადლობას გადავუხდი გულშემატკივარს, რომელიც ჩამოვიდა და მხარს გვიჭერს გერმანიაში. საოცარი გარემო იყო ორივე მატჩზე, რაც დადებითად აისახა ჩვენზე. მივულოცავ პირველ ისტორიულ ქულას, რომელიც მოვიპოვეთ ჩეხეთთან შეხვედრაში. ორი განსხვავებული თამაში გვქონდა. ჩეხეთი ფიზიკურად ძლიერი გუნდი იყო და გარკვეულ ეპიზოდებში გაგვიჭირდა მეორე სართულზე ორთაბრძოლების მოგება. მიუხედავად ამისა, მაინც გვქონდა მოგების შანსი და ბედნიერები ვართ, რომ საქართველოს ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე პირველი ქულა მოვიპოვეთ. თურქეთთან, ბევრი მომენტი გვქონდა და არ გაგვიმართლა. თამაშის ხარისხი დამაკმაყოფილებელი იყო და ვფიქრობ, რომ ქართველი ხალხი ბედნიერია ამ გუნდით და უნდა იამაყოს, რომ საქართველო ღირსეულად თამაშობს ევროპის ჩემპიონატზე.


პორტუგალიასთან თამაში კიდევ ერთი ფინალია. გამარჯვების შემთხვევაში გავალთ ჯგუფიდან, ვითამაშებთ ფლეი-ოფში, რაც უდიდესი მიღწევა იქნება ქართული ფეხბურთისთვის. მოთამაშეები მზად ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველოს კიდევ ერთი დიდი სიხარული მოვუტანოთ. დანარჩენი, 26 ივნისს, მოედანზე გამოჩნდება. ვიცით, რომ პორტუგალია მაღალი კლასის გუნდი და ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტია. თუმცა, გვაქვს ამბიციები გვსურს, რომ ამ თამაშშიც წარმატებას მივაღწიოთ", - ამბობს ბუდუ ზივზივაძე.


ხვალ, პორტუგალიასთან მატჩის წინა დღეს, ჯერ ვილი სანიოლი 13:45 საათზე, ჯგუფის ბოლო თამაშის მასპინძელ სტადიონზე,  გელზენკირხენი, არენა აუფ შალკეზე აკრედიტებული მედიის კითხვებს უპასუხებს. 18:00 საათზე კი, ფელბერტის ბაზაზე, საქართველოს ეროვნული ნაკრები მატჩამდე ვარჯიშს გამართავს.

 


„ევროპის ჩემპიონატზე თამაში ყველასთვის საოცნებოა და მათ შორის ჩემთვისაც. ამაზე დიდი ბედნიერება და ემოცია არ არსებობს, როდესაც ასეთი დონის ტურნირზე გამოდიხარ შენი ქვეყნის სახელით და ჰიმნზე დგახარ. ერთ-ერთი გამორჩეული შეგრძნებაა საფეხბურთო კარიერაში.


სავსე ტრიბუნების წინ არაერთხელ გვითამაშია, თუმცა ევროპის ჩემპიონატზე განსხვავებული გარემოა და ყველა დეტალი განსაკუთრებულია. გულშემატკივრების მხარდაჭერა და ის ემოციები, რაც მათი მხრიდან მოდის, ძალიან ბევრს გმატებს", - ამბობს ზურიკო დავითაშვილი.


საქართველოს და პორტუგალიის ნაკრებების შეხვედრა 26 ივნისს, გელზენკირხენში, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. საქართველოს ნაკრები, მოგების შემთხვევაში ჯგუფიდან გადის, შესაბამისად „ტემპერატურა" ჩვენთვის ქართველებისთვის, განსაკუთრებულად მატულობს. სხვათა შორის, პირდაპირპროპორციულად ამინდთან ერთად, ვინაიდან გერმანიაში და კონკრეტულად, ჩრდილოეთი რაინ-ვესტფალიის მხარეში სიცხემ საკმაოდ დააჭირა.



სფფ-ს ფოტოები /ლაშა კუპრაშილი