ქართული გვარები ევრო 2024-ის სტატისტიკაში და რამდენიმე უცნობიანი განტოლებები, რომლებიც რამდენიმე დღეში ამოიხსნება
ქართული გვარები ევრო 2024-ის სტატისტიკაში და რამდენიმე უცნობიანი განტოლებები, რომლებიც რამდენიმე დღეში ამოიხსნება
24.06.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ამ წუთებში გერმანულ ქალაქ ვუპერტალში, რომელშიც ზუსტად 98 წუთი ბუზის გაფრენის ხმა ისმოდა, ახლა მანქანების საყვირების ხმით არის გაბრუებული. გერმანიის ნაკრებმა, მართალია, მოახერხა ორი ტურის შემდეგ ჯგუფიდან გასვლა, თუმცა, რამდენიმე წუთის წინ, გერმანელებმა A ჯგუფიც მოიგეს და პირველი ადგილით გავიდნენ, ევრო 2024-ის მომდევნო ეტაპზე.  ახლა, ისინი მეტოქეს (C2) ელოდებიან, რომლის ვინაობაც 25 ივნისს გაირკვევა.


გერმანიის გარდა, მოწინააღმდეგის მოლოდინში არიან შვეიცარია, ესპანეთი და ჩვენი ბოლო მეტოქე ჯგუფში პორტუგალია. თუ ოცნებას შევუდგებით და „ერბოს ქილა" ასე ოცნებაში წასულებს არ გაგვიტყდება (ანუ მოვუგებთ პორტუგალიას), მაშინ ჩვენ 4 ქულა გვექნება. ამასთან, თურქეთმაც აუცილებლად უნდა მოიგოს თურქებს. ამ განლაგებით პორტუგალიასთან ერთად, მომდევნო ეტაპზე თურქები და ჩვენ გავალთ. დაჯახებით კი, ან ინგლისს ანდა ესპანეთს დავეჯახებით.


აქ კიდევ, რამდენიმე დეტალია გასათვალისწინებელი, მაგალითად, ის რომ დღეს, უნგრეთს ფრედ უნდა ეთამაშა თუმცა, მოიგეს და ახლა სამი ქულა აქვთ და ჩვენ, პორტუგალიასთან ფრედ დასრულებული შეხვედრის შემთხვევაში, მომდევნო ეტაპზე გადასვლის ყველა შანსს გვიკარგავს.


ესპანეთი უკვე კიოლნში ელოდება მეტოქეს და თუ ეს მეტოქე ჩვენ ვიქნებით, მაშინ 2023 წლის ვალიადოლიდში შეჩერებული ესპანურ - ქართული დაპირისპირებები, უკვე გერმანიაში გაგრძელდება.


დღეს, საქართველოს ეროვნული ნაკრები ისვენებდა. შესაბამისად, ჰამბურგიდან დაბრუნების შემდეგ, ჩვენები, პირველად 24 ივნისს ივარჯიშებენ. ვარჯიში დახურული იქნება. მომდევნო ორი დღე, ტრადიციულად, მატჩისწინა ვარჯიშს, მედიისთვის პრეს-კონფერენციას და ბუნებრივია, შემდეგ თამაშს დაეთმობა.


სფფ-ს სანაკრებო გვერდის ცნობით, 25 ივნისს, ცენტრალური ევროპის დროით 13:45 საათზე, საქართველო - პორტუგალიის მატჩისწინა პრესკონფერენცია შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე, არენა აუფ შალკეზე გაიმართება. პრესკონფერენციის შემდეგ, 18:00 საათზე, ჩვენი გუნდის მატჩისწინა ვარჯიშს, ფელბერტის საწვრთნელ ბაზაზე ჩაატარებს. აკრედიტებული მედიისთვის ვარჯიშის პირველი 15 წუთი ღია იქნება, 17:15-დან იმუშავებს შერეული ზონა. (Mixedzone).


მანამდე კი, ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე, უეფა მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის რეიტინგებს აქვეყნებს, რომელიც ქართველებს, გათამაშების დებიუტანტებს მალამოსავით გვედება.კერძოდ, ორი ტურის შემდეგ ქართული გუნდის მონაგარი ასე გამოიყურება:






საუკეთესო მეკარე - გიორგი მამარდაშილი (პირველი ადგილი)

საუკეთესო ბომბარდირი - გიორგი მიქაუტაძე (იყოფს 1-4 აგდგილებს)

კარის მიმართულებით დარტყმები - გიორგი მიქაუტძე ( 2 გოლი, 2 ჩარჩში, 2 დაუბლოკეს - მე-17 პოზიცია)

საუკეთესო მცველი - გურამ კაშია (მე-2 ადგილი, 15 ქულა, საქართველო), ლაშა დვალი (მე-7 ადგილი 10 ქულით).


ეს, შეგახსენებთ, რომ ორი ტურის შემდეგ შედგენილი სტატისტიკაა, რომელიც ყველა თამაშის შემდეგ ახლდება.