საფრანგეთი პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიამდე უსაფრთხოების ზომებს აძლიერებს. პარიზის XXXIII ოლიმპიური თამაშებზე შესაძლო თავდასხმის მუქარის საპასუხოდ, საფრანგეთის ხელისუფლებამ ოთხწლეულის უმთავრესი ასპარეზობის გახსნის ცერემონიამდე უსაფრთხოების ზომები გააძლიერა.
საფრანგეთი ოლიმპიური თამაშებისთვის 15 მილიონი სტუმრის, ასევე 206 ქვეყნის დელეგაციის, მათ შორის 10 500 ათლეტის მისაღებად ემზადება. ოლიმპიური თამაშებისთვის უსაფრთხოების ძალების და ჯარისკაცების დასაბინავებლად მოეწყო დიდი სამხედრო ბანაკი, სადაც შეჯიბრებისას უსაფრთხოების 35 ათასზე მეტი თანამშრომელი იმუშავებს.
ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი ჟერალდ დარმანენი თამაშების მიმართ მრავალრიცხოვან მუქარას მოელის, მათ შორის ისლამური სახელმწიფოს და სხვა ისლამური დაჯგუფებების, აგრესიული ეკოაქტივისტების, რადიკალი მემარჯვენე ექსტრემისტების მხრიდან, ასევე ყურადღებას ამახვილებს რუსეთიდან წამოსულ კიბერთავდასხმებზე.
საფრანგეთის პოლიციას უკვე შეატყობინეს თამაშებთან დაკავშირებული რამდენიმე ტერორისტული საფრთხის შემცველი მუქარის შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიის უსაფრთხოებას, რომელიც ისტორიაში პირველად არა სტადიონზე, არამედ პარიზის ცენტრში, მდინარე სენაზე ჩატარდება, ეს კი დიდ სივრცეს მოიცავს და წვდომის ფართო შესაძლებლობას აძლევს ტერორისტებს. ამიტომაც იყო, რომ მდინარე სენას გასწვრივ უსაფრთხოების მიზნით, ორგანიზატორებმა მაყურებელთა რიცხვი 600 ათასიდან 300 ათასამდე შეამცირეს.
აღსანიშნავია, რომ თამაშების გახსნის საღამოს პარიზის საჰაერო სივრცე დაიხურება, ასევე დაიკეტება ბევრი მეტრო სადგური და სპორტული ობიექტების ირგვლივ არსებული გზები. მდინარე სენას გასწვრივ პარიზის სტუმრებს და მაცხოვრებლებს საკონტროლო გამშვები პუნქტების გავლა მხოლოდ QR კოდით შეეძლებათ.
ეროვნული უსაფრთხოების თანამშრომლები აქტიურად ადევნებენ თვალყურს შესაძლო ტერორისტთა სიაში შემავალ დაახლოებით 10 ათასს პირს, ასევე მათ სამიზნეშია Airbnb-ის დახმარებით ბინის იჯარით აღება.
აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დაახლოებით ორი თვის წინ თამაშების გახსნის ცერემონიის „სტად დე ფრანსეზე" შესაძლო გადატანაზე მიანიშნა. ეს იმ შემთხვევაში, თუ საფრთხის დონე მეტად სერიოზული გახდებოდა. ამასთან დაკავშირებით, საფრანგეთის ხელისუფლებამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ცერემონია პირვანდელი გეგმის შესაბამისად, სენაზე ჩატარდება.