23 ივნისი საერთაშორისო ოლიმპიური დღეა, რომელიც აღინიშნება 1948 წლიდან, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დაფუძნების თარიღთან დაკავშირებით. მასობრივ ღონისძიებებში, რომლებიც სოკ-ის და მისი პრეზიდენტის - თომას ბახის პატრონაჟით იმართება, მსოფლიოს 200-ზე მეტი ქვეყნის მილიონობით მოქალაქე მონაწილეობს.
საქართველოში, 1994 წლიდან, ტრადიციულად იმართება ამ დღისადმი მიძღვნილი ოლიმპიური ღონისძიებები. წლეულს, მასობრივი ოლიმპიური გარბენი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით „შიდა ქართლის სპორტული თამაშების" ფარგლებში გაიმართა გორის მუნიციპალიტეტში.
„შიდა ქართლის სპორტული თამაშები" 2022 წლიდან ტარდება და მისი მიზანია რეგიონში სპორტის პოპულარიზაცია და ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა, სპორტის მასობრიობისთვის ხელის შეწყობა და მოსახლეობის (განსაკუთრებით ახალგაზრდების) აქტიური ჩართვა სპორტულ ღონისძიებებში. თამაშებში უკვე 5000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. წლეულს, „შიდა ქართლის სპორტულ თამაშების" პროგრამაშია შეჯიბრებები მძლეოსნობაში, კალათბურთში, ფეხბურთსა და ქართულ ჭიდაობაში.
მასობრივ ოლიმპიურ გარბენში ქალთა და კაცთა კატეგორიაში გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომლებსაც საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისგან გადაეცათ შესაბამისი პრიზები, ასევე გარბენის ყველა მონაწილემ მიიღო სპეციალური მაისური და მონაწილეობის სერტიფიკატი საერთაშორსიო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის თომას ბახის და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის ლერი ხაბელოვის ხელმოწერით.
შიდა ქართლის მუნიციპალიტეტების(გორი, ქარელი, ხაშური, კასპი) სახელით ქალთა და კაცთა შორის გამარჯვებულ პირველ სამეულს გადაეცა ფულადი ჯილდოები.
ქალთა კატეგორიაში გამარჯვებულები:
1 ადგილი -ირინა ქარჩავა (1500 ლარი)
მე-2 ადგილი - ნინო ბასიაშვილი (1000 ლარი)
მე-3 ადგილი - ლილიანა ჯანაშია ( 500 ლარი)
ვაჟთა კატეგორიაში გამარჯვებულები:
1 ადგილი - დავით ხარაზიშვილი (1500 ლარი)
მე-2 ადგილი - თემურ ბაიკეევი (1000 ლარი)
მე-3 ადგილი - გიგლა ზილბერშტეინი ( 500 ლარი)
ღონისძიებაზე დაბადების 70 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ოლიმპიურ ჩემპიონი, ვახტანგ ბლაგიძე დაჯილდოვდა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სპეციალური დიპლომით და ფულადი პრემიით. აღნიშნული ჯილდო ოლიმპიურ ჩემპიონს სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა გადასცა.
ოლიმპიურ გარბენში მონაწილეობა მიიღეს ოლიმპიურმა ჩემპიონ-პრიზიორებმა, სეოკ-ის, ბაკურიანი-2025- ის და შიდა ქართლის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებმა, თანამშრომლებმა და მაცხოვრებლებმა, საქართველოში საფრანგენთის საელჩოს წარმომადგენლებმა.