დღეს, ფელბერტში საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, სადებიუტო ევროპის ჩემპიონატისთვის მოწყობილ ბაზაზე მორიგი ვარჯიში ჰქონდა. თუმცა, ვილი სანიოლისა და სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, IMS არენაზე მხოლოდ, 13 ფეხბურთელმა ივარჯიშა. ღია ვარჯიშზე, რომელიც ქართული მედიისთვის ღია იყო 15 წუთი, ძირითადად, იმ ფეხბურთელებმა ივარჯიშეს, რომლებსაც გუშინდელ მატჩში, თურქეთს ნაკრების წინააღმდეგ, ან ცოტა სათამაშო დრო მიეცათ, ან საერთოდ არ უთამაშიათ.
„საქართველოს ნაკრების ყოფნა ევროპის ჩემპიონატზე, პირველ რიგში არის ძალიან დიდი მონაპოვარი და მიღწევა. წარმოვადგენთ საქართველოს. დავმარცხდით, თუმცა, ამაყები ვართ, რადგან გამოვავლინეთ ხასიათი, რაც ნამდვილად გვაკლდა ბოლო 30 წლის განმავლობაში. ისეთ ნაკრებთან, თუნდაც, როგორიც იყო თურქეთი, არ იყო ხოლმე ადრე მოლოდინი, რომ ჩვენ გაგვემარჯვა, თუმცა გუშინ, მთელი საქართველო ჩვენს გამარჯვებას მოელოდა. მარცხის მიუხედავად, ეს იყო ხასიათის გამოვლენა. მთელი მსოფლიო აღნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს ამბიცია, ღირსეულად წარმოვაჩინოთ, თავი და ქვეყანა", - ამბობს გიორგი გველესიანი.
თურქეთთან ჩატარებული თამაშის განხილვა და ანალიზი ჯერ გუნდში არ გაუკეთებიათ. საქართველოს ნაკრებში თვლიან, რომ მთელი ეს ემოციური ფონი მშვიდ გუნებაზე არის გასაანალიზებელი. შესასწავლია ჩეხეთის ნაკრებიც, რომელთან თამაშიც, საქართველოს ნაკრებს უკვე 22 ივნისს, ჰამბურგში უწევს.
„წაგებული თამაშის შემდეგ, გასახდელში, განწყობა კარგი არ იქნებოდა, მაგრამ კარგია ის ფაქტი, რომ თურქეთთან აგებ 3-1-ს, თან უკმაყოფილო ხარ და თან შეგრძნება გაქვს, რომ მოსაგები გქონდა თმაში და ამდენი მომენტი შექმენი, ეს, ბედნიერების საფუძველს გაძლევს. თუმცა, გუშინ უფრო მეტი ნეგატივი იყო, ვიდრე პოზიტივი, რადგან შედეგი ყველაზე მნიშვნელოვანია ფეხბურთში და მითუმეტეს, როდესაც აგებ თამაშს. დღეს, უკვე აანალიზებ იმ ფაქტს, რომ პირველი თამაშია, დებიუტანტი ხარ, ევროპის ჩემპიონატზე ხარ", - ამბობს გიორგი ქვილითაია.
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები, კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ გუშინდელი მარცხის მიუხედავად, ისინი ევროპის ჩემპიონატზე ტურისტებად ჩამოსულები არ არიან და მათი მიზანი ჯგუფიდან გასვლაა. ამისთვის კი, ჩეხებთან აუცილებელია 3 ქულის აღება.
„ოთარ კიტეიშვილი ვარჯიშობს ინდივიდუალურად. უკეთესად არის და დიდი იმედი გვაქვს, შემდეგ თამაშში იქნება, ჩეხეთთან. ძლიერი გუნდია, თამაშობს უფრო სხვანაირად, ვიდრე თურქეთი, მოვემზადებით, როგორც ვემზადებით ყველა თამაშისთვის. წაგებული თამაშის მიუხედავად, საოცარი განწყობაა გუნდში, ყველანი ამაყები ვიყავით ამ დღით და რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შემდეგ თამაშზე ქულები ავიღოთ და ბევრად წარმატებული იყოს. საწვრთნელო სტაფი აფასებს სიტუაციას. ახლაც ჩეხეთთან, გააკეთებენ ანალიზს, როგორც ჩვენი თამაშის, ასევე ჩეხების თამაშისას და მოედანზე გავა ის, ვინც უფრო მომზადებული იქნება ამ თამაშისთვის", -ამბობს ალექსანდრე იაშვილი, სფფ-ის ვიცე პრეზიდენტი.
და ვიდრე უშუალოდ, ჩეხეთის თამაშზე „გადავერთვებით" და ეს, გამომდინარე იქიდან, მედიის წარმომადგენლებს ბიჭებთან შეხვედრა მხოლოდ, 21 ივნისს, ჰამბურგში მოგვიწევს, დავინტერესდით რა პრინციპით მოხდა თურქეთის თამაშზე სელექცია და რატომ არ იყვნენ გუნდში თურქულ ფეხბურთში ასე თუ ისე, გათვითცნობიერებული საბა ლობჟანიძე (მას არ მისცემია სათამაშო დრო) და ლევან შენგელია, ხომ არ გვყავდა გუნდში, „კიტეს" გარდა დაშავებულები. საბედნიეროდ, კიტეიშვილიც და სხვა ყველა ფეხბურთელიც ჯანმრთელადაა. ჩეხებთან მატჩი კი 3 დღეში ჰამბურგში გაიმართება.
ხვალ, მედიისთვის „დასვენების" დღეა, გუნდი კი ჩეხების მატჩამდე დახურულ ვარჯიშს გამართავს.